რეზონანსი
20.05.2024

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, 20 მაისის სხდომაზე, ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს.­ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების პროექტი დაუბრუნა. მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში პრეზიდენტი პარლამენტს ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას სთავაზობს.

ამასთან, სრულად იზიარებს "საგადასახო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მასზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

პრეზიდენტის შეფასებით, ოფშორებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია. პრეზიდენტი "მიუღებელს" და "დაუშვებელს" უწოდებს კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების ფაქტს.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მიღებული კანონით არათანაბარი და დისკრიმინაციული გარემო იქმნება როგორც უცხოურ ინვესტორებთან მიმართებით, ასევე, ადგილობრივი ინვესტორების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რადგან მათ მიმართ ახალი საშეღავათო რეჟიმი არ გავრცელდება.

როგორც ზურაბიშვილი მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნავს, მნიშვნელივანია არ შეილახოს საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო რეპუტაცია და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კანონისთვის გვერდის ავლის რისკი არ შეიქმნას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×