რეზონანსი
15.05.2024

ლიტვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უარყოფენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთისთვის სანქციების არდაწესებით და სააკაშვილის პატიმრობაში დატოვებით საქართველოს ხელისუფლება სწორად მოიქცა.

"დღეს, მათ შორის, შიგნით საუბრისას, ყველა შევთანხმდით, ჩვენ სწორი გავაკეთეთ, რომ არ მოვუსმინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, როდესაც არ დავუწესეთ სანქციები [რუსეთს], მათი რჩევის საწინააღმდეგოდ. კარგი ვქენით, რომ არ მოვუსმინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს და არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი მათი რჩევის საწინააღმდეგოდ. ჩვენ აღმოვჩნდით მართალი და ისინი, ვინც გვირჩევდნენ სანქციის დაწესებას და სააკაშვილის გათავისუფლებას, აღმოჩნდნენ მტყუანი". - თქვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას X-ზე უპასუხეს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ.

"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შესახებ დაბნეულობის საპასუხოდ საჭიროდ ვთვლი განვმარტო - ჩვენ არ შევთანხმებულვართ, რომ საქართველო მართალი იყო, როდესაც უგულებელყო ევროპული რჩევები და ღირებულებები და არა "გარკვეული შეშფოთება", არამედ უკიდურესად მტკიცე შეხედულებები გამოვთქვით". - დაწერა ლანდსბერგისმა X-ზე.

ცაჰკნას თქმითაც, ამ საკითხთაგან არცერთზე არ შეთანხმებულან.

"ნება მომეცით, მკაფიოდ ვთქვა - ამ საკითხებიდან არცერთზე შევთანხმებულვართ.

ჩემი გზავნილი საპირისპიროა: საქართველო არ მიდის სწორი მიმართულებით". - დაწერა მან X-ზე.

ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები მარგუს ცაჰკნა, ბაიბა ბრაჟე, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი თბილისში დღეს, 15 მაისს ჩამოვიდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×