გვანცა წულაია
28.05.2024

გამჭვირვალობის კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის დღეს, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების ფასი ისევ დაეცა, თუმცა სხვაობა ამჯერად ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე კანონპროექტის მიღების პერიოდში. პარალელურად გაუფასურდა ლარიც, მაგრამ სხვაობა ამ შემთხვევაშიც ნაკლები აღმოჩნდა და თან „ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე დაცემულმა კურსმა გამყარება გუშინვე დაიწყო.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გუშინ 1-2%-ით დაეცა. თუ გავიხსენებთ კანონპროექტის დამტკიცების პერიოდს, ვნახავთ, რომ მაშინ, ქართული კომპანიების აქციების ფასმა მინიმუმ 10-15%-ით იკლო, ახლანდელი მოცემულობა კი განსხვავებულია. 

თბილისის დროით 13:00 საათისთვის „საქართველოს ბანკის"  აქციების ღირებულება 1%-ით შემცირდა და ერთი აქციის ღირებულებამ 39.75 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.815 მილიარდი სტერლინგია.

„თიბისი ბანკის“ აქციების ღირებულების კლება 1.88%-ია. ბანკის ერთი აქცია 26.10 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.473 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

„საქართველოს კაპიტალის" აქციების ღირებულება 0.30%-ით შემცირდა, შედეგად, ერთი აქციის ფასი 9.97 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 424.56 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

თუ 15 მაისის მონაცემებს გადავხედავთ, როდესაც ქართული კომპანიის აქციების ფასმა დაცემა დაიწყო, გამოჩნდება, რომ იმ დღის ბოლოს „საქართველოს ბანკის“ აქციების ფასი 12.08%-ით შემცირდა და ერთი აქციის ღირებულებამ 41.5 გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

მაშინ „თიბისი ბანკის“ აქციების ღირებულების კლებამ 14,92%-ს მიაღწია. ბანკის ერთი აქცია 25.1 გირვანქა სტერლინგი ღირდა.

რაც შეეხება „საქართველოს კაპიტალის" აქციების ღირებულებას, იგი 8.8%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 9.85 გირვანქა სტერლინგი გახდა. 

ამ პროცესების პარალელურად ბოლო 2 დღეა გაუფასურდა ლარის კურსიც, თუმცა მოცემულობა ამ შემთხვევაშიც ისეთი მკვეთრი არ არის, როგორც წინა ჯერზე მოხდა. 

15 მაისს „ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე, ერთი ამერიკული დოლარის ფასმა 2.8350 ლარი შეადგინა. მაშინ, ერთ დღეში ეროვნული ვალუტა 12  პუნქტით დაეცა. რაც შეეხება გუშინდელ მოცემულობას, დღის დასაწყისში ლარის კურსი 2.78-იანი ნიშნულიდან 2.8150-მდე დაეცა და მოგვიანებით 2.7850 ლარი გახდა. 

სავალუტო ბაზარზე დაძაბულობის გასანეიტრალებლად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 60 მილიონი დოლარი გამოიტანა და აღნიშნული თანხიდან ბაზარმა მხოლოდ 48.7 მილიონი დოლარი აითვისა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კი 2.7829 ლარი შეადგინა.

სებ-მა წინა აუქციონი 16 მაისს გამართა და ბაზარზე მაშინაც 60 მილიონი დოლარი გამოიტანა, რომელიც ბანკებმა სრულად აითვისეს. 

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, მომდევნო დღეებშიც, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რითაც შესაძლებელი გახდება ლარის სტაბილურობის შენარჩუნება.

„ლარის სტაბილური კურსის არსებობა პირდაპირ კავშირშია ბიზნესის დაგეგმვასა და განვითარებასთან, მის ფინანსურ სიჯანსაღესა და მდგრადობასთან. იგი განჭვრეტადს ხდის ბიზნეს გარემოს და გრძელვადიანად აყალიბებს პოზიტიურ განწყობებსა და მოლოდინს", - წერია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვთ ეკონომისტებს. ნაწილი ამბობს, რომ პოლიტიკური პროცესების საფინანსო სისტემაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს, მეორე ნაწილს კი განსხვავებული მოსაზრება აქვს და რაიმე განსაკუთრებული უკუსვლა არ ელიან. 

როგორც ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა განაცხადა, ახლა ბაზარზე აჟიოტაჟური კურსია. 

„ლარის კურსი საკმაოდ ტურბულენტობით გამოირჩევა და ეს არის წმინდა აჟიოტაჟური მოთხოვნიდან წამოსული მერყეობა. როგორც წესი, ასეთ სიტუაციაში პანიკური მოთხოვნა ახასიათებს ხოლმე კურსს. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი მოულოდნელი არ იყო. ლარი, როგორც ყოველთვის, მგრძნობიარობით ხასიათდება ხოლმე. 

ასეთ რეალობაში ეროვნული ბანკი უნდა იყოს ყოველთვის ფხიზლად. ბოლო ორი ინტერვენცია სებ-მა სწორად განახორციელა, თუმცა მგონია რომ უფრო დროული რეაგირება შეიძლებოდა, რადგან, ინტერვენციები თავისი ბუნებით და კლასიკური განმარტებით ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს ადგილობრივი და შიდა შოკის გასანეიტრალებლად და არა ეგზოგენური ფაქტორების ან რაღაც გლობალური შოკის გადასაფარად. თუ დავაკვირდებით, დღეს სწორედ ეს მდგომარეობაა და ყველა მაკოეკონომიკური პარამეტრი წესრიგშია. აქედან გამომდინარე, მასშტაბური ეკონომიკური პრობლემები არ გვიდგას და ეკონომიკას ამ მიმართულებით საფრთხე არ ემუქრება, ამიტომ ბაზარზე გვაქვს აჟიოტაჟური კურსი. სწორედ ასეთი აჟიოტაჟური მოლოდინის განეირტალებისთვის იყენებენ ცენტრალური ბანკები ინტერვენციულ ჩარევას. 

ასე რომ, სებ-ი ახლა ძალიან სწორად იქცევა, უბრალოდ, ჩემი აზრით, უფრო დროული ქმედებაც იყო შესაძლებელი. მაგალითად, ეს ჩარევა რამდენიმე დღით ადრე რომ მომხდარიყო“, - განუცხადა „რეზონანსს“ პაატა ბაირახტარმა და დასძინა, რომ საფონდო ბირჟაზე საგანგაშო სიტუაციის შექმნას არ ელოდება. 

„რაც შეეხება საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასებს, აქაც დაახლოებით იგივე მოცემულობა გვაქვს. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ საფონდო ბირჟაზე, სადაც ნებისმიერი ტიპის ცვლილება, რა თქმა უნდა, ფასიან ქაღალდებზე ზეგავლენას ახდენს ხოლმე და არც ეს შემთხვევა არის გამონაკლისი. არსებული გაურკვევლობა და დაძაბულობა, რაც უკავშირდება კანონის განხილვას, რასაკვირველია, მოქმედებს კომპანიების აქციების ღირებულებაზე, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ საფონდო ბირჟაზე ეს ჯანსაღი პროცესია და შესაძლებელია, რაღაც შემთხვევის დროს ფასები წავიდეს ზევით, ანდა პირიქით - ქვევით. ასე რომ, ამ მიმართულებითაც რაიმე საგანგაშოს ნამდვილად ვერ ვხედავ. 

რაც შეეხება მოლოდინს, რთულია ამაზე პასუხის გაცემა, რადგან არ ვიცით რა მოხდება. როგორც წესი, ეკონომიკაზე გადაცემა ყველაფერს აქვს, უბრალოდ, გააჩნია, რა ტიპის და დოზის იქნება. არავინ არ იცის რაზეა საუბარი და როდესაც არ იცი რა მოხდება ან რა შეიძლება მოხდეს, ამაზე ანალიზის გაკეთება არასერიოზულია“, - დასძინა „რეზონანსთან“ ბაირახტარმა. 

მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა საბანკო სფეროს სპეციალისმა ლია ელიავამაც და როგორც აღნიშნა, ყველა მოსალოდნელი შედეგი პოლიტიკურ მოცემულობაზეა დამოკიდებული. 

„საქართველოს ეროვნული ბანკი ცდილობს რაღაცის გაკეთებას, მაგრამ ძალიან რთულია, როდესაც პოლიტიკური გარემო არ გიწყობს ხელს. შესაბამისად, თუ არ მოგვარდა პოლიტიკური სიტუაცია, მაშინ, სამწუხაროდ, ასეთი სახის რყევა გაგრძელდება მომავალშიც. 

ჩემი ვარაუდით და პროგნოზით, ვეტოს დაძლევის შემდეგ სიტუაცია ბევრად უფრო გაუმჯობესდება და პოლიტიკური პროცესების მიწყნარებასთან ერთად, ბუნებრივია, ეკონომიკის სუბიექტების, როგორც საგარეო, ისე საშინაო მდგომარეობა, იქნება უფრო მყარი. ასე რომ, ახლა აბსოლუტურად იმაზე ვართ დამოკიდებულები, თუ როგორი პოლიტიკური მოცემულობა იქნება ქვეყანაში“, - განუცხადა „რეზონანსს“ ლია ელიავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×