
აქციებზე დაკავებულების ნაწილის გათავისუფლებამ ხელისუფლების ოპონენტების ბანაკშიც ახალი დაპირისპირება გააჩინა - მაშინ, როცა „ქართული ოცნება" შეწყალებას ჰუმანურობის მაგალითად წარმოაჩენს, დაკავებულთა ოჯახის წევრების ნაწილი ციხის დატოვებას საერთო ბრძოლის პრინციპების დარღვევად მიიჩნევს. ოპოზიციაში კი ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღმა პოლიტიკურ გათვლებზე საუბრობენ, სვამენ კითხვას, რატომ ვრცელდება შეწყალება მხოლოდ პატიმრების ნაწილზე და რატომ რჩებიან ციხეში სხვა ტუსაღები.
აქციებზე დაკავებული პირების ნაწილის გათავისუფლებას პატიმრობაში მყოფთა ოჯახის წევრების უკმაყოფილება მოჰყვა. მათი შეფასებით, შეწყალების თხოვნით ციხის დატოვება იმ პატიმრების წინაშე, რომლებიც კვლავ საპატიმროში რჩებიან, კაცური საქციელი არ იყო და საერთო ბრძოლის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა.
2024 წლის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა შვიდმა პირმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა. ისინი იმ 232 ადამიანს შორის არიან, რომლებიც პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა.
საპატიმრო დატოვეს: გიორგი ოკმელაშვილმა, ირაკლი მეღვინეთუხუცესმა, გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, დავით ლომიძემ და თემურ ზასოხაშვილმა.
„რთული იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, არ იყო მარტივი, სამწუხაროდ, მე ვერ გამოვდექი ისეთი ძლიერი, როგორიც მათე დევიძე, ჩემგან ძლიერი ადამიანისთვის რაღაც რჩევების მიცემა არ მგონია, რომ სწორია... მშურს მისი სიმტკიცის",- განაცხადა გათავისუფლებულმა გიორგი ოკმელაშვილმა.
რაც შეეხება მათე დევიძეს, ის 2024 წლის 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. 2025 წლის 12 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დამნაშავედ ცნო და 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათე დევიძის დედა, თამუნა მჭედლიშვილი, რომელიც ემიგრაციაში, პოლონეთში ცხოვრობს, შვილის გათავისუფლების მოთხოვნით ღია წერილით ევროპის საბჭოს, ევროკომისიასა და საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს მიმართავს. იგი ევროპელ დიპლომატებს მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა პოლიტიკური და დიპლომატიური ბერკეტი და მიიღონ ქმედითი ზომები მისი შვილის გასათავისუფლებლად. მჭედლიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ჯერ სამშობლოდან წასვლა აიძულა, ახლა კი შვილის თავისუფლებაც წაართვა. მისივე შეფასებით, მათე დევიძე პოლიტიკური პატიმარია და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობას ითხოვს.
„იმ ფონზე, როცა აქციებისას დაკავებული არაერთი ადამიანი უკვე გარეთაა, სრულიად გაუგებარია, რატომ რჩება საკანში ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელსაც საპროტესტო ბანერის მოქნევის გამო ასეთი მძიმე სასჯელი დააკისრეს. მუსიკოსის ადგილი სცენაზეა და არა საკანში! ვითხოვთ საქმის გადახედვას და მათეს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას", - ნათქვამია საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირის განცხადებაში
აქტივისტების პროტესტი
აქციების დროს დაკავებული თორნიკე გოშაძის დედა, მარიზი კობახიძე აცხადებს, რომ შეწყალების მოთხოვნა და ციხის დატოვება სხვა პატიმრების წინაშე კაცური საქციელი არ იყო.
„თურმე ასე არ ყოფილა ხედავთ? ერთ ბრძოლაში ვართ და ზურგს უკან მაინც ხდება რაღაცები. ამიტომ აღნიშნა ზურამ ეს, თორემ რაც უნდა, ის უქნიათ. 11 დღისთვის? ან 2 თვე იყოს. უბრალოდ, ეს არ იყო კაცური საქციელი პატიმრების წინაშე, თორემ მე ისედაც და ასედაც ვიამაყებ ბიჭებით", - აცხადებს მარიზი კობახიძე.
- მარიზი კობახიძე: „ეს არ იყო კაცური საქციელი პატიმრების წინაშე, თორემ მე ისედაც და ასედაც ვიამაყებ ბიჭებით"
აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამის, ზურა ცეცხლაძის განცხადებით, ისინი ორი წელია იბრძვიან, რომ ყველას ბოლომდე მიეყვანა სასჯელი, „ვინც ჯგუფურებზე ზის" - ის ეხმიანება აქციებზე დაკავებული იმ პირების გათავისუფლებას, რომლებიც გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე საპატიმრო დატოვეს. ცეცხლაძე ამბობს, რომ შეწყალების თხოვნის დაწერით ჯგუფის ყველა წევრს მდგომარეობა დაუმძიმდა.
„დაწერა და გამოვიდა, ტყუის რომ არ დაუწერია და ამავდროულად ჩვენს შვილებს გადასწვდა, დაწერეთ და გამოდითო. ეს რა უბედურებაა. ჯგუფურზე იხდის სასჯელს, ჯგუფის წევრია ზვიადი და სხვები და ამ დროს ამბობ, რომ მძიმე დანაშაული ჩაიდინე და ინანიებ. ჩვენ ორი წელია ვიბრძვით, რომ ჯგუფურებზე ვინც ზის ყველას რომ ბოლომდე მიეყვანა სასჯელი. ამან რა ქნა, 11 დღე ჰქონდა დარჩენილი. დაუმძიმა მდგომარეობა ჯგუფის ყველა წევრს. თავი შეიკავე შეურაცხმყოფელი სიტყვებისგან და ზრდილობას მოუხმე", - წერს ზურა ცეცხლაძე.
კობახიძე პატიმრების გათავისუფლებაზე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეწყალების საფუძველზე აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლების საკითხზე აცხადებს, რომ ოპოზიციას პატიმრობაში მყოფი ახალგაზრდების ბედი არ აინტერესებს. მისი შეფასებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები წარსულში ადამიანებს ძალადობისკენ აქეზებდნენ, შემდეგ კი, როდესაც ისინი დააკავეს, პასუხისმგებლობა აირიდეს. კობახიძე ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ, დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, დაკავებულებს მონანიებისა და გათავისუფლების შესაძლებლობა მისცა, რაც, მისი თქმით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის პრინციპულ განსხვავებას აჩვენებს.
კობახიძე ჰუმანურად მიიჩნევს ბრალდებული პირებისთვის მონანიების სანაცვლოდ ციხის დატოვების შესაძლებლობის მიცემას.
- ირაკლი კობახიძე: „ეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დატოვონ ციხეში, არ აინტერესებთ არც ახალგაზრდების ბედი და არც არაფერი"
„ისინი[ოპოზიციის წარმომადგენლები] იმალებოდნენ, როდესაც კონკრეტულ ადამიანებს ძალადობისკენ აქეზებდნენ, შემდეგ ხდებოდა მოძალადეების დაპატიმრება და ისინი გამქრალნი იყვნენ. საუბარია ადამიანებზე, უმეტესობა ახალგაზრდები არიან, რომლებსაც მარტივად შეუძლიათ, დატოვონ საპატიმრო დაწესებულება მონანიებით, რაც რვა ადამიანმა გააკეთა. მაგრამ აქაც კი ეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დატოვონ ციხეში, არ აინტერესებთ არც ახალგაზრდების ბედი და არც არაფერი.
„ჩვენ გვაინტერესებს თითოეული ადამიანის ბედი, მათ შორის იმ ადამიანების, რომლებიც ჩართულები იყვნენ ძალიან მძიმე ძალადობრივ აქტებში. შესაბამისად, გავაკეთეთ ჰუმანური განცხადება, მივიღეთ ჰუმანური გადაწყვეტილება და დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, გათავისუფლების შესაძლებლობა მივეცით ყველას, ვინც დანაშაულს მოინანიებდა - ზოგიერთ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმებით, ზოგიერთ შემთხვევაში კი მათ შეწყალების შესაძლებლობა მიეცათ",-აცხადებს კობახიძე.
რას ამბობს ოპოზიცია
„გახარია - საქართველოსთვის" დეპუტატმა ვიკა ფილფანმა „პალიტრანიუსთან" განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ" ბოლო პერიოდში ბევრი მძიმე შეცდომა დაუშვა და ახლა ჰუმანურობის აქტის გამოვლენა დასჭირდა.
„ის ორი წელი, რომელიც ამ ადამიანებმა უსამართლოდ გაატარეს ციხეში, მძიმე იყო როგორც მათთვის, ისე თითოეული მოქალაქისთვის. ეს აქამდეც უნდა მომხდარიყო და მათ დიდი ხნით ადრე უნდა დაეტოვებინათ საპატიმრო. კარგია, რომ მათ ოჯახებთან დაბრუნების საშუალება მიეცათ. იმედი მაქვს, რომ მათ რიგებს შეუერთდებიან ის ადამიანებიც, რომლებიც უსამართლოდ სხედან ციხეში და მათ მიმართ საქმეში არანაირი საფუძველი არ არსებობს.
„მაგრამ რატომ ახლა, ამის განსაზღვრა ყველას სხვადასხვანაირად შეუძლია, თუმცა „ქართულმა ოცნებამ" ბოლო პერიოდში ბევრი მძიმე შეცდომა დაუშვა, რითაც გაანაწყენა პირველ რიგში საკუთარი ამომრჩეველი და გაანაწყენა ქართველი ხალხი. ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების" ერთგული ადამიანებიც კი ვერ ხსნიდნენ მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ამიტომაც მათ ახლა ჰუმანურობის გამოვლენა დასჭირდათ", - განაცხადა ფილფანმა.
„რაც ახლა ხდება, პატიმრების, უკანონო ტყვეების გათავისუფლება, სუროგაციის თემა, ბოდბეში პატრიარქთან ერთად გამოჩენა, ეს ყველაფერი არის ხელოვნური, ყალბი და არის იმის გამო, რომ მეუფე იობის განცხადებებმა შეაჯანჯღარა საზოგადოება",- განაცხადა „მართლმსაჯულების სახლის" დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ.
„მზია ამაღლობელი რატომ არ გაათავისუფლეს, ელენე ხოშტარია რატომ არ გაათავისუფლეს, რას ელოდებიან? არ ვიცი, რა კრიტერიუმით მოქმედებს ყაველაშვილი და „ქართული ოცნება", რა უნდა მას ამით რომ გააკეთოს, რა არის ამ ყველაფრის უკან? ... ოთხი ადამიანი რომ გამოუშვეს და ასზე მეტი ციხეშია, ეს რას ცვლის?" - ამბობს ბესელია.