რეზონანსი
26.10.2026

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან ერთად, გორის №11 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებსა და პედაგოგებს შეხვდა.

გორის №11 საჯარო სკოლისთვის ახალი შენობის მშენებლობის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს (ESIDA) გაუქმების შემდეგ გადაეცა.

შეხვედრაზე მინისტრმა სასკოლო საზოგადოებას მშენებლობის შეფერხების მიზეზები განუმარტა. რევაზ სოხაძის განცხადებით, კონტრაქტორი კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების არც ტემპი და არც ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი, რამაც პროექტის განხორციელებაში პრობლემები შექმნა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ კარგად ესმის მშობლებისა და პედაგოგების უკმაყოფილება და ის სირთულეები, რომლებსაც მშენებლობის გაჭიანურება სასკოლო საზოგადოებას უქმნის.

რევაზ სოხაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარებისა და მშენებლობის დასრულების ვადების მიუხედავად, სამინისტრო არ დაუშვებს კომპრომისს ხარისხთან დაკავშირებით. ახალი სკოლის მშენებლობა უნდა განხორციელდეს დადგენილი სტანდარტებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების სრული დაცვით.

მინისტრმა მშობლებისა და პედაგოგების შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ 20 დღეში სასკოლო საზოგადოებას კვლავ ადგილზე შეხვდება, გააცნობს მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას და სკოლის დასრულების დაზუსტებულ ვადას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×