ელზა პაპოშვილი
19.06.2024

რა ფორმით წარდგება არჩევნებზე ოპოზიცია და მოხდება თუ არა არსებული ერთობის ფორმირება – „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის გაერთიანების სანაცვლოდ გარკვეულ პირობებზე საუბრობს. პარტია მზადაა, ერთიანი სიისა და ერთობის შემთხვევაში, პარტიული ნომერი და სიაში საკუთარი წილიც დათმოს. 

ოპოზიციის ნაწილი კი სწორედ ყოფილი მმართველი პარტიის ფაქტორის გამო, საერთო ოპოზიციური გაერთიანების შექმნისგან თავს იკავებს და დამოუკიდებელ გეგმებს აწყობს. თუმცა, ბლოკების აკრძალვისა და 5%-იანი ბარიერის პირობებშიც კი, ოპოზიციური ფლანგის ნაწილისთვის, ხელისუფლების შეცვლის გზა მაინც რამდენიმე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებაზე გადის.  

ვიხილავთ თუ არა ასევე წინასაარჩევნოდ კიდევ ერთ ოპოზიციურ გაერთიანებას და იმ პარტიების წარმომადგენელთა თანამშრომლობას, რომელებიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ მძიმე ურთიერთბრალდებებით იყვნენ დაკავებული. ეს კითხვა გიორგი გახარიას განცხადებამ გააჩინა, რომლითაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა „ლელო“, მის პარტიასთან ყველაზე ახლოს მდგომად დაასახელა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა. გახარიას „ლელოში“ უარით უპასუხეს და წარსული შეახსენეს. ხაზარაძე -ჯაფარიძის პარტია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოხატავს.

რამდენ ოპოზიციურ ერთობას ვიხილავთ არჩევნებამდე, ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა, თუმცა, მმართველი გუნდი ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციის წარუმატებლობაში დარწმუნებულია და მიმდინარე პროცესებს გარედან მართულს უწოდებს.    

პარტიების ნაწილს არ სურს იყოს იმ გაერთიანების წევრი, სადაც „ნაციონალური მოძრაობაცაა“.

„ეს კონფიგურაცია არჩევანს უზღუდავს და მძევლის მდგომარეობაში აყენებს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც რეჟიმის ცვლილება უნდათ, თუმცა ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიუღებლობა აქვთ, არ აქვს მნიშვნელობა, სწორი თუ არასწორი მიზეზით“, - ამბობს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია. 

ის საერთო სიის იდეას წარუმატებლობას უწინასწარმეტყველებს, წარმატების გასაღებს კი ამომრჩევლის უპრეცედენტოდ მაღალ აქტივობაში ხედავს.  

„ოპოზიციურ ერთობაში ნაციონალური მოძრაობა, როგორც პარტია, მინიმუმ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს“, - ამბობს ზურა ჯაფარიძე და ასახელებს არგუმენტებს იმ პარტიებისა და მოქალაქეებისთვის, რომლებიც საერთო სიას „ნაციონალური მოძრაობის“ მიუღებლობის გამო აკრიტიკებენ.

„იმ სცენარში, რომელსაც მე მხარს ვუჭერ, ნაციონალური მოძრაობა უარს ამბობს ძალაუფლებაზე, არ ექნება ხუთი ნომერი, ვერ მიიღებს კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს, დაკარგავს საარჩევნო კომისიაში წევრებს, დაკარგავს საბიუჯეტო დაფინანსებას, უფასო რეკლამას და ყველა იმ ბენეფიტს, რომელსაც პარტიები არჩევნებში მონაწილეობით იღებენ. საჯაროდ ამბობენ იმასაც, რომ არანაირი ამბიცია და პრეტენზია არ ექნებათ, მაგალითად, ძალოვანი მინისტრები ჰყავდეთ“, - ამბობს ჯაფარიძე.   

ერთიანი სიის იდეას სკეპტიკურად უყურებს პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია. ის აპირებს, საბოლოო გადაწყვეტილება საზოგადოებრივი აზრის კვლევებზე დაყრდნობით მიიღოს.

„არა საერთო სიასო - ჩვენს პარტიას არ უთქვამს, ჩვენ გამოვთქვამთ სკეპტიკურ დამოკიდებულებას, რამდენად არის ეს გამარჯვების ფორმულა. თუ ეს აღმოჩნდება ერთადერთი, უალტერნატივო და ეფექტიანი გზა ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად, ჩვენ არ ვაპირებთ ამ მიზანზე უარის თქმას, მაგრამ დღეის მდგომარეობით ეს არის მხოლოდ სპეკულაცია, რომ საერთო სია გამარჯვების ფორმულაა. ჩვენ სპეკულაციას ვერ ავყვებით. არ ვაპირებთ ყველაზე უფრო ტოქსიკური წინასაარჩევნო სიტყვის „სიის“ ტრიალს მუდმივად ეთერში“, - ამბობს ნიკა გვარამია.  

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ოპოზიციას ჯერ  ბევრი რამე აქვს  გასარკვევი. ანალიტიკოსი „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ პირველ რიგში გასარკვევია არა ის, თუ როგორ გამოიყენებენ ამ ზაფხულს, არამედ ის როგორ ჩამოყალიბდება თავად ოპოზიცია არჩევნებამდე 60 დღით ადრე, როცა რეგისტრაცია უნდა დაიწყოს. საზოგადოებას უნდა აჩვენონ რეალურად რა კომბინაციით წარსდგებიან 2024 წლის არჩევნებისთვის. 

„წესით ოპოზიცია უნდა იყოს უკვე რეგიონებში ამომრჩევლებთან შეხვედრებში ჩართული. მხოლოდ თვენახევარი აქვთ იმისთვის, რომ ბოლომდე ჩამოყალიბდნენ ვინ ვისთან უნდა იყოს. თბილისი ეს ორი თვე იცლება, ამიტომ პოლიტიკური ცენტრი მაინც რეგიონებზე გადადის. საერთო სიაზე ბევრი განცხადება გაკეთდა და ყველა მიხვდა იმას, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად გასვლა ოპოზიციისთვის იქნება დამღუპველი.

„სააკაშვილს აქვს პირადი პოლიტიკური მიზნები და მართალიც არის. ის ახლა ცდილობს ივანიშვილმა 2012 წელს რომ გააკეთა, საერთო სია, იგივე გააკეთოს. სააკაშვილს უნდა, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ მითუმეტეს მისგან დისტანცირებულმა „ახალმა“ და სხვა ნაცპარტიებმა ხმები არ წაართვას. თავად პარტიაშიც პორბლემებია. 

„გასაგებია ხაბეიშვილს რომ გაუშვებდნენ, მაგრამ ბოკუჩავა რას შეცვლის. ალბათ ჩანაფიქრი ისაა, რომ ბოკუჩავასთან უფორ არ შერცხვებათ საერთო სიაში გაწევრიანება. მე მგონია ოპოზიცია სამ ცენტრად მაინც უნდა დაიყოს. კარგი იქნება თუკი გახარია და ხაზარაძე რაღაცაზე შეთანხმდებიან. ნაციოანლებთან კი ბატონო, წავიდნენ მისი ყოფილი წევრები, აქ გასაკვირიც არაფერი იქნება. თუმცა მესამე ცენტრის შექმნა იქნება ძალიან კარგი და არჩევნებში ბევრ რამეს შეცვლის“,-ამბობს ძაბირაძე.      

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×