თამთა ჩაჩანიძე
25.10.2026

საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების შესაძლო აკრძალვის საქმეზე არსებითი განხილვა იწყება. აქამდე გამართული პროცესების ფონზე, ოპოზიციური პარტიებისა და მათი ინტერესების დამცველების მთავარი პრეტენზია უცვლელია - მათი განცხადებით, ვერც მოსარჩელე მხარე, საპარლამენტო უმრავლესობა, და ვერც თავად სასამართლო ვერ ასაბუთებენ, კონკრეტულად რა დანაშაულებრივ ქმედებებსა თუ ბრალს უყენებენ თითოეულ პარტიას.

ამ ფონზე, ანალიტიკოსები უშვებენ იმ სცენარს, რომ ხელისუფლებამ ყველა დასახელებული პოლიტიკური ძალის აკრძალვა არ მოითხოვოს და საბოლოოდ ერთმა, ან ორმა პარტიამ შეზღუდვას თავი დააღწიოს. მათი შეფასებით, ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენად შორს წავა „ქართული ოცნება" ამ პროცესში.

ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ მათი მიზანია სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს და ხუთივე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს.

„სინამდვილეში ეს პოლიტიკური პარტიები არაა, ეს არის ერთი პოლიტიკური პარტია. სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია „კოლექტიური ნაცმოძრაობა", ამ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა და უცხოური აგენტურის ადგილი ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში არ არის",- განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ამ ერთი კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოში გაჯანსაღდეს დემოკრატიული სისტემა.

„ოცნების" ყოფილი წევრები კი აცხადებენ, რომ გარკვეულ პარტიებზე სასამართლოს ბრალის დასაბუთება შეიძლება გაუჭირდეს.

აკრძალავენ თუ არა ყველა პარტიას

როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთნ" აცხადებს, ოპოზიციური პარტიებიდან აკრძალვის საფრთხე შესაძლოა როგორც „ლელოს", ისე გახარიას პარტიას დაემუქროს, თუმცა მათი გადარჩენა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მიმართულებით გაამახვილებს ხელისუფლება ყურადღებას. თუ ხელისუფლება პარტიების საქმიანობას 2012 წლის შემდეგ პერიოდს შეაფასებს, შესაძლოა მათ მიმართ სანქციები გაატაროს. თუმცა, თუ აქცენტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე გაკეთდება, შესაძლოა „ლელომ" და გახარიას პარტიამ აკრძალვას თავი დააღწიონ. საბოლოო შედეგი კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კრიტერიუმებითა და რომელ პოლიტიკურ პროცესებზე დაყრდნობით იმოქმედებს ხელისუფლება.

  • რამაზ საყვარელიძე: „თუკი იმ პროცესზე გაკეთდება აქცენტი, რაც დღეს აქტუალურია, მაშინ „ლელოსა" და გახარიას პარტიის მიმართ შეიძლება რაიმე სანქციები აღარ გატარდეს"

„გააჩნია სიმკაცრის ხარისხს, როგორ და რამდენად მოუჭერს მოთხოვნებს სახელისუფლო მხარე. არაა გამორიცხული მათი აკრძალვაც, რადგან მაგალითად, „ლელოს" პირველი პირი, მამუკა ხაზარაძე გერმანიის ელჩს მასპონძლობდა, რომელსაც საქართველოსთან დიდი სიმპათიები არ აკავშირებდა

„თუკი ქვეყნის ინტერესების მიმართ პოლიტიკოსების დამოკიდებულებაზე ვლაპარაკობთ, აქაც შეიძლება პრეტენზია გაჩნდეს. ანალოგიურად გახარიას რაღაც ნაბიჯებმა სირთულეები შექმნა ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან და რუსული გავლენის ქვეშ მყოფებმა ეს გამოიყენეს - აქაც შეიძლება პრეტენზია წამოაყენონ.

„თუმცაღა, არის სხვა ჭრილიც, მაგალითად, ეს მსვლელობები და აქციები, რომელიც წელიწადზე მეტია უკვე თბილისში ხდება და რაც მთავარია, ეს აქციები არის უილსონის თამადობით უცხოელი პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრში და სულ იმაზე აპელირებენ, რომ, აი, რა ხდება საქართველოში. ანუ ეს აქციები გარკვეულ საფუძველს, საკვებს აძლევს ისეთ განწყობილებებს, რაც შეიძლება შეფასდეს როგორც ანტიქართული ნაბიჯი იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც აქციებს მხარს უჭერენ, ან მათში მონაწილეობენ.

„თუკი იმ პროცესზე გაკეთდება აქცენტი, რაც დღეს აქტუალურია, მაშინ მაგ პარტიების („ლელო", „გახარია საქართველოსთვის") მიმართ შეიძლება რაიმე სანქციები აღარ გატარდეს. თუ ზოგადად ფოკუსი იქნა 2012 წლის შემდეგ პერიოდზე, მაშინ გატარდება. პროცესი წარიმართება იმის მიხედვით, ფოკუსირება როგორია."

ამასთან, როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, ხელისუფლებამ შეიძლება პროცესი დროში გაწელოს, რადგან ამ ეტაპზე „ოცნებას" პარტიების აკრძალვა არ აწყობს. თუმცა, თუ საქმე აკრძალვამდე მივა, ყველაზე მეტი შანსი შეზღუდვას გადაურჩეს, გიორგი გახარიას პარტიას აქვს, შედარებით მაღალია „ლელოს" შანსიც. ძაბირაძე ვარაუდობს, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა საპარლამენტო მრავალპარტიულობის შესანარჩუნებლად პარლამენტს მიღმა არსებული, ან ახლად შექმნილი პოლიტიკური ძალები გამოიყენოს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.

„ვფიქრობ, რომ ყველას არ აკრძალავენ, რა თქმა უნდა. საერთოდ თუ ვინმე აკრძალეს, ეგეც კითხვის ქვეშ დგას, გარკვეულწილად ალბათ დროს გაწელავენ. დრო იწელება და ახლა არაა შესაფერისი მომენტი იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ" პარტიები აკრძალოს. ამ წუთში მათ პარტიების აკრძალვა არ სჭირდებათ, ასე რომ ყველას, რა თქმა უნდა, არ აკრძალავენ.

  • ვახტანგ ძაბირაძე: „ვფიქრობ, რომ ყველას არ აკრძალავენ, რა თქმა უნდა. საერთოდ თუ ვინმე აკრძალეს, ეგეც კითხვის ქვეშ დგას. ახლა არაა შესაფერისი მომენტი იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ" პარტიები აკრძალოს"

„კი ბატონო, იმ პარტიებიდან, რომლებიც დასახელდა, ყველაზე მეტი შანსი, რომ აკრძალვის გარეშე დარჩნენ, არის „ლელო" და გახარიას პარტია. ალბათ ეს უფრო ახლოს დგას ჭეშმარიტებასთან. ყოველ შემთხვევაში, ბოლო-ბოლო თუ საქმე-საქმეზე მიდგა, გახარიას პარტიას ყველაზე მეტი შანსი აქვს, რომ არ იქნეს აკრძალული და დანარჩენი, ასე ვთქვათ, მრავალპარტიულობა შეივსება პარლამენტს გარეთ არსებული თუ ახლად ჩამოყალიბებული პარტიების წარდგინებით, რომლებიც მონაწილეობას მიიღებდნენ არჩევნებში."

ვინ შეიძლება გადაურჩეს

„ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსთან" განაცხადა, რომ გიორგი გახარიას პარტიისა და „ძლიერი საქართველო - ლელოს" მიმართ ამკრძალავი ვერდიქტი არ იქნება გამოყენებული და ეს იქნება ერთგვარი ჩვენება იმისა, რომ სასამართლო „ქართული ოცნების" ყველა მითითებას უპირობოდ არ ასრულებს.

„ვფიქრობ, არ იქნება ცალსახად ისეთი გადაწყვეტილება, რომ ყველა ის პარტია, რომელიც მითითებულია სარჩელში, აიკრძალება. ამას ვამბობ როგორც პოლიტიკოსის, ისე იურისტის გადმოსახედიდან იმიტომ, რომ ყველა გადაწყვეტილებას შესაბამისი მტკიცებულება სჭირდება. ეს არ არის წვრილმანი ქურდობის საქმე, რომ საზოგადოებას დიდად არ აინტერესებდეს თავისი დასაბუთებით. შესაბამისად, როდესაც გადაწყვეტილება გამოვა, სხვადასხვა იურისტი ამ გადაწყვეტილების შესწავლას დაიწყებს, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე.

„სასამართლომაც ხომ უნდა დაასაბუთოს და რთულია კონკრეტული დასაბუთება იმის, რომ პარტია, რომელიც იმ პერიოდში საერთოდ არ არსებობდა, არ იყო არც მმართველ რგოლში და არც გადაწყვეტილებებს იღებდა, რატომ უნდა იყოს აკრძალული. „ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვის ნაწილშიც საჭიროა დასაბუთება, რადგან დღეს, 14 წლის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას" რატომ ედავები, ამ ნაწილშიც საჭირო იქნება მსჯელობა. ალბათ, დასვამს ვინმე ამ კითხვასაც სასამართლოს წინაშე. საბოლოოდ, როგორც პოლიტიკოსს, როგორც იურისტსა და როგორც ადამიანს, როდესაც ვუყურებ პირდაპირ ეთერებს, ისეთი განცდა მრჩება და ისეთი მიმართულებით მიდის საქმე, ვხედავ, რომ ერთიანი აკრძალვის გადაწყვეტილება არ იქნება და იქნება პარტიების გამოყოფა.

„ვფიქრობ, რომ ყველა არ აიკრძალება, მეტიც, რამდენიმე პარტიაზე მაქვს ჩემი მოსაზრება, რომ ალბათ სასამართლოში პირდაპირ ამ პარტიების მიმართ იქნება საუბარი, რომ მათ მიმართ არ დაკმაყოფილდეს მოთხოვნა. მაგალითად, გახარიას პარტიასა და „ლელოზე" სასამართლოს უბრალოდ გაუჭირდება დასაბუთება, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ისინი ერთიან სარჩელში შეიტანეს, მაგრამ იმაზე იქნება ხაზგასმა, აი, როგორი სასამართლოა, ყველა არ დააკმაყოფილა, თქვენ რომ ამბობთ, ჩვენს დავალებებს ასრულებსო, მათ მიმართ არ შეასრულაო და იქნება პოლემიკა", - განაცხადა კახიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×