თამარ ოყუჯავა
24.11.2026

ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტის პროექტი წარუდგინა, რომლის ერთ-ერთი საკვანძო პუნქტი საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას ითვალისწინებს. საერთაშორისო და ქართული მედიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ წევრი სახელმწიფოები ამ წინადადებას 2027 წლის 25 იანვრამდე დაამტკიცებენ, ქარხანასთან დაკავშირებულ ტრანზაქციებსა და საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვები სრულად გაუქმდება.

„ევროკავშირის სანქციების საფრთხეს საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უპასუხა ნავთობის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციითა და რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებით. ამჟამად ქარხანა ნავთობს რუსეთის ნაცვლად ლიბიიდან იღებს. სწორედ ამის საფუძველზე ევროკომისიამ წამოაყენა წინადადება, რომ წევრმა ქვეყნებმა ყულევის ქარხანა სანქცირებული სუბიექტების სიიდან ამოიღონ", - უთხრა უკრაინულ „კიევ ინდეპენდენტს" ანონიმურმა წყარომ.

ევროკომისიის გადაწყვეტილებამ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ურთიერთგამომრიცხავი ინტერპრეტაციები გამოიწვია. მმართველი გუნდი და საპარლამენტო უმრავლესობა პროცესს თავდაპირველი გადაწყვეტილების უსაფუძვლობის დადასტურებად და საკუთარი დიპლომატიური მუშაობის შედეგად აფასებს.

„გახსოვთ, ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობდით. მაშინაც გამოდიოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათი მედიასაშუალებები და სიხარულით საუბრობდნენ, რომ ყულევი სანქციების სიაში ხვდებოდა. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ფაქტებს არ ეფუძნებოდა, ტყუილზე დაფუძნებული იყო, რაც საბოლოო ჯამში დასტურდება იმით, რომ გადაწყვეტილება იცვლება. სრულიად ლოგიკურია ამ ობიექტის სასანქციო სიიდან ამოღება, ამას მხოლოდ მივესალმებით", - აღნიშნა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, სანქციების თემა განუხილველი საკითხების სიაში ინაცვლებს.

„როგორც ჩვენ ვამტკიცებდით, არც თავიდან და არც ახლა, არც ყულევი, არც ერთი ქართული სტრუქტურა, მით უმეტეს ხელისუფლება, არ იმსახურებს არანაირ სანქციას იმ მოტივით, რომ თითქოსდა ხელს უწყობს სანქციების საწინააღმდეგო მოქმედებას. ეს არაერთხელ დადასტურდა... რეალობა განსხვავებულია იმისაგან, რასაც გვთავაზობს თუნდაც ევროპარლამენტი ან ნებისმიერი სხვა ფორმატი, სადაც პოლიტიკოსებს აქვთ ტრიბუნა ხელში ჩაგდებული. საქართველოში არსებული მდგომარეობის, ყულევის მდგომარეობის საექსპერტო შეფასება აბსოლუტურად განსხვავდება იმისაგან, რასაც, მაგალითად, კაია კალასი და მარტა კოსი ამბობენ. ეს არის ამ თემის საგანგებოდ მნიშვნელოვანი ასპექტი", - აღნიშნა ვოლსკიმ.

განსხვავებულია ოპოზიციური სპექტრის ხედვა. ისინი მიიჩნევენ, რომ ქარხნის მიერ რუსული ნავთობის ჩანაცვლება არა ხელისუფლების პრევენციული პოლიტიკის, არამედ სწორედ ევროპული სანქციებისა და საზოგადოებრივი წნეხის შედეგია.

„ლელოს" წევრმა გრიგოლ გეგელიამაც ყულევის ქარხნის რუსული ნედლეულისგან ჩახსნა დადებით მოვლენად შეაფასა, თუმცა პრემიერი არათანმიმდევრულობაში დაადანაშაულა.

„ჩვენ ვხედავთ ირაკლი კობახიძის კიდევ ერთ სამარცხვინო ტყუილს, როდესაც ამბობს, რომ თურმე ამ ტერმინალის პოტენციური დასანქცირების არავითარი საფუძველი არ ყოფილა. მინდა შევახსენო ამავე ტერმინალის ლიდერების და მესვეურების მიერ გაკეთებული განცხადება პირველ აპრილს, როდესაც მათ თქვეს, რომ დიახ, პრობლემები არსებობდა და ითხოვეს ექვსთვიანი ვადა შემოდგომამდე, რომ გამოესწორებინათ ეს პრობლემები. მიხარია, რომ ყულევი არ იქნება გამოყენებული, როგორც რუსეთის ომის ეკონომიკის ნაწილი, ეს არის კარგი და კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ საქართველოს ჰყავს ცრუპენტელა პრემიერი."

საკითხს ამავე კონტექსტში განიხილავს რომან გოცირიძეც. ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღება პოზიტიური ფაქტია, თუმცა რუსული ნავთობის ჩანაცვლების მთავარ ფაქტორად იგი საზოგადოებრივ კონტროლს ასახელებს: „ის, რომ ქარხანა სანქცირებულ რუსულ ნავთობს ჩაეხსნა, საზოგადოებისა და პირველ რიგში, თავისუფალი მედიის დამსახურებაა".

ევროკავშირმა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში 2026 წლის 23 ივლისს შეიყვანა იმ მოტივით, რომ საწარმო ახორციელებდა რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას, გადამუშავებასა და შემდგომ რეალიზაციას, რითაც ხელს უწყობდა რუსეთის ენერგეტიკული სექტორის შემოსავლების გენერირებას.

„როგორც იცით, მიმდინარეობს დისკუსიები გადამამუშავებელი ქარხნის მფლობელებთან, რომლებმაც აიღეს ვალდებულება, რომ მოახდენენ დივერსიფიკაციას და უარს იტყვიან რუსულ ნავთობზე. ჩვენ გვსურს, რომ ეს ვალდებულებები შესრულდეს. სწორედ ამიტომ, დავუშვით 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს. თუ კომისია მიიჩნევს, რომ ეს ვალდებულებები შესრულდა, ყულევი აღარ იქნება სიაში", - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა შიბონ მაკგარიმ სანქციების 21-ე პაკეტზე საუბრისას.

  • ევროკომისიის პრესსპიკერი: „დავუშვით 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს. თუ კომისია მიიჩნევს, რომ ეს ვალდებულებები შესრულდა, ყულევი აღარ იქნება სიაში".

თავის მხრივ, ქარხნის ოპერატორი კომპანია „ბლექ სი პეტროლეუმის" ცნობით, საწარმომ 2026 წლის 23 აგვისტოდან სრულად შეწყვიტა რუსული ნედლეულის მიღება, გადავიდა არარუსული ნავთობის გადამუშავებაზე და შესაბამისი მტკიცებულებები ევროკომისიას მიაწოდა, რაც სანქციების მოხსნის ინიციატივის საფუძველი გახდა.

საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ევროკომისიის წინადადებას ევროკავშირის საბჭოს ფორმატში წევრი სახელმწიფოების ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდება. სანქციების 22-ე პაკეტის დამტკიცების პროცესი ევროკავშირის ინსტიტუტებში უახლოეს კვირებში გაგრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×