თამარ ოყუჯავა
23.11.2026

სომხეთის მთავრობამ ახალი კონსტიტუციის პროექტი გამოაქვეყნა. პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საზოგადოებას მიმართავს და საკუთარი პოლიტიკური მომავლის ფასად ქვეყანას აზერბაიჯანთან შეუქცევადი მშვიდობის დამყარებას ჰპირდება, თუმცა, ოპოზიცია ინიციატივას ბაქოს მოთხოვნების შესრულებად აფასებს.

სომხეთის მთავრობამ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე ქვეყნის ახალი კონსტიტუციის პროექტი ოფიციალურად გამოაქვეყნა. დოკუმენტის გასაჯაროებასთან ერთად ნიკოლ ფაშინიანმა საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართა და განაცხადა, რომ ამ პროცესში საკუთარ პოლიტიკურ ნდობასა და მორალურ ავტორიტეტს დებს სასწორზე.

„სომხეთის რესპუბლიკის ძვირფასო მოქალაქეებო, მოხარული ვარ, წარმოგიდგინოთ სომხეთის რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის პროექტი სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ვებგვერდის მეშვეობით. ვებგვერდი შეიქმნა იმისათვის, რომ თითოეულ მოქალაქეს მაქსიმალურად მოსახერხებლად შეეძლოს ახალი კონსტიტუციის პროექტის გაცნობა და წინადადებების წარდგენა. ეს თქვენი კონსტიტუციაა", - განაცხადა ფაშინიანმა.

საზოგადოებისადმი მიმართვისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ახალი კონსტიტუციის მიღება პირდაპირ დაუკავშირა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას. მისი თქმით, უზენაესი კანონის განახლება ქვეყანას ისტორიულ და უპრეცედენტო შესაძლებლობას მისცემს, ჰქონდეს არა მხოლოდ მშვიდობა, არამედ რეალური დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა.

„ამ საკითხზე სასწორზე ვდებ მთელ ჩემს პოლიტიკურ, ადამიანურ და მორალურ რეპუტაციას და ვაცხადებ: ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ ჩვენ არა მხოლოდ ხელს მოვაწერთ და მოვახდენთ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების რატიფიცირებას, არამედ დავამყარებთ ინსტიტუციურ, ხანგრძლივ და შეუქცევად მშვიდობას.

ეს უპრეცედენტო და ისტორიული ვითარებაა არა მხოლოდ იმიტომ, რომ გვექნება ინსტიტუციური მშვიდობა, არამედ იმიტომაც, რომ გვექნება როგორც მშვიდობა, ისე დამოუკიდებლობა; როგორც მშვიდობა, ისე სახელმწიფოებრიობა", - აღნიშნა ფაშინიანმა.

გარდა ამისა, ფაშინიანმა ოპოზიციას ერთგვარი პოლიტიკური გარიგებაც შესთავაზა: თუ რეფერენდუმზე მოქალაქეები ახალ კონსტიტუციას მხარს არ დაუჭერენ, ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგება, ხოლო თუ პროექტი დამტკიცდება, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია მას პრემიერობის კანდიდატად აღარ წარადგენს.

ბაქოს პოზიცია და სომხური ოპოზიციის კრიტიკა

გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ამოღებულია მითითება 1990 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე. სწორედ ეს იყო ოფიციალური ბაქოს მთავარი წინაპირობა სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოსაწერად.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ჯერ კიდევ აგვისტოში მკაფიოდ განაცხადა, რომ ბაქოს პოზიცია უცვლელია.

„სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პოზიცია უცვლელი რჩება. ეს (დოკუმენტის ხელმოწერა) შესაძლებელია, თუ სომხეთის კონსტიტუციიდან აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებს ამოიღებენ", - აღნიშნა ბაირამოვმა.

ერევანში კი მთავრობის ინიციატივას ოპოზიციური სპექტრისა და ექსპერტების ნაწილის მწვავე პროტესტი მოჰყვა. ოპოზიცია ფაშინიანს ქვეყნის უზენაესი კანონის გარე ძალების კარნახით გადაწერაში ადანაშაულებს.

პარტია „ძლიერი სომხეთის" წევრმა და კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა გოჰარ მელოიანმა წარმოდგენილ დოკუმენტს „ალიევის კონსტიტუცია" უწოდა და განაცხადა, რომ ის აზერბაიჯანისა და თურქეთის მოთხოვნებს ასახავს.

„შეთანხმებაზე უარის თქმით ჩვენ თავს ვარიდებთ იმ მახეს, რომელიც ფაშინიანმა დააგო. ვერ წარმოვიდგენ სცენარს, სადაც ფაშინიანი შეთანხმებას გვთავაზობს და ამას გულწრფელად აკეთებს, ანუ მართლა აპირებს, დატოვოს ხელისუფლება. მისი სიტყვების ნდობა სრული სისულელე იქნებოდა", - აღნიშნა ფრაქცია „სომხეთის" დეპუტატმა კრისტინე ვარდანიანმა.

პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა სურენ მარტიროსიანმა პროექტი „კაპიტულაციის დოკუმენტად" შეაფასა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, გარე მოთხოვნები მთელი ერის ნებად გაასაღოს.

„მე სომხეთის მოქალაქე ვარ. არავის აქვს უფლება, ჩემი სახელით რაიმე გარე მოთხოვნა „ჩვენს კოლექტიურ შეთანხმებად" გამოაცხადოს. პარტია „სამოქალაქო შეთანხმების" თანხმობა ჩემი თანხმობა არ არის. საქმე კონსტიტუციის შეცვლას არ ეხება. საქმე ეხება იმ ადამიანების შეცვლას, რომლებიც სომხეთში აზერბაიჯანის მოთხოვნებს ახორციელებენ", - განაცხადა მარტიროსიანმა.

თავის მხრივ, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუბენ რუბინიანმა ოპოზიციას მოუწოდა, არ შეაფერხონ რეფერენდუმის ჩატარება და ხალხს მისცენ გადაწყვეტილების მიღების საშუალება.

„რეფერენდუმს შესაძლოა ორი შედეგი ჰქონდეს: ან გაიმარჯვებს „დიახ", ან - „არა". ორივე შემთხვევაში ის თანამდებობას ტოვებს. რატომ არ იღებთ ამ შეთავაზებას? ერთადერთი ლოგიკური ახსნა ისაა, რომ ოპოზიციისთვის მშვიდობისთვის ხელის შეშლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფაშინიანის თანამდებობიდან გაშვება", - აღნიშნა რუბინიანმა.

კონსტიტუციის პროექტის გამოქვეყნებით სომხეთში საჯარო განხილვების ეტაპი დაიწყო. თუმცა, საკითხის რეფერენდუმზე გასატანად მმართველ პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყოფნის და მას ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილის მხარდაჭერა დასჭირდება, რომლებიც ამ ეტაპზე პროცესში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×