ნატალია ჯვარიძე
07.07.2024

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთში ამერიკელი ჯარისკაცების მონაწილეობით სამხედრო წვრთნები ჩატარდება. მათივე ცნობით, სწავლება Eagle Partner 2024 სომეხი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით სომხეთში 15-24 ივლისს გაიმართება და იგი კონფლიქტის მხარეებს შორის ურთიერთობების სტაბილიზაციის მიზნით, სამშვიდობო ამოცანების შესრულებას ითვალისწინებს.

„საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მოსასამზადებლად, სომხურ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები Eagle Partner 2024, სომხეთში 15-24 ივლისამდე გამართება. წვრთნებში მონაწილეობას სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბრიგადის სამხედრო პერსონალი, ევროპასა და აფრიკაში ამერიკის სახმელეთო ჯარები და კანზასის ეროვნული გვარდია მიიღებს", - ნათქვამია განცხადებაში.

სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას მიაჩნია, რომ ორმხრივი წვრთნების ჩატარება რუსეთისთვის პირდაპირი გამოწვევაა და ეს მორიგი არამეგობრული ქმედებაა. როგორც იგი აღნიშნავს, ძალიან ბევრი ფაქტორია, რის გამოც სომხეთს საგარეო კურსის მკვეთრი შეცვლა გაუჭირდება.

„ნატოს ეგიდით სამხედრო წვრთნები იმართება ხოლმე და თითქოს ერთი შეხედვით აქ ისეთი უცნაური არაფერია, თუმცა, ორმხრივი წვრთნების ჩატარება რა თქმა უნდა, ეს რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირი გამოწვევაა. სომხეთის ხელისუფლება პუტინის მიმართულებით არამეგობრულ ქმედებს ახორციელებს და ეს ერთ-ერთი მორიგი არამეგობრული გეოსტრატეგიული ჟესტია კრემლის მიმართ.

„სომხეთი ჯერჯერობით საგარეო კურსს ვერ შეცვლის, ეს არა ერთხელ თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა. სომხეთი ცდილობს თავის საგარეო პოლიტიკური კურსის დაბალანსებას, კრემლის მიდგომებზე გავლენის მოხდენას და ან რაღაცნაირად სხვა ალტერნატიული საშუალებების გამონახვას.

„ყოველ შემთხვევაში მკვეთრად და ასე უცებ ისინი კურსის შეცვლას ვერ შეძლებენ. თან ისიც უნდა ითქვას, რომ მეზობლად ჰყავს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: საქართველო, აზერბაიჯანი, ირანი.

„ახლა ირანში აზერბაიჯანული წარმოშობის რეფორმატორი მივიდა, რამაც შესაძლოა სომხეთსა და ირანს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაართულოს. საქართველოში კი, პრორუსული ძალები ძლიერდება. ფაქტობრივად, სომხეთს გადაეკეტა ყველა გზა, რომ საქართველოს მეშვეობით დასავლეთთან ურთიერთობა განავითაროს. თურქეთის ხელისუფლებას, ერდოღანის სახით დღევანდელ დასავლეთთან, ევროკავშირთან და ამერიკასთან როგორი ურთიერთობა აქვს ყველამ კარგად იცის.

„მეგობრული და იდეალური ურთიერთობა არ არის, იქ არის საკმაოდ მტრული დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, ასეთ გეოპოლიტიკურ გარემოცვაში, როდესაც სომხეთი გარშემორტყმულია რუსული გავლენებით, სამწუხაროდ უკვე საქართველოც ასე მოიაზრება, ამ ფონზე მათთვის საგარეო კურსის შეცვლა ძალიან რთულია. საქართველოს ხელიდან გამოცლა ამ მიმართულებას კიდევ უფრო ამყარებს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის აზრით კი, სომხეთის ეს ქმედება მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი ამით დასავლეთთან დაახლოებას კიდევ უფრო ცდილობენ. როგორც მან აღნიშნა, სომხეთმა საგარეო კურსი დიდი ხანია შეცვალა და არაა გამორიცხული ის დასავლეთის პარტნიორი გახდეს და საქართველო ჩაანაცვლოს.

„სომხეთი ნელ-ნელა ცდილობს, რომ რუსეთს დაშორდეს. საქართველომ კი, პრორუსული კურსი დაიჭირა, ახლა მიდის გადახედვა და გამორიცხული არაა რეგიონში სომხეთი გახდეს დასავლეთის პარტნიორი და საქართველო ჩაანაცვლოს. ამ წვრთნების ჩატარების მიზანიც ისაა, რომ სომხეთი რაღაცნაირად დასავლეთს დაუახლოვდეს. მათ დასავლეთისკენ გადაჯგუფება და საგარეო კურის შეცვლა დიდი ხანია დაიწყეს და ახლა უკვე ამის განსახორციელებლად პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამენ", - აღნიშნავს იგი.

მისივე თქმით, რუსეთი ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, საპასუხოდ ვერაფერს გააკეთებს და ასე რომც მოხდეს, ისიც დაზარალდება.

„ამაზე რუსეთს რაღა რეაქცია უნდა ჰქონდეს? ყარაბახი დაკარგა, სომხეთთან პირდაპირი საზღვარი არ აქვს, რომ რამე განახორციელოს. თან ისე არიან უკრაინასთან ომში ჩართული, რომ სომხეთისთვის ფიზიკურად არ სცალიათ. რაღაც სავაჭრო ღონისძიებები შეიძლება მიიღონ, თუმცა, მაინც მეეჭვება, რადგან თვითონ სანქციების ქვეშ არიან და რამე ზომები, რომ მიიღონ თვითონაც დაზარალდებიან", - აცხადებს ლაშა ბერიძე „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×