რეზონანსი
23.11.2026

 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის არიან 2024 წლის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაკავებული შვიდი პირი.

შეწყალებულთა შორის არიან გიორგი ოკმელაშვილი, გიორგი მინდაძე, ანრი კვარაცხელია, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, თემურ ზასოხაშვილი, დავით ლომიძე და ირაკლი მეღვინეთუხუცესი.

მათ სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.

2024 წლის მაისის აქციებზე დაკავებულები იყვნენ:

გიორგი ოკმელაშვილი (პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 5 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი) და ირაკლი მეღვინეთუხუცესი (პოლიციელზე თავდასხმისა და მარიხუანის ფლობის საქმეებზე გაასამართლეს. მისჯილი ჰქონდა 5 წელი).

2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე დაკავებულები იყვნენ:

- გიორგი მინდაძე - პოლიციელის მიმართულებით პიროტექნიკის სროლისა და მისი დაზიანების საქმეზე 5 წელი მიუსაჯეს.

- ანრი კვარაცხელია - პოლიციელების მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის ბრალდებით 4 წელი და 6 თვე მიუსაჯეს.

- ნიკოლოზ ჯავახიშვილი - საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

- თემურ ზასოხაშვილი - პოლიციელებზე თავდასხმისა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის საქმეზე 4 წელი და 6 თვე მიუსაჯეს.

- დავით ლომიძე - იმავე ბრალდებებით 4 წელი და 6 თვე ჰქონდა მისჯილი.

შვიდივე მათგანმა საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალებული 232 პირიდან 216 საპატიმრო სასჯელს იხდიდა, ხოლო 16-ს არასაპატიმრო სასჯელი ჰქონდა შეფარდებული.

შეწყალების გადაწყვეტილება 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე გამოცხადდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×