რეზონანსი
23.10.2026

ჩვენი მთავარი მოტივაციაა, ხალხს დავანახოთ სარჩელის აბსურდულობა. ამ პროცესის ყურებით უფრო მეტი ადამიანი ხედავს, რეალურად რასთან გვაქვს საქმე - ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში გვინდა ჩვენი სიმართლის დამტკიცება, ესაა ჩვენი მთავარი მიზანი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის პროცესის შეფასებისას განაცხადა.

„პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ ის, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში ხდება, რეალურად „აბსურდის თეატრია“.

„ოცნება“ რომ ისეთია, როგორიც არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენც ისეთები უნდა გავხდეთ. სწორედ ამის ჩვენება ხდება დღეს, „ოცნების“ ლუსტრაცია ხდება იმ პროცესით. რა თქმა უნდა, ეს უნდა ითქვას ცალსახად, რომ ეს არ არის მხოლოდ პარტიების აკრძალვის საქმე, ეს ბევრად სახიფათო და დამაზიანებელი პროცესია. ეს არის პროცესი, როცა ნებისმიერი განსხვავებული აზრი ამ ქვეყანაში იქნება გამოცხადებული არაკონსტიტუციურად, ანუ იკრძალება. „ოცნება“ ამბობს, რომ ნებისმიერი ჩემგან განსხვავებული მოსაზრება ამ ქვეყანაში აკრძალულია. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა აქვთ შეზღუდული და ისინი ერთგვარ თვითცენზურის რეჟიმში გადადიან. ბრუტალური ძალაუფლების და რადიკალური ხელისუფლების შიშმა უნდა დათრგუნოს, მოგუდოს მთელი საზოგადოება. რაც ნიშნავს, რომ დემოკრატიის მთავარი, ფუნდამენტური პრინციპი, რომ ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს დემოკრატიული გზით, არჩევნების გზით, არის გადახაზული... რეალურად აბსურდის თეატრია“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

შარაშიძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც უპასუხა, რომელმაც გახარიას პარტია „ქართულ ოცნებასთან” კეკლუცობაში დაადანაშაულა.

გიორგი შარაშიძე მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, რომ გონიერებას მოუხმოს და „ფოკუსი გაასწოროს“.

„მინდა მოვუწოდო ქალბატონ სალომეს, როგორც მინიმუმ, ფოკუსი გაასწოროს. ჩვენ ყოველთვის გონივრულად, ზომიერად ვიყავით მასთან დამოკიდებულებაში. ზოგადად პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს ვცემდით და ა.შ. თუ ვინმეს ინფორმაცია აქვს, ჩვენი გუნდია და გასაგები მიზეზების გამო აქ დავსვათ წერტილი. ცოტა გონიერებას მოუხმოს სალომე ზურაბიშვილმა და დღეს ამ კონკრეტულ მომენტში, ამ ვითარებაში მისი განცხადება რა მიზნებს ემსახურება ამაზე არ გვალაპარაკოს და ისიც არ შეგვახსენებინოს, რომ დღეს რომ აქამდე მივიდა „ოცნება“, საკონსტიტუციო სასამართლოში რომ ეს აბსურდია მოწყობილი, ეს შემთხვევით 4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო პროვოკაციის ერთგვარი შედეგიც ხომ არ არის, სადაც ზუსტად სალომე ზურაბიშვილი იყო ერთ-ერთი მთავარი მონაწილე“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×