
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ნაურუს რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, გააუქმოს დიპლომატიური ურთიერთობა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან. უწყების შეფასებით, ეს ნაბიჯი საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემის კიდევ ერთი დადასტურებაა და საფუძველს ქმნის საქართველოსა და ნაურუს შორის ოფიციალური ურთიერთობის დამყარებისთვის.
თავის მხრივ, ოპოზიციაში ნაურუს გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებენ, თუმცა, მიიჩნევენ, რომ ეს შედეგი, პირველ რიგში, დასავლელი პარტნიორების - აშშ-სა და ევროკავშირის მრავალწლიანი დიპლომატიური ძალისხმევის შედეგია.
მათი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსთვის დასავლურ პარტნიორობასა და არაღიარების პოლიტიკის საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას.
ამასთან, ოპოზიცია არ ეთანხმება ხელისუფლების შეფასებას, რომ მიღწეული შედეგი ქართული დიპლომატიის წარმატებაა.
რას ნიშნავს ნაურუს გადაწყვეტილება
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ნაურუს რესპუბლიკის გადაწყვეტილება დასავლური პარტნიორების დამსახურებაა, მისი თქმით, ეს რუსეთისთვის მნიშვნელოვანი დარტყმაა, რადგან იმ სახელმწიფოთა წრე ვიწროვდება, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს "აღიარებდა".
"ეს უფრო დასავლური დიპლომატიის დამსახურებაა. მაგალითად, ევროკავშირი, სირიის ხელისუფლებასთან აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა, გააუქმოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. აღიარების საკითხი. ამიტომ ამაზე დასავლეთი მუშაობს.
- ნიკა ჩიტაძე: " ეს დასავლური დიპლომატიის დამსახურებაა. მოსკოვი მაქსიმალურად ცდილობდა მიეღწია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საერთაშორისო სამართლებრივი აღიარებისთვის, ვერ გამოუვიდა. წრე ვიწროვდება"
"როცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ეს ქართული დიპლომატიის დამსახურებაა, მაშინ რაღაც დოკუმენტი უნდა იყოს წარმოდგენილი, ოფიციალური წერილი, ან მსგავსი რამ ნაურუს მოსთხოვეს საერთაშორისო აღიარების გაუქმება.
"თუ ითქვა, რომ ეს კულუარული საკითხია, მაშინ ძნელად დასაჯერებელი იქნება. თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს, მაშინ მხოლოდ მივესალმები.
"ეს ფაქტი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი დარტყმაა. მოსკოვი მაქსიმალურად ცდილობდა რომ საერთაშორისო ასპარეზზე მიეღწია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საერთაშორისო სამართლებრივი აღიარებისთვის, ვერ გამოუვიდა. მხოლოდ ოთხმა სახელმწიფომ - ვენესუელამ, ნაურუმ, სირიამ და ნიკარაგუამ "აღიარეს" და ახლა ეს წრეც ვიწროვდება.
"ახლა იზრდება შანსი, რომ სირიამაც და ვენესუელამაც გააუქმოს ე.წ. აღიარება. სირიაში ცოტა განსხვავებული ვითარებაა, იქ აფხაზური დიასპორაა, რომელიც მუშაობს, მაგრამ ამის მიუხედავად, არსებობს დიდი შანსი, რომ სირიამაც გააუქმოს ე.წ. აღიარების საკითხი",- განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანმიმდევრული მუშაობის შედეგია და ადასტურებს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ საფუძველს წარმოადგენს.
- გია აბაშიძე: "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სწორი მუშაობით დასტურდება, რომ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა გლობალური წესრიგის ერთადერთი საფუძველია"
"ნაურუს მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ე.წ. აღიარების უკან გაწვევა არის არაღიარების პოლიტიკის რეალური შედეგი და საერთაშორისო სამართლის უზენაესობა.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სწორი მუშაობით დასტურდება, რომ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა გლობალური წესრიგის ერთადერთი საფუძველია.
"ოფიციალური თბილისი მხოლოდ პოზიციას კი არ იცავს, არამედ მზადაა ნაურუსთან ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს და ახალი პარტნიორული არეალი გააფართოვოს." - წერს აბაშიძე.
საგარეო უწყების პოზიცია
სამინისტრომ 29 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიესალმება ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს, ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის" და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის" დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.
ამავე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს.
„საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ხელმძღვანელმა და ვიცე-პრემიერმა მაკა ბოჭორიშვილმა კი განაცხადა, რომ საგარეო უწყება გააგრძელებს მუშაობას, რომ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკანონოდ იყო მიღებული, უკან იყოს წაღებული.
"ნაურუს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა საქართველოს არაღიარების პოლიტიკისა და იმ დიპლომატიური ძალისხმევის, რასაც საგარეო სამსახური ახორციელებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად საერთაშორისო ასპარეზზე.
"თავის დროზე, როდესაც ნაურუს მიერ გადაწყვეტილება იყო მიღებული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ, ეს იყო საერთაშორისო სამართლისა და ნორმების უხეში დარღვევა. რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივად ვმუშაობდით სხვადასხვა პარტნიორთან იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება უკან ყოფილიყო წაღებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო პერიოდში განხორციელებული მუშაობა, რისი შედეგიც არის დღევანდელი გადაწყვეტილება.
"პირველ რიგში, მინდა, მივულოცო ყველა დიპლომატს, ვინც არ იშურებს ძალისხმევას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის საერთაშორისო ასპარეზზე მუშაობისთვის და, რა თქმა უნდა, ვუსურვო წარმატება ჩვენს ქვეყანას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში გადადგმულ ნაბიჯებში.
"ეს არის რთული პროცესი, არ არის მარტივი. ახლოვდება 2008 წლის ომის წლისთავი. ამ ომის შედეგი იყო სწორედ აფხაზეთისა და ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და სამწუხაროდ, ის საერთაშორისო შედეგები, რაც მოჰყვა ამ აღიარებას საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის მხრიდან.
"ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკანონოდ იყო მიღებული, უკან იყოს წაღებული და ასევე გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ოპოზიციის შეფასება
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და დიპლომატი გია ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ნაურუს მიერ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და ცხინვალის რეგიონთან „დიპლომატიური
ურთიერთობების" გაუქმება ამერიკული და ევროპული დიპლომატიის დამსახურება და გამარჯვებაა და არა ქართული დიპლომატიის.
"ნაურუს მიერ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და ცხინვალის რეგიონთან "დიპლომატიური ურთიერთობების" გაუქმება არის ამერიკული და ევროპული დიპლომატიის დამსახურება და გამარჯვება.
"არაღიარების პოლიტიკა ამდენი ხანი ამერიკელების და ევროპელების დახმარებით არის წარმატებული.
"ამიტომ არის საჭირო აშშ-თან და ევროპის კავშირთან პარტნიორობა, ევროპის კავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ეროვნული თვითმყოფადობა რომ შევინარჩუნოთ, რასაც რუსეთი და ივანიშვილის ოჯახი გვართმევს.
"ნუ ბოდავთ, რა ქართული დიპლომატიის გამარჯვება. სადღაა ქართული დიპლომატია, რუსეთის მიდ-ის ქვეგანყოფილებად არის ქცეული ბოჭორიშვილის დაბალი მოდის კანტორა", - აცხადებს გია ჯაფარიძე.