
სახალხო დამცველის რწმუნებულმა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში პირადად მოინახულა გიორგი ფეიქრიშვილი, - ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს, რითაც პატიმარ გიორგი ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ ეტაპზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გიორგი ფეიქრიშვილს პრეტენზიები არ აქვს.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის საქმესთან დაკავშირებით განხორციელებული რეაგირების შესახებ.
2026 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის შესახებ და თხოვნა ბრალდებულის მონახულების თაობაზე.
მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სახალხო დამცველის რწმუნებულმა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში პირადად მოინახულა გიორგი ფეიქრიშვილი. ბრალდებულის განმარტებით, იგი საკანში მარტო იმყოფება და მასთან ერთად სხვა პატიმრები არ არიან განთავსებული. ამასთან, მისი განცხადებით, ამ ეტაპზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს. აღსანიშნავია, რომ მონახულებისას გიორგი ფეიქრიშვილს სახალხო დამცველის აპარატის მიმართ დამატებითი მოთხოვნები არ დაუფიქსირებია", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ცნობისთვის, კრიმინალურ წრეებთან დაახლოებული ძმები ფეიქრიშვილების დედის, ნინო აბრამიშვილის ინფორმაციით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი ამჯერად საკანში მის მეორე შვილთან, გიორგი ფეიქრიშვილთან შევიდა. აღნიშნული ინფორმაცია სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარყო.