რეზონანსი
30.06.2024

სალომე ზურაბიშვილმა 21 ივნისის #21/06-01 განკარგულებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (იუს) წევრის შესარჩევად მორიგი კონკურსი გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია უპირობოთ ანიჭებს პრეზიდენტს იუს-ში ერთი წევრის საკუთარი შეხედულებისამებრ შერჩევისა და უკონკურსოდ დანიშვნის უფლებას (შესაბამის ორგანულ კანონში მოცემული ნორმა იუს წევრის კონკურსით შერჩევის აუცილებლობის თაობაზე კონსტიტუციას ეწინააღმდეგება), მისასალმებელია, რომ მან იუს წევრის გამოვლენა ისევ კონკურსის გზით გადაწყვიტა.

მეხუთე პრეზიდენტმა პირველად კონკურსი 4 წლის წინ ჩაატარა. თავი ვალდებულად ჩავთვალე, მისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია იუს წევრის შესარჩევი კრიტერიუმებისა და პროცედურის საკანონმდებლო ხარვეზების თაობაზე, რის გამოც მანამდე კონკურსები კანონდარღვევებით ტარდებოდა, ხოლო საბჭო არამოსამართლე წევრებით მხოლოდ ა(ა)იპ–ების წარდგენილი იურისტებიდან ივსებოდა... შევეცადე ამეხსნა, თუ რატომ არ არის გონივრული კანდიდატად დარეგისტრირებისთვის „შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ორგანოს“ წარდგენა და, რომ „წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში“ კანდიდატს უნდა მოეთხოვებოდეს და არა მის წარმდგენ არასამთავრობო ორგანიზაციას (წერილობითაც მივმართე და გაზეთ „რეზონანსის“ პუბლიკაციებითაც). 

ისიც ვაცნობე, რომ როდესაც ანალოგიური კონკურსი მარგველაშვილმა გამოაცხადა, კანდიდატებს პირადად არ შეხვდა, ხოლო გამარჯვებული მის მიერ „კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფას მიზნით“ შექმნილმა კომისიამ გამოავლინა, თანაც ისე, რომ არ დაინტერესებულა აკმაყოფილებდა თუ არა დადგენილ მოთხოვნებს. შედეგად აღმოჩნდა, რომ იუს წევრად დანიშნულ პირს რეგისტრაციისთვის აუცილებელი ყველა დოკუმენტი კონკურსზე არ წარუდგენია, კანდიდატი წარადგინა არაუფლებამოსილმა სუბიექტმა (ააიპ-ის ხელმძღვანელმა), ხოლო თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მიერ ხელმოწერილი მცდარი მონაცემების შემცველი რეკომენდაციის საფუძველზე დოქტორანტი ისე იქნა ცნობილი „სამართლის დარგის აღიარებულ სპეციალისტად“, რომ კონკურსის დაწყებამდე, ერთი სამეცნიერო ნაშრომიც კი არ ჰქონდა გამოქვეყნებული... (თან, კონკურსში მისივე სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი, პროფესორი „დაამარცხა“...). 

მართალია, სასამართლომ მმართველი პარტიის მიერ შერჩეული პრეზიდენტის მიერ ჩატარებულ კონკურსში პროცედურული დარღვევებიც კი ვერ შენიშნა, მაგრამ თავად მარგველაშვილი, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ საქართველოში ყველაზე გავლენიანი მოსამართლის ახლობლის იუს-ში გამწესებით სერიოზული შეცდომა დაუშვა, ვინაიდან შემდეგი წევრი (ანა დოლიძე) იუს წევრად უკვე ყოველგვარი კონკურსის გარეშე დანიშნა. 

ზურაბიშვილს მივაწოდე ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების თაობაზეც, რომლებითაც 2017 წელს ჩატარებული იუს 5 არამოსამართლე წევრის შესარჩევი კონკურსების ბათილად ცნობა იყო მოთხოვნილი. იმ დროისთვის ჯერ კიდევ განუხილველი სარჩელების თანახმად, პარლამენტმა კონკურსები კანონმდებლობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების აშკარა იგნორირებით ჩაატარა, ხოლო გამარჯვებული კანდიდატების მიერ საკონკურსოდ წარდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამებოდა კონკურსის პირობებს. ფაქტობრივად, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მესვეურების („გავლენიანი ჯგუფების“) მიერ წინასწარ შერჩეული პირები კონკურსის გარეშე გამწესდნენ თანამდებობებზე.

იმედი მქონდა, სწორედ ევროპიდან „იმპლემენტირებული“ პრეზიდენტი შეეცდებოდა აღმოეფხვრა ტოტალიტარიზმის ეპოქიდან შემორჩენილი „ნეგატიური მოვლენა“, როდესაც შესარჩევი კონკურსები (მათ შორის, თსუ-ის პროფესორის...) „ტრადიციული“ („ქართულ–ჯიგრული“...) მეთოდით ტარდება და ორგანიზატორებმა წინასწარ იციან „გამარჯვებულის“ ვინაობა... 

სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ იუს–ში საკუთარი, ფაქტობრივად კი, საზოგადოების წარმომადგენელი დაენიშნა, რომელიც თვითონაც იქნებოდა დამოუკიდებელი და რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების ფორმირებასაც შეეცდებოდა, ზურაბიშვილმა კანდიდატებთან ფორმალური გასაუბრების შემდეგ, „თავისი რჩეული“ თსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ წარდგენილ „აღიარებულ სპეციალისტად“ გააცნო საზოგადოებას, თუმცა, რეალურად, სხვა უნივერსიტეტის რექტორის მიერ ერთპიროვნულად იყო წარდგენილი კონკურსზე... არადა, არც თსუ-ის მესვეურებს, არც „არასამთავრობოებს“ და არც კონკურსში მონაწილე იურისტებს გამოუთქვამთ პროტესტი... შედეგად, 4 წელი ისე მიილია, რომ პრეზიდენტის კონკურსში „გამარჯვებულის“ (ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოსამართლის ნათესავის...) იუს-ში მოღვაწეობის თაობაზე საზოგადოებისთვის არაფერია ცნობილი, თუმცა ფაქტია, თითქმის ბოლო ორი წლის განმავლობაში, მისი მე-10 ხმა იყო გადამწყვეტი, ვინაიდან პარლამენტს 5 არამოსამართლე წევრის არჩევა დაუგვიანდა...

აღსანიშნავია, რომ ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, რომელსაც პრეზიდენტმა 2020 წელს კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა დაავალა, როგორც ჩანს, პასუხისმგებლობით (თუმცა, აშკარად „შეზღუდულით“...) მოეკიდა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, რის გამოც კონკურსზე წარდგენილი 14 კანდიდატიდან ხუთს დოკუმენტები დაუწუნა, რამაც, ფაქტობრივად, დაადასტურა კონკურსის პირობაში (ფაქტობრივად, კი კანონმდებლობაში...) „გაპარული ხარვეზების“ არსებობა. სხვა შემთხვევაში, ძნელი წარმოსადგენია, რომ კონკურსში მონაწილე „სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტების“ მესამედზე მეტს საკუთარი საბუთების მოწესრიგებისას ვერ გამოევლინათ სათანადო ე. წ. ზოგადი უნარები... 

როგორც ჩანს, ქალბატონმა სალომემ, ამჯერადაც, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყო, მიმდინარე კონკურსში მონწილეებიდან საუკეთესოს შერჩევა ოპოზიციურად განწყობილი იურისტებისაგნ შექმნილ კომისიას მიანდო, თუმცა კონკურსის პირობა ისევ „არაგანჭვრეტად“ | ჩამოაყალიბა, ვინაიდან, მე-4 პუნქტად რატომღაც პარლამენტის რეგლამენტის ადრინდელ რედაქციაში გაპარული ნორმა შეიტანა, რომლიც განივრულია, მაგრამ სპეციალისტების დასკვნით, არსებითად ეწინააღმდეგება შესაბამისი ორგანული კანონის მოთხოვნას. ცალკე მსჯელობის თემაა პრეზიდენტის განკარგულებების იდენტიფიცირების მეთოდი... 

მესმის, რომ არც ამჯერად აქვს არსებითი მნიშვნელობა რა წერია კონკურსის პირობაში და გამარჯვებულიც წინასწარ არის ცნობილი, მით უმეტეს, რომ ქალბატონი სალომე ოპოზიციის ლიდერად მოგვევლინა... შედეგად, ვინაიდან სასამართლოს აშკარა ხელშეწყობით, იუს-ში მიმდინარე კონკურსებიც დასრულდა და არამოსამართლე წევრების მიერ შერჩეული კანდიდატები პარლამენტმა მოსამართლეებად გაამწესა, მართალია, პრეზიდენტის წარმომადგენელი 15 კაციან იუს-ში ვერაფერს შეცვლის, სამაგიეროდ, როგორც სააკაშვილი იყენებს სასამართლო სხდომებს, ჯანეზაშვილივით აქტიურად დაკავდება წინასაარჩევნოდ ხელისუფლებისა და მისი სასამართლო „კლანის“ მხილებით...

როგორც არერთხელ განმიცხადებია, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეების „ურყევი ნება სამართლებრივი სახელმწიფო დავამკვიდროთ” კონსტიტუციის პრეამბულაში თავიდანვეა ასახული და ევროინტერგაციასაც პრიორიტეტულად მივიჩნევთ, თუ სამართლიანი კონკურსების (არჩევნების) ჩატარება ვერ ვისწავლეთ და სასამართლო ხელისუფლება რეალურად არ იქცა დამოუკიდებელ ინსტიტუტად, ევროპის სამართლებრივი სივრცის ნაწილად არავინ გვაღიარებს. 

ჯერჯერობით კი ფაქტია, ვინაიდან პარლამენტმა არ გაიზიარა საკანონმდებლო წინადადებები იუს წევრების შესარჩევი კრიტერიუმების დაზუსტებისა და ასარჩევი პროცედურის მოწესრიგების თაობაზე, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 2022 წლის 29 სექტემბერს დაწყებული იუს 5 წევრის შესარჩევი კონკურსიც არსებითი კანოდარღვევებით ჩატარდა, რის გამოც მისი შედეგები სასამართლოშია გასაჩივრებული (ცხადია, დღემდე არ განხილულა...). ამასთან, ფაქტია ისიც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში უშუალოდ იუს წინააღმდეგ 2019 წლის 16 ივლისს შეტანილი სარჩელის განხილვა, რომლითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კონკურსების შეჩერება იყო მოთხოვნილი (პროცედურის გაუმართაობის და იუს არამოსამართლე წევრთა ლეგიტიმურობის თაობაზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე)მ მხოლოდ 2023 წლის 3 ოქტომბერს შედგა, ხოლო გადაწყვეტილება წერილობით დღემდე არ არის ჩამოყალიბებული. არადა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქმეების განსახილველად კანონით, მხოლოდ ხუთ თვემდე ვადაა გამოყოფილი, გამოდის, რომ პარლამენტთან ან იუს-თან დაკავშირებული სამართლწარმოება არაგონივრული ვადით სწორედ მოპასუხეების ინტერესებში ჭიანურდება, რითაც დადასტურდა, რომ საქართველოში ხელისუფლების ორივე შტო, ფაქტობრივად, შეთანხმებულად მოქმედებს... 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვთვლი, ვინაიდან დღევანდელი შემადგენლობა დანიშნულებას ვერ ასრულებს, მომავალმა პარლამენტმა იუს სრულად უნდა დაითხოვოს და დაკომპლექტების წესი უნდა შეცვალოს, ხოლო რეალურად დამოუკიდებელმა იურისტებმა პრეზიდენტის კონკურსს ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ.

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×