რეზონანსი
26.08.2026

დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

დეპუტატი სააკაშვილისა და მისი პარტიის წევრების რიტორიკას გარედან მიღებულ დავალებას უკავშირებს.

„რასაც გარედან დაუკვეთავენ, ამას აკეთებენ. თავიდან იყო საერთაშორისო დაკვეთა რომ რუსეთი არ უნდა გაეღიზიანებინათ და პირიქით, მაქსიმალურად უნდა გადაეფარებინათ კალთა, დღეს კი არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა“ - აღნიშნა მახაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა „ლარსის“ სასაზღვრო პუნქტიდან ვიდეო გაავრცელეს, სადაც აცხადებენ, რომ „სწორედ აქედან შემოდის უკონტროლოდ ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი. ისინი მოდიან ჩვენს ქვეყანაში და იღებენ მოქალაქეობას ძალიან მარტივად“.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, „ვრცელდება მანიპულაციური და დეზინფორმაციული ინფორმაცია იმის შეახებ, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე მგზავრთა შემოდინების მაჩვენებელი. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას.“

ამასთან, სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში - 17-დან 24 აგვისტომდე პერიოდში, სასაზღვრო გამშვები პუნქტის „ლარსის“ გავლით, საქართველოში შემოვიდა სხვადასხვა ქვეყნის 52 953 მოქალაქე და ქვეყნიდან გავიდა 61 691.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×