თამთა ჩაჩანიძე
16.05.2024

„გავლენების კანონის" მოწინააღმდეგეთა მასშტაბური გამოსვლები კვლავ გრძელდება, რომელთა დიდი ნაწილი სტუდენტები არიან, ისინი პროტესტის ნიშნად აკადემიურ პროცესს არ ესწრებიან. ახალგაზრდების აქციებს ბევრი ლექტორიც შეუერთდა, ზოგმა კონკრეტული უნივერსიტეტი დატოვა კიდეც. მანამდე 38 უნივერსიტეტის ადმინისტრაციმ სტუდენტებისა და ლექტორების პროტესტთან დაკავშირებით საერთო განცხადება გაავრცელა პროტესტს გაემიჯნა.

რამდნეიმე დღეა უნივერსიტეტების აუდიტორიები ცარიელია. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორმა მაია ქუთათელაძემ გამოაქვეყნა ამისი ამსახველი ფოტო წარწერით „აუდიტორია ცარიელია". უნდა აღნინიშნოს, რომ 13 მაისიდან საქართველოს 31 უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ. სტუდენტების ნაწილის გაფიცვას ამავე უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლების ნაწილიც შეუერთდა.

ეს იმ უნივერსიტეტების სიაა, სადაც სტუდენტთა ნაწილი გაიფიცა: თსუ, ილიაუნი, ჯიპა, ალტე უნივერსიტეტი, თბილისის სამხატვრო აკადემია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ალტერბრიჯი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (გაუ), სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, ევროპის უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი.

ამის საპასუხოდ, 14 მაისს 38 უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს მოუწოდებენ, დაუბრუნდნენ სასწავლო პროცესს. ამასთან, აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია უნივერსიტეტების სახელით გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება.

„მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს. შესაბამისად, ის არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებასა და სწავლა-სწავლების წარმართვაზე. არ უნდა მოხდეს სტუდენტთა ინტერესებისა და სასწავლო პროცესის დაზიანება. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენთვის ფუნდამენტურად ღირებულია გამოხატვის თავისუფლების გარანტირება. მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის „ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე. ამით ხელი ეშლება სასწავლო პროცესის წარმართვას. ეს არღვევს სტუდენტის კონსტიტუციურ უფლებას. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი გრძელდება. ამასთან, აკადემიური პერსონალის ლექციებზე გამოუცხადებლობა წარმოადგენს არა მხოლოდ მათთვის კანონმდებლობითა და უნივერსიტეტებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევას, არამედ უშუალოდ აზარალებს იმ სტუდენტთა ინტერესებს, რომლებიც დღეს ესწრებიან სალექციო კურსებს. ლექტორთა მიერ სასწავლო პროცესის შეფერხება, ხელს უშლის უმაღლესი განათლების მიზნების რეალიზებას და საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას. ეს ყველაფერი კი უარყოფითად აისახება ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული და ევროპული სტანდარტების შესრულებაზე.

„თითოეული უნივერსიტეტის, მისი პროფესორ-მასწავლებლების ვალდებულებაა, უზრუნველყოს სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის უწყვეტად წარმართვა და საუნივერსიტეტო სივრცეებში პოლიტიკისგან თავისუფალი, ჯანსაღი და აკადემიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა. თუკი ჩვენი განზრახვაა უკეთესი საქართველო, ამის მიღწევის ერთადერთი და საუკეთესო საშუალებაა ხარისხიანი განათლების მიღება.

„აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია უნივერსიტეტების სახელით გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება. თითოეული ჩვენგანის ვალია, ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი სტუდენტებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო, რაც დღეს საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია" - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც 38 უნივერსიტეტის ხელმოწერა ჰქონდა გამოქვეყნებისას.

თუმცაღა ახლა ამ ხელმომწერთა რაოდენობა 36 გახდა, რადგან კავკასიის უნივერსიტეტმა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საკუთარი ხელმოწერა გამოითხოვეს.

განცხადების გავრცელებიდან მალევე, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორმა და „ფორმულას" წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა დაწერა, რომ უნივერსიტეტის მმართველთა საბჭომ უკან გამოიწვია უნივერსიტეტის ხელმოწერა რექტორთა კონფერეციის განცხადებაზე. კავკასიის უნივერსიტეტი 38-დან ერთ-ერთი ხელმომწერი იყო.

„კავკასიის უნივერსიტეტის მმართველთა საბჭო ხმათა უმრავლესობით არ იზიარებს დღეს გამოქვეყნებულ, საქართველოს უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის განცხადების სულისკვეთებასა და ხედვას. აღვნიშნავთ, რომ განცხადებაზე ხელმოწერა არ იყო შეთანხმებული მმართველთა საბჭოსთან და ცნობილი გახდა გამოქვეყნების შემდეგ. შესაბამისად, პოლიტიკური პოზიციის შემცველ ამ განცხადებაზე ჩვენი პოზიციის გამოხატვა შევძელით „კავკასიის უნივერსიტეტის" საბჭოს კვორუმის შედგენისთანავე.

„ვაცხადებთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტის მმართველი საბჭო რჩება 7 მაისს უნივერსიტეტის მიერ გაკეთებული განცხადების ერთგული, რომლითაც „რუსულ კანონთან" დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ნათლად კიდევ ერთხელ გამოვხატეთ. გვესმის იმ პროცესების ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომელშიც ჩართულნი არიან ჩვენი სტუდენტები, კურსდამთავრებულები, ლექტორები და ადმინისტრაცია, ამიტომ სასწავლო პროცესში უნივერსიტეტის მხრიდან თითოეული მათგანისთვის აქამდეც იყო და მომავლშიც იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა - დაცული იქნება, როგორც მათი გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებები, ასევე, აკადემიური დაწესებულებების ავტონომიურობა," - აღნიშნავს ჟიჟილაშვილი.

უნივერსიტეტების სია, რომლებმაც საერთო განცხადებას ხელი არ მოაწერეს: თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ჯიპა, ვებსტერ უნივერსიტეტი საქართველო, აგრარული უნივერსიტეტი, ალტე უნივერსიტეტი, უნივერსიტეტი ალტერბრიჯი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, თბილისის სამედიცინო აკადემია.

კავკასიის უნივერსიტეტს ლექტორი სოფო ზურაბიანი ტოვებს.

„ახლა რომ ჩვეულებრივი დრო იყოს, დღეს საღამოს ლექციაზე უნდა მივდიოდე კავკასიის უნივერსიტეტში, მაგრამ უნივერსიტეტი შენობაში არაა, ამიტომ მე დღესაც იქ წავალ, სადაც ჩემი და ყველას სტუდენტები დგანან - აქციებზე. მათთან ერთად ვივლი მთელ ქალაქში ფეხით და მათთან ერთად ხმამაღლა დღესაც ვიტყვი, რომ „არა რუსულ კანონს". სტუდენტები ყველაზე უკეთ ხვდებიან, რომ ამ ქვეყნის და მათი პროფესიის მომავალიც ახლა ქუჩაში პროტესტით წყდება. ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მათი რექტორის ხელმოწერა 38 უნივერისტეტის განცხადებაზე, მათთვის ზურგში დანის ჩარტყმაა. მე არ მინდა იმ უნივერსიტეტში დარჩენა, სადაც ასეთ მნიშვენლოვან მომენტში მმართველთა საბჭოს ბორდია საჭირო უნივერისტეტის ხელმოწერის გამოსაწვევად სამარცვინო განცხადებიდან.ამიტომ ვყწვეტ თანამშრომლობას კავკასიის უნივერსიტეტთან", - წერს ზურაბიანი.

ამასთან კავკასიის უნივერსიტეტს ტოვებენ ლექტორიები: მაია წიკლაური, ნინო რობაქიძე, მამუკა ანდღულაძე, ზვიად ქორიძე, ლევან ბერძენიშვილი, სალომე უგულავა, ნინი ჭაჭია, რუსიკო კობახიძე. თანამდებობები დატოვეს სხვა უნივერიტეტების ლექტორებმაც.

„კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ბოლო დღეებში დაიჭირა პოზიცია, რის გამოც ჩემთვის მათთან ურთიერთობის გაგრძელდება შეუძლებელი ხდება. ჯერ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გააგდო ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი, შემდეგ კი ხელი მოაწერა განცხადებას, რომლის სულისკვეთებასაც ეწინააღმდეგება სტუდენტებისა და ლექტორების დიდი ნაწილი," - წერს ნიკო ნერგაძე, რომელმაც ასევე დატოვა კავკასიის უნივერსიტეტი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველთა საბჭომ რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოითხოვა. გადაწყვეტილებას სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე ხსნის.

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით, სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოიწვია. კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოვხატავთ ჩვენი ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებას და ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ყველაფერი რუსული მიუღებელია," - წერია განცხადებაში.

ხელმოწერა არ გაუწვევია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს. რექტორ დავით გურგენიძის თქმით, „ქართული ოცნების" მიერ მიღებული კანონი რუსული არ არის და კანონის საწინააღმდეგოდ სტუდენტურ გაფიცვას ხელს არ შეუწყობს.

„როგორც კი იქნება საშუალება, აღუდგენენ მათ [სტუდენტებს] ლექციებს. არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ასე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს," - თქვა გურგენიძემ 16 მაისს მას შემდეგ, რაც სტუდენტები ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×