
„ეს არის ის აუცილებელი პროცესი, რაც უნდა გაევლო ქვეყანას. ფაქტობრივად ამ საკონსტიტუციო სარჩელით ჩვენ სამართლებრივ შეფასებას მივცემთ ბოლო 22 წელს, სადაც უმძიმესი დანაშაულები ატარეს ამ ადამიანებმა თავიანთი პარტიების სახით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკასთან“.
როგორც მან აღნიშნა, სისტემას ქმნიან ადამიანები და დანაშაულებრივი რეჟიმის ლიდერები იხდიან სასჯელს, ახლა კი მიმდინარეობს პროცესი, რომელსაც დიდი ხანია ელოდა ქართველი ხალხი.
„რევოლუციების პრევენცია და გადატრიალებების მცდელობების აღმოფხვრა არის მიკრო და პატარა კომპონენტი ჩვენი სარჩელის. ჩვენი სარჩელის მთავარი მიზანი არის ქართველი ხალხის უფლებების დაცვა და დაცვა იმისა, რომ ეს ქვეყანა იყოს დემოკრატიული, კონსტიტუციური და სამართალზე დაფუძნებული სახელმწიფო.
ეს პროცესი გულისხმობს ამ პარტიების აკრძალვას. ამ პარტიების დასახელებების, ნუმერაციის, სიმბოლიკის გამოყენების აკრძალვას. ჩემი პირადი მოსაზრება თუ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა ის ადამიანები ვინც იყვნენ ამ რეჟიმის შემქმნელები არიან გაცილებით მეტად დამნაშავეები, ვიდრე კონსტიტუციურად გაწერილი ფორმატის უბრალოდ მონაწილე მხარეები. თუ გავიხსენებთ ყველაზე ხმაურიან ნიურნბერგის პროცესიდან დაწყებული, ბევრი სხვა პროცესი ვიცით, სადაც კონკრეტული ლიდერები გასამართლდნენ. ადამიანები ქმნიან ამ სისტემას ამიტომ ნებისმიერი მათგანი, რომელიც თუნდაც ახლა ველზე ჩანს, არ ოკდება და ასევე ეძალება ქართველ ხალხს თავისი ძალადობრივი შინაარსით არის ნამდვილად ამის მონაწილე.
ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ საშუალებას, რომელსაც ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი სამართლებრივი ჩარჩო გვაძლევს. ქართველი ხალხისთვის ალბათ დამამშვიდებელი არის ის, რომ ბევრმა მათგანმა მოიხადა სასჯელი. მათი ყველაზე ოდიოზური ლიდერები მიხეილ სააკაშვილის სახით ახლაც იხდის სასჯელს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.