
„მადლობა მინდა გადავუხადო, როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“ საუბრისას.
კერძოდ, იტალიურ კომპანია „იტალ ფარმაკოსთან“ მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის არის განკუთვნილი. მიხეილ სარჯველაძის თქმით, მართალია მოლაპარაკებას უშუალოდ სამინისტრო წარმართავდა, თუმცა ამ პროცესში ყველა იყო ჩართული.
„პირველ რიგში, მადლობას გიხდით საკითხით დაინტერესებისთვის და გაშუქებისთვის. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. საზოგადოდ მნიშვნელოვანია, ბუნებრივია ინტერესიც თანმხლებია ამის ყველაფრის, ვინაიდან ბოლო პერიოდში, თვეების განმავლობაში საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მოისმინა საზოგადოებამ ამ დაავადების შესახებაც, მისი სამკურნალო საშუალებების შესახებაც და ამასთან დაკავშირებით ინტერესს ეს განაპირობებდა.
ვიდრე საკითხზე მოგახსენებდეთ, რაკი თქვენი წინა სტუმარი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი, მინდა შესაძლებლობით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს, პირადად მას, მის მოადგილეს, ბატონ გიორგი ზურაბაშვილს, ელჩს, საქართველოში იტალიის ელჩს და იტალიის სამთავრობო სტრუქტურებს, რომლებთან თანამშრომლობითაც საკმაოდ ბევრი სასიკეთო ძვრა იყო განპირობებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იყო, მხარდაჭერა იყო და მინდა მადლობა გადავუხადო როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე მათ კოლეგებს იტალიიდან.
თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ მუშაობაც თვითონ იტალიურ კომპანიასთან წარიმართა ფართო ჩართულობით. მართალია მოლაპარაკებას უშუალოდ სამინისტრო ახორციელებდა, სამინისტრო წარმართავდა ამ კომპანიასთან, მაგრამ ბუნებრივია ყველა რაღაცნაირად ვემზადებოდით, ყველა ვიყავით ჩართული ამ პროცესში. ეს განაპირობებდა კიდეც, წარმატებულად დასრულებისთვის კარგ წინაპირობებს ქმნიდა“, - აღნიშნა მინისტრმა.