
2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბრძოლა უკვე აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გამოკითხვებში ყველაზე ძლიერ პოზიციაზე მემარჯვენე მარინ ლე პენი რჩება. მის მთავარ შესაძლო კონკურენტად კი სულ უფრო ხშირად სახელდება ულტა-მემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონი, რომლის მხარდაჭერაც ბოლო კვლევებში გაიზარდა.
ცენტრისტულ და მემარჯვენე-ცენტრისტულ ფლანგზე მნიშვნელოვან ფიგურად რჩება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ედუარ ფილიპი, ხოლო ცენტრისტულ-მემარცხენე ბანაკში ბრძოლაში ახლახან ჩაერთო 46 წლის ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი, ქართველების ყოფილი სიძე (მისი ყოფილი მეუღლე იყო ეკატერინე ზღულაძე, სააკაშვილის მმართველობის დროს შს მინისტრის პირველი მოადგილე 2006-2012 წლებში, რომელიც მცირე ხნით, 2012 მინისტრის პოსტსაც იკავებდა.) გლუკსმანმა კანდიდატურა 23 აგვისტოს ოფიციალურად გამოაცხადა. სატელევიზიო ეთერში თქვა, რომ მისი მიზანი მემარცხენე ძალების გაერთიანება და ულტრა-მემარჯვენეობის წინააღმდეგ ბრძოლაა.
ერთი რამ ცხადია: ეს არჩევნები უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენა იქნება არა მხოლოდ საფრანგეთისთვის, რომელიც ჯერ კიდევ გონს მოდის 2024 წლის ვადამდელი არჩევნების შემდეგ მიღებული დაქსაქსული პოლიტიკური ლანდშაფტისგან, არამედ მთელი ევროპისთვისაც.
ახალი გამოკითხვა
ახალი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ „უპოვარი საფრანგეთის" რადიკალი მემარცხენე ლიდერი ჟან-ლიუკ მელანშონი, გამოკითხული ხუთი შესაძლო სცენარიდან სულ მცირე სამში მეორე ტურში გასვლას ახერხებს, ხოლო მეოთხე სცენარში მეორე ადგილს იყოფს. თუმცა გადამწყვეტ ტურში მარინ ლე პენთან იგი დამაჯერებლად მარცხდება.
- პირველ ტურში მელანშონის მოსალოდნელი შედეგი 16%-იდან 17%-მდე მერყეობს, ხოლო ლე პენი ხმათა 35%-იდან 38%-მდე იღებს. მეორე ტურში კი ლე პენი მელანშონს ხმების 64%-ით ამარცხებს.
ეს გამოკითხვა საკმაოდ დამაფიქრებელია საფრანგეთის ცენტრისტი კანდიდატებისთვის, რომლებიც სულ უფრო პოლარიზებული ამომრჩევლის გულის მოგებას უშედეგოდ ცდილობენ.
ემანუელ მაკრონის მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადის მიწურულს, არაპოპულარული პრეზიდენტი პოლიტიკურად დაცარიელებულ ცენტრსა და სუსტ ეკონომიკას ტოვებს, რაც გზას უხსნის ისეთ ხისტ პოლიტიკურ ძალებს, როგორებიცაა მელანშონისა და ლე პენის გაერთიანებები.
„მეორე ტურში ქალბატონი ლე პენისა და ბატონი მელანშონის პირისპირ შეხვედრის რისკი რეალური და სერიოზულია", - განუცხადა ჟურნალისტებს ორშაბათს ცენტრისტმა კანდიდატმა ედუარ ფილიპმა.
პირველ ტურში მელანშონის მოსალოდნელი შედეგი 16%-იდან 17%-მდე მერყეობს, ხოლო ლე პენი ხმათა 35%-იდან 38%-მდე იღებს. მეორე ტურში კი ლე პენი მელანშონს ხმების 64%-ით ამარცხებს.
მელანშონს საპრეზიდენტო არჩევნებში ბედი უკვე სამჯერ (2012, 2017 და 2022 წლებში) აქვს ნაცადი, თუმცა მეორე ტურში გადასვლა ვერცერთხელ ვერ შეძლო.
„მებრძოლი ბებია" - ლე პენის კანდიდატურა.
საფრანგეთს უყვარს პოლიტიკურ ქარიშხლებში გამოვლილი, საბრძოლო სულისკვეთების მქონე ფიგურები. შარლ დე გოლი, ფრანსუა მიტერანი და ჟაკ შირაკი თავის დროზე პოლიტიკური მარცხის შემდეგ ფენიქსივით აღდგნენ და რესპუბლიკის პრეზიდენტები გახდნენ. საკმაოდ მაღალია იმის შანსი, რომ მათ კვალს მარინ ლე პენიც გაჰყვეს.
მას შემდეგ, რაც პარიზის სააპელაციო სასამართლომ ის თაღლითობის ბრალდებით დაკისრებული საარჩევნო აკრძალვისგან გაათავისუფლა, ულტრამემარჯვენე ვეტერანს მომავალი წლის საპრეზიდენტო რბოლაში ორმაგი მიმზიდველობა ენიჭება. როგორც ყოველთვის, პოლიტიკური ელიტების დაუძინებელი მტრისა და „აუტსაიდერის" ამპლუაში იასპარეზებს - მიუხედავად იმისა, რომ 1998 წლიდან მოყოლებული უწყვეტად იკავებს არჩევით თანამდებობებს. ამასთან, ახლა მას შეუძლია თავი წარმართოს, როგორც „სასწაულებრივად გადარჩენილმა", „გმირმა დედამ" და „მებრძოლმა ბებიამ" - სწორედ ასე დაახასიათეს ის ფრანგმა მაღალჩინოსნებმა და ყოფილმა მინისტრებმა პარიზში გამართული ბოლოდროინდელი საუბრებისას.
კაცს შეიძლება ეფიქრა, რომ ლე პენი 7 ივლისს თაღლითობის ბრალდებისგან გაამართლეს. ასე არ მომხდარა. მოსამართლეებმა, არსებითად, დაადგინეს, რომ თუ ვინ გახდება პრეზიდენტი, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა სასამართლომ. მათ ლე პენს პოლიტიკური საქმიანობის ხუთწლიანი აკრძალვა - რაც გასულ წელს პარიზის სისხლის სამართლის სასამართლომ დააკისრა- უკვე მოხდილ ვადად ჩაუთვალა.
ახლა ის ევროკავშირის 4 მილიონ ევროზე მეტი თანხის მითვისებისთვის ორზგის მსჯავრდებულია. თუ საფრანგეთის უმაღლესი სასამართლო მის საბოლოო სააპელაციო საჩივარს სწრაფად განითხილავს და უარყოფს, შესაძლოა მომავალ გაზაფხულზე წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება ფეხზე ელექტრონული სამაჯურით მოუწიოს.
და მაინც, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჩატარებული ორი საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა აჩვენებს, რომ მომავალ წელს, ორკანდიდატიან მეორე ტურში, მას ყველა სავარაუდო ოპონენტის დამარცხება შეუძლია.
ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად, მეორე ტურში ლე პენი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ედუარ ფილიპს, ემანუელ მაკრონის ცენტრისტული კურსის გაგრძელების ყველაზე ძლიერ პრეტენდენტს, 54%-ით 46%-ის წინააღმდეგ ამარცხებს. მას თითქმის ანალოგიური უპირატესობა აქვს 65 წელს გადაცილებულ ამომრჩეველშიც.
თუმცა, არსებობს კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ასაკოვანი ამომრჩევლისთვის გადამწყვეტია: ეკონომიკური სტაბილურობა. 2017 და 2022 წლებში ეკონომიკურ თემებზე გამართულ ტელედებატებში ლე პენის სუსტი გამოსვლა სწორედ ის ფაქტორი იყო, რამაც მაკრონს მისი დამარცხება გაუადვილა.
ლე პენის დაბრუნება „მარინომიკასთან" და ევროკავშირის შიგნიდან რყევის პოლიტიკასთან დაბრუნებას ნიშნავს. იმ ფონზე, როდესაც საფრანგეთის ვალი 3.5 ტრილიონ ევროს შეადგენს და ქვეყანა მუდმივად ფისკალური კრიზისის ზღვარზე ბალანსირებს, ულტრამემარჯვენე მთავრობის პერსპექტივამ, შესაძლოა, ასაკოვანი და შეძლებული ამომრჩეველი დააფრთხოს.
ამაზე ლე პენს მზა პასუხი ექნება: მაკრონმა თავისი „ჭკვიანური საუბრებით" ორჯერ მოგატყუათ, შეხედეთ, სადამდე მიგიყვანათ ამან - დამატებით 1 ტრილიონი ევროს ვალი. დროა, შანსი მიწაზე მყარად მდგომ ქალს მისცეთ. ამაზე უარესად მაინც ვერ ვიზამ.