რეზონანსი
31.05.2024

ალბათ, დახვრეტა ჯობია ამ ყველაფერს, „ქართული ოცნების" თვალით რომ შეხედო, - ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე „ხალხის ძალის" დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას, რომ ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას აპროტესტებს და ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, გურამ მაჭარაშვილის აღნიშნული განცხადება მოსალოდნელი რეპრესიების მაჩვენებელია.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილს ყველა იმ ადამიანის განადგურება უნდა და შეიძლება დახვრეტის მუხლიც აღადგინოს. ძალიან მძიმე მოცემულობაში ვართ, ეს ადამიანები ივანიშვილს ახმოვანებენ, „ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც და „ხალხის ძალაც". გარდა რუსული გეოპოლიტიკური არჩევანისა, მათი არჩევანია დიქტატურის გაფორმება ქვეყანაში. ასე ნელ-ნელა მიდიოდა რუსეთშიც. მაგალითად, ჯერ კიდევ 2011 წელს, ნავალნი იყრიდა არჩევნებში კენჭს და მილიონიანი მარშები იმართებოდა, ალბათ, გახსოვთ ძალიან კარგად. 2012 წელს ამ კანონის მიღების შემდეგ, დაახლოებით ერთ წელში დამძიმდა და რამდენიმე მუხლი დაემატა. ძალიან ბევრი ადამიანი ციხეში ზის, ნავალნი მკვდარია. ძირითადად მოკლა თავისი კონკურენტი პოლიტიკოსები, ნემცოვი მოკლა, ნავალნი მოკლა, უამრავი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ციხეში ზის. ეს ყველაფერი ხდებოდა 10 წლის განმავლობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილსაც უნდა ძალაუფლების ზუსტად ასეთი მონოპოლიზაცია, ამ „რუსული კანონის", რუსული ტერორის, რუსული მმართველობის სტილის და ყველა იარაღის ამოქმედებით.

რატომ არის ეს ყველაფერი რუსული? იმიტომ, რომ დიქტატორის ისეთი გრადაცია, როგორიც იყო რუსეთში, ჩვენთვის გასაგებია იმ კონტექსტში, რომ ჩვენ დიდი ხანია ვებრძვით რუსეთს. პუტინის იმპერიალისტური, მძიმე დიქტატორული მმართველობა ზუსტად არის ის, რაც არადემოკრატიულმა ქვეყნებმა აირჩიეს და ხარისხის ერთ-ერთი მაჩვენებელი არის ზუსტად ეს კანონი. ამიტომ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლების ეს განცხადება გაცილებით მეტი რეპრესიების მაჩვენებელია, თუმცა სიმართლე გითხრათ, გულწრფელად მგონია, რომ ეს კანონი იმ ფართო მოქმედებას ვერ პოვებს საქართველოში, როგორც რუსეთში", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში.

"ლუსტრირებული ჯაშუშების დაუსჯელი დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე მძიმედ აისახება," - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×