ნატალია ჯვარიძე
17.06.2024

საქართველოს პრეიმერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერის განცხადებით, არავინ არ აპირებს დასაჯოს საქართველო, საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება.

"მე მქონდა ბერლინში კომუნიკაცია რამდენიმე პრემიერ-მინისტრთან, რამდენიმე ვიცე-პრემიერთან, რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრთან და მათში დავინახე აბსოლუტურად ჯანსაღი განწყობა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ოპოზიციის სიხარული არის ნაადრევი საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით.

„არავინ არ აპირებს დასაჯოს საქართველო, არავინ აპირებს დასაჯოს საქართველოს მოსახლეობა, არავინ აპირებს დასაჯოს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, შესაბამისად, ყველაფერი იქნება კარგად ქვეყნისთვის და ცუდად ოპოზიციისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააწესა ე.წ სავიზო შეზღუდვები, თვითონ არ უწოდებენ ამას სანქციებს, ეს არის სავიზო შეზღუდვები" - განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, დღემდე არც ერთ დეპუტატს არ მისვლია შეტყობინება სავიზო შეზღუდვების დაწესების თაობაზე. რაც შეეხება შეერთებული შტატების გადაწყვეტილების, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მისი "პრაქტიკული დატვირთვა არის რეალურად ნულოვანი".

„რეალურად, ეს სავიზო შეზღუდვები დაწესდა გვარების გასაჯაროების გარეშე და უფრო მეტიც, ჩვენ გადავამოწმეთ, დღემდე არც ერთ დეპუტატს არ მისვლია შეტყობინება სავიზო შეზღუდვების დაწესების თაობაზე. აქედან გამომდინარე, ის აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა ოპოზიციაში, არის აბსოლუტურად გადაჭარბებული.

„თვითონ ის გადაწყვეტილებაც, რაც გახმოვანდა, არის შეურაცხმყოფელი ქართული სახელმწიფოსთვის და ქართული საზოგადოებისთვის. იმიტომ, რომ ასე არ შეიძლება ელაპარაკებოდე პარტნიორ ქვეყანას, მაგრამ რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების პრაქტიკულ დატვირთვას, პრაქტიკული დატვირთვა არის რეალურად ნულოვანი. როცა გვარების დასახელების გარეშე წესდება სავიზო შეზღუდვები მას ერთადერთი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, ეს არის შეურაცხყოფის მიყენება სხვა სახელმწიფოსთვის. ეს არ შეესაბამება პარტნიორულ სულისკვეთებას, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჩვენი მხრიდან იმისათვის, რომ მომავალში პარტნიორული ურთიერთობები გამყარდეს. ეს არის ჩვენი სურვილი", - განაცხადა პრემიერმა.

კობახიძემ აგრეთვე მასწავლებელთა ხელფასების მომატებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჯარო სკოლებში პედაგოგებს შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებათ. მისივე თქმით, ოთხი თვის განმავლობაში 9%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც იძლევა ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას - ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილება შევა და წელს 360 მილიონი დაემატება.

„როგორც მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ შარშან დაანონსდა, რომ ამ წლის პირველი ივლისიდან მასწასვლებლების შრომის ანაზღაურების ახალი სქემა ამოქმედდა და საშუალო ზრდა 500 ლარი იქნება. საჯარო სკოლებში სულ 52 ათასი მასწავლებელია, აქედან 37 ათას მასწავლებელს, რაც მთლიანი მასწავლებელთა კონტიგენტის 70% ხელფასი გაეზრდება 500 ლარით, მათ შორის, მასწავლებელთა გარკვეულ ნაწილს გაეზრდება 800 ლარით და მეტით. დაახლოებით 25%-ს ანაზღაურება სულ მცირე 300 ლარით გაეზრდება, ყველა პედაგოგს სულ მცირე 250 ლარით.

ეს ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდაა, რაც საბოლოო ჯამში, განათლების სისტემაზე დადებითად აისახება. შემდეგი 4 წლის განმავლობაში როგორც ზოგადი, ისე უმაღლესი განათლების ყველა სფერო ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი უმიშვნელოვანესი მიმართულება და პრიორიტეტი იქნება", - აცხადებს პრემიერი.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, ბიუჯეტის ზრდა გადანაწილდება ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, თავდაცვის სფეროებზე, ასევე რეგიონალური განვითარების მიმართულებაზე.

„რაც შეეხება სახემწიფო ბიუჯეტს, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. პირველი ოთხი თვის განმავლობაში 9%-იანი ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა. ეს ყველაფერი კი ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას გვაძლევს. სამომავლოდ გადანაწილდება არსებითად ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა: ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, თავდაცვა და ასევე რეგიონალური განვითარება. მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება, კიდევ უფრო მეტად ზრდის დაჩქარება, რაც ბიუჯეტზე პირდაპირ აისახება და ეს მონაცემებიც ამის ძალიან კარგი მაგალითია", - აღნიშნა კობახიძემ.

პრემიერმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ხვალინდელ თამაშზე წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მათ წვლილი შეიტანეს 10 00-ზე მეტი გულშემატკივარის დასასწრებად.

„ხვალ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ეს არის დღე, რომელსაც თითოეული ჩვენგანი მრავალი წლის განმავლობაში ველოდით და კიდევ უფრო მძაფრად, ბოლო სამი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ.

„პირველად ისტორიაში ხვალ, ევროპის ჩემპიონატზე, უმაღლესი რანგის საფეხბურთო ტურნირზე საქართველოს დროშა აღიმართება და საქართველოს ჰიმნი აჟღერდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მატჩს 10 00-ზე მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება, ამაში ჩვენი წვლილიც შევიტანეთ ფრენების სუბსიდირებით და მოხარული ვარ, რომ ეს პროექტი ძალიან დიდი წარმატებით განხორციელდა, 195 ევრო იყო ბილეთის საფასური, რამაც ბუნებრივია, გერმანიაში მოგზაურობა ჩვენს გულშემატკივრებს გაუადვილდა. მინდა ჩვენს ბიჭებს წარმატება ვუსურვო. რაც მთავარია, ჯგუფიდან გასვლა, დარწმუნებული ვართ, რომ მათი ჟინით აუცილებლად შეძლებენ და ამ დიდ წარმატებას მიაღწევენ", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×