"არავინ გამოსულა, ეთქვა, რომ სისტემატურად მოწესრიგდეს კომუნალური კომპანიების საქმიანობა, რაც უზარმაზარი პრობლემაა"
ქეთო გოგოხია
24.06.2024

კომუნალურ მომსახურებაში მონოპოლიური მდგომარეობის გამო მომხმარებელთა უფლებები მუდმივად ირღვევა. ადამიანებს არჩევანის საშუალება არ აქვთ და ხშირად გამოუვალი მდგომარეობის პირისპირ რჩებიან. სფეროში კონკურენცია მინიმალურ დონეზეც არ არის და ამ დროს არც კომპანიები ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მაგალითზე ერთხელ კიდევ გამოჩნდა. კვირაზე მეტი ხანია, თბილისის მოსახლეობის ნახევარზე მეტს წყალი გრაფიკით მიეწოდება, თუმცა მანამდე ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში უწყლოდ იყო დარჩენილი.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" სახელმწიფოსა და მომხმარებლების წინაშე აღებული ვალდებულება თავის დროზე ჯეროვნად რომ შეესრულებინა, დღეს ეს მოცემულობა არ უნდა დამდგარიყო. კომპანია მხოლოდ მაღალი ტარიფებით არის დაინტერესებული და საკუთარ პრივილეგირებულ მდგომარეობას ბოროტად იყენებს.

სამწუხაროდ, ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა, ფაქტობრივად, უკონკურენტო მდგომარეობაა გაზის და ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებში, კავშირგაბმულობაში და სხვა, სადაც მხოლოდ გადასახადები იზრდება და მომხმარებლების კეთილდღეობა არ უმჯობესდება. 

გაუგებარია სახელმწიფოს დამოკიდებულებაც კომუნალური კომპანიების მიმართ, რადგან მკაცრი რეაგირება არ ხდება. კონკრეტულ შემთხვევაში, "ჯივიპი" მთელი ამ დღეების განმავლობაში თავის მართლების რეჟიმში იყო გადასული იმის ნაცვლად, რომ შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობისთვის ბოდიში მაინც მოეხადა.

ცხადია, ხალხს რომ ალტერნატიული მიწოდების საშუალება ჰქონდეს, ასე არ მოხდებოდა. როგორც ბიზნესის სფეროს იურისტმა აკაკი ჩარგეიშვილმა აღნიშნა, სექტორში ბუნებრივი მონოპოლია და განუკითხაობაა, ასეთ პირობებში კი  მომხმარებლების უფლებები უხეშად ირღვევა. ამიტომ  კონკურენცია უნდა იყოს შექმნილი კომუნალური მომსახურების სფეროშიც, რომ ადამიანებს პროვაიდერების არჩევა შეეძლოთ.

,,წყლის გამანაწილებელი კომპანია მონოპოლიურია, ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა, რაც კანონით, კონკურენციის პირობებს არ არღვევს, მაგრამ მომხმარებლების უფლებები იგნორირებულია. წყლის მომწოდებლის ალტერნატიული წყარო არ გვაქვს.  ენერგეტიკის შემთხვევაში ცოტა განსხვავებული ვითარებაა, გვაქვს ჰესი და იქიდან გამომუშავებულ ელექტროენერგიას ვიღებთ ქსელებში. 

წყლის კომპანიებს რაც შეეხება,  საბჭოთა  კავშირის პერიოდში დაგეგმილი ურთიერთობები და მიდგომა დარჩა, სისტემის დეცენტრალიზაციაზე არავინ იფიქრა. გვინდა თუ არა, კანონისმიერი მონოპოლიის პირობებში ვართ. დეცენტრალიზაციაზე თუ ვიფიქრებთ, ამას თავისი შესაბამისი პოლიტიკა სჭირდება. წყლის სეგმენტში ასეთ ცვლილებაზე არც ერთ ხელისუფლებას არ უზრუნია. ენერგეტიკაში  ამ მხრივ ბევრად წინ ვართ, თანაც ენერგეტიკული ქარტია არსებობს. გაზთან მიმართებითავ  დაიწყო ძვრები, მაგრამ ვერ განხორციელდა. არავინ ფიქრობს თავიდან ბოლომდე გადაწყვიტოს საკითხი, როგორ უნდა იმართებოდეს სისტემა, რომ მოსახლეობისთვის მისაღები იყოს. ასე იყო წინა ხელისუფლების დროს და ახლაც. რეალურად ეს არის მთავარი პრობლემა", - განუცხადა აკაკი ჩარგეიშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს".

იურისტის შეფასებით, წყლის მიწოდების კუთხით არსებულ ვითარება განუკითხაობა და სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია მკაცრი ზომების მიღება, რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს და მოსახლეობის ინტერესების დაცული იყოს.

,,პრობლემაა, რომ საქმე გვაქვს მემკვიდრეობით მიღებულ სტრუქტურასთან, რომელიც მოწყობილი იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში, ამის შემდეგ ახალი არ ყოფილა, ამ კომპანიებთან მიმართებაში შეიძლება  სერვისების დეცენტრალიზაცია, მაგრამ ერთიანი დოკუმენტი, რომლითაც  გამართული მუშაობა იქნებოდა სავალდებულო, არ ჩანს. ვთქვათ, 20-30 წლის შემდეგ სისტემა როგორ უნდა ვითარდებოდეს, ქალაქდაგეგმარება იცვლება, მატულობს მოსახლეობის რაოდენობა და მექანიზმებიც უნდა შეიცვალოს, მაგრამ ამ კუთხით  პოლიტიკა არ არსებობს. ცხადია, რაც  დღეს ხდება, განუკითხაობის ნაწილია. ერთიანი მიდგომა რომ  ყოფილიყო, მოსახლეობა ამ დღეში არ ჩავარდებოდა. კომპანიისთვის მთავარია, წყლის მიწოდება უზრუნველყოს, მაგრამ როგორი უნდა იყოს მიწოდება, არად დაგიდევდეს. სადინარზე გაჩნდა პრობლემა და მთელი სისტემა მოიშალა, ცივილიზებულ ქვეყანაში ასე არ ხდება. 

რამდენადაც ვიცი, შსს-მ  საქმის გამოძიება დაიწყო ამ კონკრეტულ მიმართულებაში.  ის კი არ არის გამოსავალი, რომ ვინმე გამოავლინო და დაიჭირო, სისტემა უნდა შეიცვალოს. არავინ გამოსულა, ეთქვა, რომ სისტემატურად მოწესრიგდეს კომუნალური კომპანიების საქმიანობა, რაც უზარმაზარი პრობლემაა, ესაა მთელი ამბავი", - აღნიშნა აკაკი ჩარგეიშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

სექტორში არსებულ ვითარებს კრიტიკულად მიიჩნევენ ეკონომისტებიც, რომელთა შეფასებითაც, წყალმომარაგების სეგმენტში არსებული მდგომარეობა კატასტროფულია.  ასეთ ფონზე მკაცრ რეაგირებას ითხოვს ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი, რომლის შეფასებითაც, კონკრეტული შემთხვევის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი და რეაგირებაც უმკაცრესი უნდა იყოს და უპასუხისმგებლო კომპანია სათანადოდ დაისაჯოს.

,,ვერაფერს ვხდებით, რადგან დარგში ბუნებრივი მონოპოლიაა და ძალიან რთულია, პასუხი ვინმეს მოვთხოვოთ. ისე არ ხდება, რომ რომელიმე სხვა კომპანიამ გადათხაროს  თბილისი და წყალგაყვანილობა ცვალოს. ეს ვალდებულება ,,ჯივიპიმ" აიღო საკუთარ თავზე, მაგრამ არ შეასრულა. ამიტომ აუცილებელია, მკაცრი ზედამხედველობა ხორციელდებოდეს, ამისთვის არსებობს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია, კავშირგაბმულობის მარეგულირებელი კომპანიები, რომლებიც შექმნის დღიდან საკუთარ მოვალეობებს თავს ვერ ართმევენ და არ ასრულებენ. შესაბამისად, როცა მომხდარ ამბებზე, ასეთ შედეგებზე არავინ ისჯება, განუკითხაობას ზღვარი არ აქვს. 

სანქციები არ არის გამოსავალი, კომპანია გადაიხდის ჯარიმას და ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდება, კონტროლი და რეაგირებაც უნდა იყოს მკაცრი. კომუნალურ კომპანიებს დაზიანების პრევენცია უნდა დაევალოთ. ყველა იმით არის დაინტერესებული, რომ  მინიმალური დანახარჯით მიიღოს მაქსიმალური მოგება.  სახელმწიფომ ამ დროს, ელემენტარულად, თითი დაუქნიოს და უთხრას, რომ ასე არ შეიძლება", - განაცხადა მერაბ ჯანიაშვილმა

პრობლემა მხოლოდ წყალმომარაგებაში არ არის და ანალოგიური ვითარებაა როგორც კომუნალური მომსახურებით თითქმის ყველა დარგში, ასევე მსხვილ ბიზნესშიც, მათ შორის, ნავთობპროდუქტების ბაზარზე.

,,სხვადასხვა სეგმენტში - ნავთობპროდუქტების ბაზარი თუ კავშირგაბმულობა, კომუნალური კომპანიები და სხვა,  უამრავი შემთხვევაა, როცა ბიზნესმენები საკუთარ მდგომარეობას ბოროტად იყენებენ. სახელმწიფოს ჩარევა და ზომების გამკაცრება გამოსავალია, მაგრამ ბოლო 20-30 წელია ყველაფერი მსხვილი ბიზნესების ინეტერესებზე მორგებული. შესაბამისად, მოსახლეობა ზარალდება. გამოდის, რომ ამ კომპანიებს თავისუფლად შეუძლიათ გათიშონ წყალმომარაგება, ელექტროენერგია, ინტერნეტი თუ  ტელევიზია და არავინ არის პასუხისმგებელი, რაც კონკრეტულ შემთხვევაშიც გამოჩნდა. 

ქალაქი უწყლოდ რჩება რამდენიმე დღის განმავლობაში  და ამ დროს სახელმწიფო სტრუქტურები ფიქრობენ, როგორმე გაამართლონ, წარმოუდგენელია ასეთი მიდგომა! წყლის მილები დაზიანდა იმიტომ, რომ თავის დროზე უხარისხოდ შესრულდა  სამუშაო, არ შეიძლება ასე სისტემატურად ზიანდებოდეს გაყვანილობა, ინვესტირება არ ხდება, როგორც საჭიროა, რის ვალდებულებაც აქვს კომპანიას, სრული განუკითხაობაა", - უთხრა ანალიტიკოსმა ,,ბიზნეს-რეზონანსს".

კვირაზე მეტია, თბილისის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი გრაფიკით ან საერთოდ არ მიეწოდება. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ 2017 წელს სახელმწიფო, 7,885 კვ.მ მიწის ნაკვეთი ფიზიკურ პირს იჯარის უფლებით გადასცა, ხოლო ხელშეკრულებაში მკაცრად არ განსაზღვრა ტერიტორიით სარგებლობის წესები.

შედეგად, წლების განმავლობაში დაგროვილმა ნაყარმა მასალამ არაგვის ხეობაში დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი წარმოქმნა, რამაც მაგისტრალური მილი დააზიანა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×