თამთა ჩაჩანიძე
23.11.2026

ახლად დაფუძნებული "მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის" არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, რასაც ბოიკოტის მომხრე ოპოზიციურ ფლანგზე მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მათი შეფასებით, არჩევნებში მონაწილეობა ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი იქნება და "ქართული ოცნების" წისქვილზე დაასხამს წყალს.

მიუხედავად ამისა, ახალი პარტია მიიჩნევს, რომ ბოიკოტისა და პოლიტიკური ბრძოლისგან უკან დახევის სტრატეგიამ შედეგი ვერ გამოიღო და ხელისუფლება კიდევ უფრო გააძლიერა.

"მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის" აცხადებს, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით იმდენი ადამიანის მობილიზებას შეეცდება, რომ მმართველ პარტიას არჩევნებში ზიანი მიაყენოს და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობა შეუზღუდოს.

პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას საერთო კრება მიიღებს. ამასთან, ლორთქიფანიძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ ახალი პარტიაც აკრძალვის საფრთხის წინაშე დააყენოს.

სად წავა სარჩელში შეყვანილი პარტიების ელექტორატი, თუ პარტიები აკრძალეს

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების მთავარი პრობლემა ის არის, რომ ამომრჩეველს ხელისუფლების შეცვლის გარდა კონკრეტულ სოციალურ და პოლიტიკურ შეთავაზებებს ვერ სთავაზობენ.

მისი თქმით, ახალი მემარცხენე პარტიისთვის ივანიშვილის დამარცხების მთავარ მიზნად გამოცხადება არასწორი პოლიტიკური გზავნილია, რადგან მას გაცილებით მეტი სათქმელი უნდა ჰქონდეს საზოგადოებისთვის.

  • რამაზ საყვარელიძე: "უამრავი სოციალური საკითხი არსებობს ქვეყანაში და მიდი იმაზე გააკეთე აქცენტი და არჩევნებისთვის ხმები მოიპოვე, რაღა ხელისუფლების გადაგდება გახადე მთავარი?!"

საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ აკრძალული ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველთა ნაწილმა არჩევნებში მონაწილეობაზე საერთოდ უარი თქვას.

"არ მგონია, რომ ეგ ამომრჩეველი იყოს ამათი ამომრჩეველი. ამ ახალ პარტიას მკაფიოდ აგებული მემარცხენე ხაზი აქვს. ერთადერთი ღიმილს იწვევს ის, რომ ისინი პირველ ადგილას აცხადებენ, რომ მათი მიზანი ივანიშვილის დამარცხებაა - ეს უკვე მარცხიანი განაცხადია, მითუმეტეს, მემარცხენე პარტიისთვის, იმიტომ, რომ მემარცხენე პარტიას ხალხისთვის უამრავი რამ აქვს სათქმელი და შესათავაზებელი.

"საუბრები მხოლოდ ხელისუფლების შეცვლაზე, ღიმილის მომღვრელია, ამას ვერ უწევენ ხოლმე ანგარიშს ჩვენი ოპოზიციური პარტიები, მათი ძირითადი შეთავაზება არის ხელისუფლების გადაგდება და არ აგდებს ეს მოსახლეობა ამ ხელისუფლებას. უამრავი სოციალური საკითხი არსებობს ქვეყანაში და მიდი იმაზე გააკეთე აქცენტი და არჩევნებისთვის ხმები მოიპოვე, რაღა ხელისუფლების გადაგდება გახადე მთავარი?!"-განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ საბოლოოდ ის პარტიები სრულიად, ან ნაწილობრივ აკრძალა, რაც "ოცნების" სარჩელშია, მაშინ სად წავა ეს ელექტორატი, სად გადანაწილდება, თუ საერთოდაც არავის არ მისცემს ხმას და სახლში დარჩება, რამაზ საყვარელიძემ გვითხრა, რომ ეს ვარიანტიც არაა გამორიცხული, სახლში დარჩეს.

"ეგ ვარიანტიც არსებობს, რა თქმა უნდა. უცხოეთზე რომ გვიკავია თვალი, ევროპის წამყვან ქვეყნებში, რაღაც პროცენტს თუ გადასცდა არჩევნებზე ელექტორატის დასწრება, მიაჩნიათ, რომ დიდი აქტივობა იყო, დანარჩენები სახლში სხედან.

"ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მთავარი არის არა ის, რასაც ამბობენ პარტიები, არამედ როგორ ამბობენ, აგრესიულები არიან თუ არა და ა.შ. „ნაციონალური მოძრაობის" ტრადიცია მაინც უფრო აგრესიული სტილი იყო და მათი ამომრჩევლები შეიძლება უფრო იმათზე გადალაგდნენ, ვისაც უფრო აგრესიული სტილი ექნება",- განაცხადა საყვარელიძემ.

  • ნიკა ჩიტაძე: "თუ ეს ხუთი პარტია აკრძალეს, ნაწილი ალბათ მსგავს პარტიებს მისცემს ხმას, ნაწილი სახლში დარჩება"

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ პარტიები აკრძალეს, მათი ამომრჩევლის ნაწილი სახლში დარჩება, ნაწილი კი ოპოზიციურ პარტიებს მისცემს ხმას.

"ღმერთმა არ ქნას და თუ ეს ხუთი პარტია აკრძალეს, ნაწილი ალბათ მსგავს პარტიებს მისცემს ხმას. ამომრჩეველი კოგნიტიური დისონანსის წინაშე აღმოჩნდება, ერთის მხრივ ბევრი იფიქრებს, რომ რატომ უნდა წავიდე არჩევნებში, იმიტომ, რომ ამ არჩევნებს არალეგიტიმური ხელისუფლება ატარებსო და სახლში დარჩება. რაღაცა ნაწილი იტყვის, რომ დემონსტრაციებზე სიარულის იქით არაფერი არ გამოდის, ხელისუფლებას ასე ვერ ჩამოვიშორებთ და სჯობს მაინც არჩევნებზე მივიდეთო.

"თუმცაღა მაინც ძალიან რთულია იმის თქმა, რამდენი პროცენტი დარჩება სახლში და რამდენი წავა არჩევნებზე",- განაცხადა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ მისი აზრით "მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის" ფაქტიურად ენმ-ს ახალგაზრდული ფრთაა.

"ამ ახალ პარტიაში ისეთი სახეებია შეკრებილი, რომლებიც უკვე არიან შეკრებილები სხვა პარტიებში. ჩემი აზრით, ეს არის "ლიბერასტული" მოძრაობა ნომერი ორი. ეს იგივე განაყოფია "ნაციონალური მოძრაობისა", რომელიც არის შედარებით ახალგაზრდული ფრთა, რომელთა იდეოლოგიას არავითარი სხვაობა არა აქვს ნაციონალურ მოძრაობის" იდეოლოგიიისგან. უბრალოდ სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა აქვთ დარქმეული.

"ახლა ლევან ლორთქიფანიძეზე ვერ ვიტყვი, მაგრამ, დანარჩენები ვინც არიან, არიან "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" ძველი სახეები. თუმცა, ლევან ლორთქიფანიძეზეც შეიძლება ითქვას - ამ კაცმა იმ იდეალებს, რომელიც 2012 წელს ჰქონდა და რომელიც უპირველეს ყოვლისა ეროვნულობით გამოირჩეოდა, გადაუხვია და გადავიდა იმ გზაზე, რომელსაც სამწუხაროდ გადაგვარებული ლიბერალიზმი ჰქვია",- განაცხადა გვენეტაძემ.

შეიყვანენ თუ არა ახალ პარტიებს "შავ სიაში"

რამაზ საყვარელიძე გვეუბნება, რომ ეს განცხადება, რომ შესაძლოა ახალი პარტიებიც შეიყვანონ "შავ სიაში", უფრო მხარდამჭერების მოისაზიდად არის გაკეთებული.

"მე უფრო მეჩვენება, რომ მხარდამჭერების მოსაზიდად არის ეგ ფრაზა ნათქვამი. იმიტომ, რომ რეალურად ყველასთვის მეტ-ნაკლებად დანაშაულთანაა დაკავშირებით სასამართლო დევნა. ზოგის დანაშაული დიდია, ზოგის მცირე. ისე ყველა პარტიას აქვს ერთი საერთო, ისინი დადიოდნენ უცხოეთში ქართული ხელისუფლების შეცვლის მხარდასაჭერად.

"ანუ, ღალატის ელემენტი ყველგან იყო და ახლა, თუ ამ ელემენტს აითვისებს ეს პარტია და უცხოეთში ირბენს მხარი დაგვიჭირეთო, იგივე სტილი იქნება, რაც დღევანდელ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ, შეიძლება დადგეს ეგ საკითხი. პარტიების შულავერის მოდელი არის დღეს ფაქტიურად კონსტიტუციურ სასამართლოში მსჯელობის საგანი. აი, შულავერის ამბავს გაიზიარებს ნებისმიერი სხვა პარტია, იქაც დადგება იგივე საკითხი",- ამბობს საყვარელიძე.

ნიკა ჩიტაძე გვეუბნება, რომ არაა გამორიცხული აღნიშნული პარტიაც შავ სიაში მოაქციონ, მაგრამ ახალი პარტიები "ოცნებას" ისეთ საფრთხეს აღარ შეუქმნის, რაც 2024 წლის არჩევნებზე ოპოზიციურმა პარტიებმა შეუქმნეს.

"არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ, მე მგონი, "ქართულმა ოცნებამ" საფრთხე 2024 წლის არჩევნებზე იგრძნო, როცა ოთხი ბარიერგადალახული პარტიის აქტიურობას შეხედა. ახლა ექნებათ იმის იმედი, რომ მათი გაუქმებით, ელექტორატის ნაწილი არჩევნებზე არ მივა და ეს უკვე ისეთ საფრთხეს აღარ შეუქმნის",- აღნიშნა ჩიტაძემ.

  • ედიშერ გვენეტაძე: "ვის დარჩენიათ ესენი და ვინ არიან, ვის რაში სჭირდება მაგათი შავ სიაში შეყვანა"

ედიშერ გვენეტაძეს მიაჩნია, რომ აღნიშნულ პარტიას "შავ სიაში" არავინ მოაქცევს, რადგან ხალხის მხარდაჭერაც კი არ აქვთ.

"ვის დარჩენიათ ესენი და ვინ არიან, ვის რაში სჭირდება მაგათი შავ სიაში შეყვანა. ეხლა ეს უნდათ პოპულიზმისთვის და ვითომ რეიტინგის აწევისათვის, თორემ რას წარმოადგენენ? დარწმუნებული ვარ, რომ მანდ ისეთი ხალხია შეკრებილი, ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწევენ.

"ესენი იგივე იდეოლოგიის გამოხატველები არიან, რომლებიც ახლა რუსთაველზე დარბიან. ყოველ შემთხვევაში, ჩემი გადასახედიდან ასე ჩანს",- განაცხადა გვენეტაძემ.

რას აცხადებს ლევან ლორთქიფანიძე

"ჩვენ გვინდა არჩევნებში მონაწილეობა და ვმუშაობთ, რომ შევძლოთ იმდენი ადამიანის მობილიზება, რომ „ქართული ოცნება" დავაზარალოთ", - განაცხადა „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ლორთქიფანიძემ "პალიტრანიუსთან". ლორთქიფანიძის თქმით, „არცერთმა ბოიკოტმა, არცერთმა უკან დახევამ" არ გაამართლა და კიდევ უფრო მეტად ძლიერი გახადა "ქართული ოცნება".

"ჩვენ ღიად და საჯაროდ ვამბობთ, რომ გვინდა არჩევნებში მონაწილეობა, ოღონდ ეს არჩევნებში მონაწილეობა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და ჩვენთვის ამ ფაქტორებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რამდენად მოვახერხებთ ჩვენ ადამიანების მობილიზებას ჩვენი თემებით.

"მოვახერხებთ მობილიზებას? არჩევნებში მონაწილეობით ექნება შანსი ჩვენს პარტიას, დააზიანოს „ქართული ოცნება" და წაართვას საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც დღეს ძალიან სჭირდებათ? მაშინ იმსჯელებს ჩვენი საერთო კრება. ეს გამოგვარჩევს ჩვენ, რომ მე არ ვიღებ გადაწყვეტილებას, საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას.

"თუ აღმოჩნდა, რომ გვაქვს ისეთი ვითარება, როგორიცაა ვთქვათ ყაზახეთში, სადაც არჩევნებში მონაწილეობენ მარტო ისეთ პარტიები, რომლებიც ხელისუფლების მიერ არის შექმნილი და სხვებმა შეიძლება მხოლოდ ანტურაჟის როლი შეასრულონ, ვერც ბარიერი გადალახონ, ვერც დაფინანსება მოიპოვონ, მაშინ საერთო კრებაში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"ჩვენ გვინდა არჩევნებში მონაწილეობა და ვმუშაობთ, რომ შევძლოთ იმდენი ადამიანის მობილიზება, რომ "ქართული ოცნება" დავაზარალოთ. თუ ამ თამასას დავაკმაყოფილებთ, რატომ არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, როცა არცერთმა ბოიკოტმა, არცერთმა უკან დახევამ არ გაამართლა ამ ქვეყანაში და კიდევ უფრო მეტად ძლიერი გახადა "ქართული ოცნება", - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

ლევან ლორთქიფანიძის თქმით, არ გამორიცხავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მომავალში პარტია "სოციალ-დემოკრატებიც" ასაკრძალი პარტიების სიაში შეიყვანოს.

"ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვქონდა და იმის მიხედვით დავაარსეთ პარტია, შეიძლება არავინ არ დაგვარეგისტრიროს, შეიძლება რაღაც პროცედურები ბოლომდე ვერ გავიაროთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა კრიტერიუმი ვერ დავაკმაყოფილეთ, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ ერთმანეთს ვუთხარით, ვართ ერთად და ვიმოქმედებთ კოლექტიურად.

"მთავრობისგან ჩვენ ყველაფერს მოველით, შეიძლება ჩვენც შეგვიყვანონ რაღაც შავ სიაში და თქვან, რომ ეგენი რომ მოძლიერდებიან, მერე მაგათაც ავკრძალავთ. ჩვენც გვგონია, რომ ამ ჯგუფში შეიძლება განვითესოთ", - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×