ნატალია ჯვარიძე
21.06.2024

უნგრეთის პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ნატო უკრაინაში სამხედრო მისიის გაგზავნას აპირებს, რაშიც უნგრეთი მონაწილეობას არ მიიღებს. რამდენად რეალურია ეს, უნდა ველოდოთ თუ არა ამ მხრივ რაიმე გადაწყვეტილებას 9-11 ივლისს ვაშინგტონში დაგეგმილ ნატოს სამიტზე და ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი ნატო-რუსეთის სამხედრო დაპირისპირებას?

„ნატოს ექნება სამხედრო მისია უკრაინაში, მაგრამ უნგრეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს", - განაცხადა ორბანმა რადიო „კოსუტთან" ინტერვიუში.

მისივე თქმით, უნგრეთი ამ იდეას არც ფინანსურად, არც ტექნიკურად ან სამხედრო პერსონალის დახმარებით მხარს არ დაუჭერს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის მიმართულებით ნატოს მნიშვნელოვან გააქტიურებაზე ირიბად სხვა წყაროც მიანიშნებს. ამჟამად ნატოში ახალი გენერალური მდივნის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს და ამ თანამდებობაზე მთავარ კანდიდატად ნიდერლანდების პრემიერი მარკ რიუტე განიხილება. გენმდივნად ასარჩევად მას ალიანსის წევრი ყველ სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება. უნგრეთი რიუტეს კანდიდატურის წინააღმდეგი იყო, თუმცა ეს პოზიცია შეიცვალა.

„ფაინენშალ თაიმსი" თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ეს რიუტენისა და ორბანის მოლაპარაკების შედეგად მოხდა. კერძოდ კი, რიუტენი ორბანს დაპირდა, რომ გენმდივნად მისი არჩევის შემთხვევაში, უნგრეთს უფლება ექნება უარი თქვას უკრაინის მხარდასაჭერ აქტივობებში მონაწილეობაზე.

საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ფიქრობს, რომ უკრაინაში ნატოს სამხედრო მისია ძირითადად იმ სამხედრო სპეციალისტებით იქნება დაკომპლექტებული, რომელიც უკრაინელებს პირადი შემადგენლობის წვრთვნისთვის სჭირდებათ.

„ნატოს მისია შეიძლება იყოს დამკვირვებლების, ინსტრუქტორების, ან სამხედრო სპეციალისტების, რომლებიც გაწვრთვნისთვის დასჭირდებათ უკრაინელებს - ტექნიკური პერსონალი, რომელიც უკრაინელ სპეციალისტებს მოამზადებს. ყველაზე დიდი ვარაუდით ეს შემიძლია გითხრათ. დიდი სამხედრო ქვედანაყოფები ნატოსგან არ იქნება.

„ნატოს მხრიდან, უდიდესი ალბათობით, საუბარია სადამკვირებლო და სამშვიდობო მისიაზე. აქედან გამომდინარე, რუსეთ-ნატოს ომი გამორიცხულია, ეს პუტინის ოცნებიდანაა. რუსეთი ამის გამკეთებელი რომ იყოს, აქამდე გააკეთებდა. ეს მისია ნატოს სახელით თუ იქნება, არსებულ პოლიტიკურ ვიტარებაში დიდი ცლილებები მოსალოდნელი არაა, რადგან ცალკეული ქვეყნები უკრაინაში დახმარებას ისედაც აგზავნიან", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

მისივე აზრით, არაა აუცილებელი სამხედრო მისიის გაგზავნის გადაწყვეტილება მაინცდამაინც 9-11 ივლისის ნატოს სამიტზე მიიღონ.

„არაა აუცილებელი სამიტი, ნატოს იმდენი შეხვედრები აქვს, რომ ნებისმიერ დროის შეიძლება მიიღონ ეს გადაწყვეტილება. ეს იმის ფონზე ხდება, როდესაც პუტინი ჩრდილოეთ კორეაში მოლაპარაკებებს აწარმოებს და არ არის გამორიცხული მათ რუსეთის მხარეს ბრძოლაში მონაწილეობა მიიღონ", - აცხადებს კაპანაძე.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი მიიჩნევს, რომ სრულიად შესაძლებელია ეს საკითხი მომავალ სამიტზე გაიარონ.

„აქ იქნება ზუსტად ისე, ნატომ თავის დროზე ერაყში სამხედრო ინსტრუქტორები რომ გააგზავნა. ეს არის სადაკვირებლო მისია, სხვას ნატო ვერ გაგზავნის.

„სავსებით შესაძლებელია 9-11 ივლისს ნატოს სამიტზე მიიღონ ამის გადაწყვეტილება. რუსეთის მხრიდან კი იქნება მკვეთრი რეაქცია, მაგრამ ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს... არ მგონია ეს დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×