ნატალია ჯვარიძე
01.07.2024

უნგრეთი დღეიდან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, 2024 წლის დეკემბრამდე, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა 6 თვეში ერთხელ იცვლება. უნგრეთმა თავმჯდომარეობა ბელგიისგან გადაიბარა, დეკემბრიდან კი პოლონეთი გახდება. საინტერესოა საქართველო-უნგრეთის დაახლოების ფონზე როგორ აისახება ეს საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე ევროკავშირში.

უნგრეთმა, როგორც თავჯდომარემ რამდენიმე პრიორიტეტი დაასახელა: ევროკავშირის ეკონომიკის კონკურენტიანობის გაზრდა, თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერება, თანმიმდევრული და დამსახურებაზე დაფუძნებული პოლიტიკა, არალეგალური მიგრაციის შეჩერება, ერთსულოვანების პოლიტიკის მომავლის ფორმირება, ფერმაზე ორიენტირებული ევროკავშირის სასოფლოსა მეურნეო პოლიტიკა და დემოგრაფიული გამოწვევების მოგვარება.

ანალიტიკოს კორნელი კაკაჩიას ნაკლებად რეალისტურად მიაჩნია, რომ უნგრეთი ჩვენთვის რაღაც სასაწაულებს გააკეთებს, რადგან ჯერ ერთი მას საკუთარი ინტერესები აქვს და მეორეც, მას მაგდენი უფლება არ აქვს.

„პირველ რიგში, საქართველო უნგრეთის ხელისუფლებას დაუახლოვდა და არა საქართველოს და არის მოლოდინი, რომ უნგრეთი საქართველოს ინტერესების დაცვას შეძლებს. რაღაცნაირად შეაფერხოს ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მიმართული იქნება იმისკენ, რომ ქვეყანამ ევროკავშირისკენ გადადგმული ნაბიჯები ვეღარ გააგრძელოს.

„თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავმჯდომარე ქვეყანას ბევრი რაღაცის გადაწყვეტა უმრავლესობის გარეშე არ შეუძლია. ასევე ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ თვითონ უნგრეთის ხელისუფლება ევროკავშირის შიგნითაც იზოლაციაშია. როგორც იგი აღნიშნავს, უნგრეთს რაც შეუძლია გააკეთოს, არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა ცოტა მაინც შეამციროს.

„მეორე ფაქტორი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, უნგრეთი არ არის ჩვენი მოკავშირე, ის ჩვენი სიტუაციური მოკავშირეა. ანუ, მას საკუთარი ინტერესები აქვს, როგორც ევროკავშირში, ასევე მის გარეთ და ამ საკუთარი პრაგმატული ინტერესების გამო შესაძლოა საქართველოს ან სხვა შემთხვევები გამოიყენოს, რომ თავისი რაღაც გაყინული თანხები გამოანთავისუფლოს. ამიტომ ძალიან დიდი იმედების დამყარება, რომ უნგრეთი რაღაც სასწაულებს გააკეთებს, ალბათ არ ივარგებს.

„რა თქმა უნდა, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ჩვენ უნგრეთთან კარგი ურთიერთობები უნდა შევინარჩუნოთ და ასევე უნდა ვეცადოთ, რაც საქართველოს ბოლოდროინდელ მიმდინარე პირობებში რთული იქნება, რომ რაღაცნაირად ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ზიანი არ მიადგეს.

„ვერავითარი იმედები ვერ გვექნება, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი არჩევნებზეა დამოკიდებული. მითუმეტეს „უცხოური გავლენების შესახებ" კანონის მიღების შემდეგ საქართველოს რეპუტაცია დაზიანებულია და ქვეყანა ფაქტობრივად, საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა.

„ერთადერთი, რაც უნგრეთმა შეიძლება გააკეთოს, ეს არის ის, რომ ეს იზოლაციის პროცესი ცოტა მაინც შეამციროს. მაგალითად საქართველო ისეთ მაღალ ფორუმებზე დაპატიჟოს, სადაც ევროკავშირი არ დაპატიჟებდა, ან არ ვიცი, რაღაცნაირად შეარბილოს „ოცნებაზე" ზეწოლა. დღევანდელ სიტუაციიდან გამომდინარე, სამწუხაროდ მეტის გაკეთება ნაკლებად რეალისტურია", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას აზრით უნგრეთის იმედზე ვერ ვიქნებით, რადგან მას შეუძლია საჭიროების შემთხვევაში ევროკავშირის პოზიციები თავისუფლად გაიზიაროს.

„რა თქმა უნდა, უნგრეთის თამჯდომარეობა რაღაცას ნიშნავს, მაგრამ მთავარია უნგრეთის პრიორიტეტი რა არის. უნგრეთი საქათველოს ევროინტეგრაციისკენ სვლას მხარს უჭერს, თუმცა ევროკავშირის 4 ქვეყანა პირდაპირ ეწინააღმდეგება. ფაქტობრივად, ისინი აღნიშნული პროცესის გაყინვას ითხოვენ.

„მარტო უნგრეთის იმედზე ვერ ვიქნებით. იმის მიუხედავად, რომ ის მხარს გვიჭერს, მას შეუძლია ვაჭრობის ვარიანტში ევროკავშირის პოზიცია გაიზიაროს, თუ მას ეს დასჭირდა. უნგრეთს ასეთი რაღაც არაერთხელ გაუკეთებია, თუნდაც უკრაინის მიმართ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×