
პენტაგონის ხელმძღვანელი პიტ ჰეგსეთი აფერხებს უკრაინისთვის Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების იმ რაკეტა-გადამჭერების მიწოდებას, რომლებიც ევროპელმა მოკავშირეებმა უკვე შეიძინეს და რომლებსაც რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება შეუძლიათ.
საუბარია უახლეს PAC-3 ტიპის რაკეტებსა და წინა თაობის PAC-2 ტიპის გადამჭერებზე, რომელთა
კიევისთვის გადაცემას შეერთებული შტატები მანამდე დათანხმდა.
რამდენიმე ოფიციალური პირისა და საკითხში ჩახედული წყაროს ინფორმაციით, ჰეგსეთის გადაწყვეტილებით, არ გაგზავნილა სექტემბერში დაგეგმილი 8 ერთეული PAC-3, ოქტომბერში - 10, ნოემბერში - 10, ასევე კიდევ 12 რაკეტა, რომლებიც უკრაინას დეკემბერში უნდა მიეღო.
უკრაინელი ოფიციალური პირის ცნობით, მიწოდების ნებართვას ელოდება ასევე დაახლოებით 20 ერთეული PAC-2 ტიპის რაკეტა.რაკეტების ნაწილი ევროპული სამხედრო არსენალებიდან უნდა ყოფილიყო მიწოდებული.
უკრაინის ხელისუფლება ამ ნაბიჯს, Starshield-ის თანამგზავრული კავშირის მუშაობის სიჩქარეზე დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად, ვაშინგტონის კოორდინირებული მოქმედებების ნაწილად აფასებს, რომელთა მიზანი, უკრაინის პოზიციების შესუსტება და კიევის დაყოლიებაა რუსეთის სასარგებლოდ ტერიტორიულ და სხვა დათმობებზე.
„ფაინენშალ თაიმს"-ის წყაროების განცხადებით, საბრძოლო მასალის არქონის გამო Patriot-ის გამშვები დანადგარების უმოქმედობა იწვევს იმას, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ გაშვებული პრაქტიკულად ყველა ბალისტიკური რაკეტა უკრაინის ტერიტორიაზე დასახულ სამიზნეს აღწევს.