რეზონანსი
17.05.2024

ივანიშვილი შეგვპირდა, რომ ევროპას გააოცებდა და ეს შესრულდა ნამდვილად, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ აღნიშნა.

ამით ის გამოეხმაურა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც "პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ბევრად უფრო მძიმე ვერსია მიიღო, ვიდრე პროექტის პირვანდელი ვარიანტი იყო - ეს არის მალულად ჩამატებული მუხლები და მასზე კომიტეტის ფარგლებში მსჯელობა არც ყოფილა, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, თუ როგორ შეიძლება კანონი ხელისუფლებამ თანდათან დაამძიმოს".

როგორც თეონა აქუბარდიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "რეზიუმეში" აღნიშნა, შეტანილი ცვლილებების თანახმად, არა მხოლოდ ორგანიზაციები, არამედ ფიზიკური პირებიც ვალდებულები არიან, პერსონალური მონაცემები რატი ბრეგაძის „კანტორას" მიაწოდონ და თუ ეს უწყება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ჩათვლის, რომ ყველაფერი უნდა გაასაჯაროოს, ამ შემთხვევაში, პერსონალური მონაცემები საჯარო იქნება.

„სამივე მოსმენის კანონი თავიდან ვნახე. პირველ და მეორე მოსმენაში დამატებით სახეცვლილ პუნქტებზე არაფერი ეწერა და მესამე მოსმენაში გაჩნდა მუხლი იმაზე, რომ არა მხოლოდ ორგანიზაციები, არამედ ფიზიკური პირებიც ვალდებულები არიან, პერსონალური მონაცემები რატი ბრეგაძის „კანტორას" მიაწოდონ და თუ ეს უწყება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ჩათვლის, რომ ყველაფერი უნდა გაასაჯაროოს, ამ შემთხვევაში, პერსონალური მონაცემები საჯარო იქნება. ასეთი ინფორმაციაა, მაგალითად, ფიზიკური პირის სახელფასო მონაცემები, გრანტის ფარგლებში. ასევე, მონაცემები, რომლებიც უკავშირდება რასობრივ და ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებას, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს. ყველაზე სასაცილო ჩემთვის სქესობრივი ცხოვრებაა, ეს წერია კანონში. ოხანაშვილმა თქვა, რომ თუ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იქნება, ეს ყველაფერი გასაჯაროვდება. როცა დავსვით კითხვა, ოხანაშვილმა გვიპასუხა, წადით და იჩივლეთო. ამ ჩივილს 2-3 წელი უნდა და 5000 ლარიან ჯარიმას თუ გადაიხდი, მაშინაც არ თავისუფლდები სასამართლოსგან. ივანიშვილი შეგვპირდა, რომ ევროპას გააოცებდა და ეს შესრულდა ნამდვილად", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, სამოქალაქო პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ კანონის მიღებიდან ოქტომბრის არჩევნებამდე სამოქალაქო პროტესტის ფაზა პოლიტიკურში უნდა გადაითარგმნოს.

„ჩანს, რომ ამ ყველაფრის ფონზე, პარტიული პოლიტიკა არსად ჩანს და ეს სუვერენიტეტის გადასარჩენად ბრძოლაა. იმ კონტურებისთვის, რაც კანონის წინააღმდეგ გამოჩნდა, ფორმა მისაცემია. უნდა გვქონდეს ფაზებად გაწერილი სამოქმედო გეგმა. კანონს აუცილებლად მიიღებენ, მაგრამ ყველაფერი ჩვენს ხელშია, ქართველების ხელში. დასავლეთი ჩვენს ბრძოლას უჭერს მხარს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამოქალაქო პროტესტი, მაგრამ ახლა უკვე პოლიტიკურობაც საჭიროა. კანონის მიღებიდან ოქტომბრამდე სამოქალაქო პროტესტის ფაზა პოლიტიკურში უნდა გადაითარგმნოს. მე ვფიქრობ, ისინი ვეტოს დროს არაფერს დათმობენ, რადგან მათ აქვთ მკაფიო გზა კრემლისკენ", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×