თამთა ჩაჩანიძე
31.05.2024

ეუთო/ოდირი დასკვნაში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გააუქმოს „გავლენების კანონი", რადგან „დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება". როგორც ოპოზიცია ამბობს, დასკვნამ აჩვენა, რომ „რუსული კანონი საქართველოს ევროპული მომავლისათვის გზის ჩახერგვაა". მმართველი პარტია კი ოდირის შეფასებებში სააკაშვილის კვალს ხედავს, ამბობს, რომ დასკვნა მიკერძოებულია, რადგან დოკუმენტის თანაავტორი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ჯერემი მაკბრაიდია.

როგორც ეუთო/ოდირი მიუთითებს, დასკვნა შედგენილია ექსპერტთა პანელის კონტრიბუციით. ექსპერტთა შემადგენლობაში არიან: ენა ბავჩიჩი, ანია ბიენერტი, ადამ ბოდნარი, მილენა კოსტას ტრასკასასი, ტატიანა გლუშკოვა, დევიდ გოლდბერგერი, ჯეინ გორდონი, კატერინა ჰაძი-მიცევა ევანსი, მაიკლ ჰამილტონი, რაფაელ იშხანიანი, ნელა ლარისოვა, ჯერემი მაკბრაიდი, ჯონათან პიტერსი, დენის შედოვი, ვოლოდიმირ იავორსკი, ევგენი ჟოვტისი.

უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ მმართველ პარტიას ეუთო/ოდირის წარმომადგენლობასტან ჰქონდა შეხვედრა, თუმცა ოფიციალურად გამოსულ დოკუმენტში სრულიად სხვა რამაა ჩაწერილი. მისი თქმით, „ეს არის მიხეილ სააკაშვილის ადოკატის მიერ მომზადებული დასკვნა".

„საინტერესოა, როდესაც ეუთო/ოდირის წარმომადგენელთან გვქონდა შეხვედრა, ვისაუბრეთ ამ თემაზე და ვფიქრობ, რომ ის და მთლიანად ჯგუფი, ვინც იყო ჩამოსული, ძალიან კარგად ხედავს ამ კანონის მიღების აუცილებლობას და საჭიროებას. ვხედავთ, რომ ოფიციალურად გამოსულ დოკუმენტში სრულებით სხვა რამ არის ჩაწერილი, ეს სხვა რამ ჩაიწერა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არის კონკრეტული ინტერესები. ეს არის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელზეც შინაარსში შესვლას აზრი არ აქვს, უკვე ნათელია პოლიტიკური მიკუთვნებადობა ამ დასკვნის პირობებში. კიდევ ერთხელ მადლობა „ფარას" და ამერიკაში მოქმედ აგენტების შესახებ რეესტრს, რომელიც ნათელ წარმოდგენას გვაძლევს ყველა იმ ლობისტურ თუ პოლიტიკურად მოტივირებულ ადამიანებსა და პროცესებზე, რომელიც ამ შემთხვევაშიც ნათელია", - აღნიშნავს წილოსანი.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ამდენი დამთხვევა არ შეიძლება იყოს. „მოკლე ვადაში დაიწერა ეს დასკვნა და ამ დასკვნის ერთ-ერთი და როგორც მე ვვარაუდობ, მთავარი ავტორი არის ადამიანი, რომელმაც ასევე დაწერა ევროსაბჭოს დასკვნა და რომელიც იმავე დროს, იყო მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოში. ამტკიცებდა, რომ გირგვლიანის საქმე და ვალერი გელაშვილის ცემის საქმე არაფერი ყოფილა თურმე. ახლა ჩვენ გვიმტკიცებს დასკვნის საშუალებით, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა თურმე ცუდია. ჩვენ ჩვენი კითხვები გვაქვს ასეთ დასკვნებთან დაკავშირებით. ხომ არ შეიძლება ამდენი დამთხვევა?! ბოლო-ბოლო არ არსებობს დედამიწაზე სხვა ადამიანი? მაინცდამაინც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს რატომ უნდა დააწერინო დასკვნა?! რადგან ეს ადამიანი იყო ერთადერთი ავტორი ევროსაბჭოს დასკვნის, დიდი ალბათობით, მთლიანად ამ ადამიანს მიანდეს და მისი ტექსტია", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის მოსაზრებებს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტის, გიგი წერეთლის განცხადებით, ეუთო-ს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ოფისის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" გაკეთებული დასკვნა „ძალიან მკაფიოა და აღნიშნავს, რომ ეს რუსული სულისკვეთების კანონი ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება და გასაწვევია". მისი თქმით, ეუთო-ს ეს ოფისი მსოფლიოში საარჩევნო მონიტორინგის მთავარი სტრუქტურაა და მისი შეფასებები გადამწყვეტია. „აღნიშნული დასკვნა ლოგიკურად მიგვითითებს, რომ ამ კანონის პირობებში საარჩევნო გარემო ვერ იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ხოლო ეს ვალდებულება საქართველოს, როგორც ეუთო-ს წევრ ქვეყანას, აღებული აქვს", - განაცხადა გიგი წერეთელმა, რომლის კომენტარსაც „ევროპული საქართველო" ავრცელებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ ახლა მთავარი აქცენტი „ივანიშვილის რეჟიმის დასრულებაზე უნდა გაკეთდეს".

„ეუთო/ოდირის დასკვნამ რუსულ კანონზე კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუ რატომ უნდა იყოს ეს კანონი საქართველოში შემოღებული და რომ ეს არის საქართველოს ევროპული მომავლისათვის გზის ჩახერგვა. ამიტომ ცხადზე უცხადესია, რომ დღეს, როცა სამწუხაროდ რუსულმა რეჟიმმა ეს რუსული კანონი მიიღო, მთავარი აქცენტი იმაზე უნდა გაკეთდეს, რომ საქართველოში ივანიშვილის რუსული რეჟიმი უნდა დასრულდეს. ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ საქართველომ გააგრძელოს გზა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისკენ, ეს არის ერთადერთი გზა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იცხოვრონ დაცულ და მაღალი კეთილდღეობის საზოგადოებაში",- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აღნიშნავს, დასკვნის დასაწყისშივე წერია, რომ ის მომზადებულია კანონის არაოფიციალური ინგლისური თარგმანის საფუძველზე, რომელიც მიწოდებულია USAID სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მიერ. მისი თქმით, თარგმანი მოამზადა მიკერძოებულმა და დაინტერესებულმა მხარემ, რომელსაც უშუალოდ ეხება კანონი.

„კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ეუთო/ოდირის დასკვნას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე, გამომდინარე იქიდან, რომ ეშმაკი ყოველთვის დეტალებშია. დასკვნის დასაწყისშივე წერია, რომ ის მომზადებულია კანონის არაოფიციალური ინგლისური თარგმანის საფუძველზე, რომელიც მიწოდებული იქნა USAID სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მიერ. ანუ თარგმანი მოამზადა მიკერძოებულმა და დაინტერესებულმა მხარემ, რომელსაც უშუალოდ ეხება კანონი",- წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ეუთო/ოდირის დასკვნაშია აღნიშნული, „საქართველოს ახლად დამტკიცებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და ქვეყნის, როგორც ეუთო-ს წევრი სახელმწიფოს ვალდებულებებთან და ის უნდა გაუქმდეს". დასკვნის თანახმად, „კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასაშუალებებს განსაზღვრავს, როგორც ორგანიზაციებს, რომლებიც ატარებენ უცხო ძალის ინტერესებს უცხოეთიდან დაფინანსების მისაღებად, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმებით დადგენილ მკაცრ მოთხოვნებს".

ასევე აღნიშნულია ძირითადი განსხვავებები ახლად მიღებულ კანონსა და სხვა ქვეყნების კანონმდებლობას შორის, რომელიც მოხსენიებულია საქართველოში ახალ კანონთან დაკავშირებით. მაგალითად, დასკვნის მიხედვით, შეერთებული შტატების უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ან ავსტრალიის საგარეო გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი ფუნდამენტურად განსხვავებულია მათი მიზნებითა და გამოყენების სფეროებით.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონები მიზნად ისახავს, უზრუნველყოს, საჯაროდ დარეგისტრირებულნი იყვნენ კერძო კომპანიები ან არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ადვოკატირებასა ან ლობირებაში უცხოური ხელისუფლების სახელით, ისინი არ მოიხსენიებენ ყველა სამოქალაქო საზოგადოებას ან მედიას, როგორც უცხოურ წარმომადგენელს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან", - ნათქვამია დასკვნაში.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ოდირი) მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონი და გადადგას ნაბიჯები, რათა ეს კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს შეუსაბამოს.

„ნაკლებად ინტრუზიული ალტერნატივების მაგალითები შეიძლება მოიცავდეს ლობისტური საქმიანობის რეგულაციას, პოლიტიკური პარტიებისა და სააჩევნო კამპანიის დაფინანსების მკაცრ წესებს და ანტიკორუფციულ ან ანტიტერორისტულ კანონებს, რომლებიც ხელს უწყობს სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღების უფრო მეტად ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ პროცესებს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მთელი რიგი ვალდებულებები, რომლებიც შეიძლება, დაუწესდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და გამართლებულია ადამიანის უფლებათა პერსპექტივიდან, ისინი არ უნდა იყოს მიმართული კონკრეტულად სამოქალაქო საზოგადოების სექტორზე ან არ უნდა მოიაზრებდეს, რომ ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომელიც იღებს უცხოურ დაფინანსებას, წარმოადგენს უცხო ძალების ინტერესებს. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი კვლავ მზად არის, აღმოუჩინოს შემდგომი დახმარება და დაეხმაროს ხელისუფლებას, გამოავლინოს საკანონმდებლო ან სხვა ალტერნატივა, რათა რეაგირება მოახდინოს ჭეშმარიტ, კონკრეტულ შეშფოთებებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების შესაბამისად", - ნათქვამია ეუთო/ოდირის დასკვნაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×