რეზონანსი
16.05.2024

ეკონომიკური კოლაფსია მოსალოდნელი იმ ფონზე, როცა დასავლეთს, ევროკავშირს, სანქციებს ივანიშვილის ხელისუფლება არაფრად აგდებს, -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ფაქტობრივად, ე.წ. რუსული კანონის შედეგი ამოქმედებულია რეპრესიების სახით, ადამიანების ცემით, დაკავებით, შანტაჟით, მუქარითა და დევნით.

„უნდა გვესმოდეს, რომ დასავლელ პარტნიორებთან დაპირისპირება, ევროკავშირზე „რუსული კანონით" უარის თქმა, საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს ძალიან მძიმე ფასად დაუჯდება. მინდა საზოგადოება წინასწარ გავაფრთხილო, „რუსული კანონის" შედეგის სახეზეა, მათ შორის ლარის კურსთან დაკავშირებით. უნდა გვესმოდეს, რომ ეკონომიკური კოლაფსია მოსალოდნელი იმ ფონზე, როცა დასავლეთს, ევროკავშირს, სანქციებს ივანიშვილის ხელისუფლება არაფრად აგდებს.

ფაქტობრივად, საქართველოს ეკონომიკის 80 პროცენტი დასავლურ ეკონომიკაზე დგას, ამიტომ, „რუსული კანონი" ფაქტობრივად ამოქმედებულია რეპრესიების სახით, ადამიანების ცემით, დაკავებით, შანტაჟით, მუქარით, დევნით. ამის გარდა, ეს ადამიანებზე აისახება ფინანსურად.

მინდა საქართველოს მოსახლეობა გავაფრთხილო, თუ ასე გაგრძელდა, ხელისუფლებას პრობლემა ექნება, დაარიგოს პენსიები, გასცეს სოციალური დახმარება, ან თუ გასცემს ხელფასებს, პენსიებს, სოციალურ დახმარებას, ამას ქაღალდის ფასი ექნება. უნდა იცოდეთ, რომ ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ მუშაობთ, გაქვთ კონკრეტული ანაზღაურება, ცხოვრობთ კონკრეტულ შემოსავალზე, „რუსული კანონის", ევროკავშირთან დაპირისპირების, დასავლეთთან დაპირისპირების პირობებში, ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურ ბლოკადაში მოექცევა. ცხადია, ეს ძალიან მძიმედ აისახება ფასებზე და აბსოლუტურად ყველაფერზე",-განაცხადა ხაბეიშვილმა.

მან საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან მძიმე რეალობა დადგება, მათ შორის ეკონომიკურად.

„ბიზნესმენების ნაწილმა გამოიჩინა გმირობა და ღიად არიან „რუსული კანონის" წინააღმდეგ. მათ მოვუწოდებ, განუმარტონ საზოგადოებას იმ პრობლემების შესახებ, რომელიც უახლოეს პერიოდში ქართველ ხალხს „რუსული კანონის" პირობებში ელოდება. ასევე, უნდა გესმოდეს, რომ თუ „რუსულმა ხელისუფლებამ" ვეტოც დაძლია, შედეგები კიდევ უფრო მძიმე იქნება",-განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი შეფასებით, ეს პრობლემა ყოველდღიურად კიდევ უფრო გაიზრდება, რაც საქართველოს მოქალაქეებს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს.

„ამიტომ, მნიშვნელოვანია, მშვიდობიანად ყველამ ვიბრძოლოთ საქართველოს ევროპული მომავლისა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×