ნატალია ჯვარიძე
03.07.2024

იმ შემთხვევაში თუ ამერიკის არჩევნებში ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, სავარაუდოდ, იგი პუტინს შესთავაზებს გარიგებას, რომლის მიხედვითაც ნატო უარს იტყვის აღმოსავლეთით გაფართოებაზე და საქართველოსა და უკრაინის მიღებაზე. ამას გარდა, ტრამპი მზად იქნება პუტინთან მოლაპარაკებები გამართოს და ომის დასრულების სანაცვლოდ მას უკრაინის ტერიტორიები დაუთმოს. ამის შესახებ ამერიკული ონლაინ გამოცემა „პოლიტიკო" ტრამპის ორ ყოფილ მრჩეველზე დაყრდნობით წერს.

ტრამპის საგარეო ორიენტირების შესახებ ინტერესი განსაკუთრებით ბაიდენთან მისი დებატების შემდეგ გაცხოველდა, სადაც ექსპრეზიდენტმა მოქმედ პრეზიდენტს სრული ფიასკო აგემა, რომელიც იმდენად მძიმე იყო დემოკრატიული ბანაკისთვის, რომ ბაიდენის შეცვლაზეც კი დაიწყეს სერიოზული მსჯელობა.

ყოფილი მრჩევლები „პოლიტიკოსთან" აცხადებენ, რომ ალიანსის სრულ გაუქმებაზე, რაზეც ხშირად იყო საუბრები, ტრამპი არ წავა, ხელშეკრულების მე-5 პუნქტი, რომელიც კოლექტიურ ურთიერთდაცვას გულისხმობს, ასევე დარჩება ძალაში, თუმცა რესპუბლიკელების კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ნატოში ამერიკის ჩართულობის მასშტაბი მნიშვნელოვნად შემცირდება.

ამასთან, როგორც „პოლიტიკოს" ერთ-ერთმა რესპონდენტმა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა უთხრა, ამერიკა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების მიწოდებას გააგრძელებს.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ეს ინფორმაცია დასაზუსტებელია, თუმცა თუ ტრამპი პუტინთან დათმობაზე წავიდა, ესე იგი მას სხვა გამოსავალი არ აქვს.

„ის ალბათ ამაზე წავა იმ შემთხვევაში, თუ გამოსავალი არ ექნება. მე მაინც მგონია, რომ ეს შემოგდებული ინფორმაციაა, რომელსაც გადამოწმება სჭირდება. მართალია „პოლიტიკო" სერიოზული გამოცემაა, მაგრამ ბრმად მისი ნდობა არ შეიძლება", - აღნიშნავს ანჯაფარიძე.

ტრამპის მეორე იდეა არის ე.წ. ნატოს ორსაფეხურიანი სისტემა. ალიანსის წევრი ქვეყნები, რომელთა თავდაცვითი ხარჯები მშპ-ს 2%-ს არ აღწევს, არ ისარგებლებენ შეერთებული შტატების დაცვით და უსაფრთხოების გარანტიებით.

ამრიგად, ეს სახელმწიფოები არ დაექვემდებარებიან სამოკავშირეო ხელშეკრულების მე-5 მუხლს, რომლის მიხედვითაც ბლოკში მოკავშირეები კონფლიქტში უნდა შევიდნენ თავდასხმის ქვეშ მყოფი ქვეყნის მხარეზე. ამავდროულად, ტრამპის გუნდის ყოფილი წევრები აღნიშნავენ, რომ ეს საკმაოდ მოქნილი და ორაზროვანი პუნტქია და პრინციპში ერთმნიშვნელოვან სამხედრო მხარდაჭერას არ გულისხმობს.

რესპონდენტების თქმით, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ამერიკა ევროპის თავზე „ბირთვულ ქოლგას" შეინარჩუნებს, ასევე საჰაერო ძალას და ბაზებს გერმანიაში, ინგლისსა და თურქეთში, ისევე როგორც საზღვაო ფლოტს. ამავდროულად, ქვეითი ჯარის, ჯავშანტექნიკის, ლოგისტიკისა და არტილერიის ძირითადი ნაწილი გახდება ევროპული სახელმწიფოების პასუხისმგებლობა, რითაც შემცირდება ვაშინგტონის როლი ევროპის უსაფრთხოებაში.

ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ნაკლებად მოსალოდნელია ტრამპმა ეს განახორციელოს.

„ეს ინფორმაცია დიდი კითხვის ქვეშაა, თუ რამდენად სწორად მოიტანა „პოლიტიკომ" ის, რაც უთხრეს და არის თუ არა ეს მართლა ტრამპის გადაწყვეტილება? საერთოდ პოლიტიკოსები, განსაკუთრებით ამერიკაში და მითუმეტეს საპრეზიდნეტო კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიისას ბევრ რაღაცას ამბობენ, თუმცა მერე, როცა გაპრეზიდენტდებიან, ხშირად სხვა რამეებს აკეთებენ. ამრიგად, მე ვფიქრობ, რომ ეს სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს, რადგან ჯერ ტრამპი პრეზიდენტი უნდა გახდეს. თან მოგეხსენებათ მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული და ძალიან ბევრი ისეთი პროცესებია, რამაც შესაძლოა საპრეზიდენტო რბოლიდან მისი ჩამოშორება გამოიწვიოს. ამიტომაც, მე პირადად ამ ინფორმაციას მაინცდამაინც სერიოზულად არ აღვიქვამდი.

„ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, თითქოს ეს სიმართლეა, რუსეთთან ასეთ გარეგაბაზე წასვლა ეს არის ამერიკის მიერ სახის დაკარგვა, რადგან ამერიკის გადასახადების გადამხდელები პასუხს ხომ მოითხოვენ? წაგებულ საქმეში რატომ ვისვრიდით ამხელა თანხებსო?" - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×