თამთა ჩაჩანიძე
16.05.2024

საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში - განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფენერციაზე.

თავის მხრივ ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზადაა საქართველოს უმსხვილეს პროექტებში მიიღოს მონაწილეობა, აეროპორტის, პორტების მშენებლობაში, ენერგეტიკის მიმართულებით, გადამცემი ხაზების მშენებლობაში. ამასთან, მხარეებმა უსაფრთხოების თანამშრომლობის კუთხითაც აღუთქვეს ერთმანეთს თანამშრომლობის სურვილი და დაპირება. ასევე ორგანიზებული დანაშაულისა და „ტერორისტული ორგანიზაციების", განსაკუთრებით ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია „ფეტოსა" და ქურთების მუშათა პარტიის მიმართულებით.

რა თქვა ერდოღანმა

ერთობლივ პრესკონფერენციაზე თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძესთან ნაყოფიერი შედგა. როგორც აღნიშნა, თურქეთი მზად არის საქართველოში უმსხვილეს პროექტებში მიიღოს მონაწილეობა.

„გასულ წელს ჩვენ სამი მილიარდი დოლარის მაჩვენებელს მივაღწიეთ ორმხრივი ვაჭრობის კონტექსტში, ჩვენ დავუთქვით ერთმანეთს, რომ ახალი სამიზნე ორიენტირი 5 მილიარდი იქნება. მიმაჩნია, რომ გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ძალიან მალე ამ ნიშნულს მივუახლოვდეთ და ჩვენი ბიზნეს შესაძლებლობები ავითვისოთ სრულად. რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებში და განვაგრძობთ ძალისხმევის განხორციელებას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ამოქმედებაში, რომელიც არის შუა დერეფნის ხერხემალი და ისტორიული აბრეშუმის გზის გამოცოცხლება. იმედი მაქვს, ძალიან მალე ფუნქციონირებადი გახდება, ამ შემთხვევას ვიყენებთ და ერთმანეთს ვუდასტურებთ მზაობას, რომ სხვა სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებზეც ვიმუშავებთ იგივე წარმატებით.

„პრემიერ-მინისტრს განვუცხადე, რომ მზად ვართ საქართველოს უმსხვილეს პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა, აეროპორტის, პორტების მშენებლობაში, ენერგეტიკის მიმართულებით, გადამცემი ხაზების მშენებლობაში, უსაფრთხოების თანამშრომლობის კუთხითაც აღვუთქვით ერთმანეთს თანამშრომლობის სურვილი და დაპირება. ასევე ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორისტული ორგანიზაციების, განსაკუთრებით „ფეტას" და „პეკაკას" მიმართულებით დავპირდით ერთმანეთს, რომ ვითანამშრომლებთ, რათა ამ უკანონო თურქულ ორგანიზაციებს ვებრძოლოთ, რაც ჩვენს მოქალაქეებს უქმნის საფრთხეს. მზად ვართ, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ ვითანამშრომლოთ და ძალისხმევა არ დავაკლოთ ამ მიმართულებას. ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს ტერორისტების დევნას და დასჯას", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანის თქმით, თურქეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები 18 ივნისს დორტმუნდში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, მან ორივე ნაკრებს წარმატება უსურვა.

„როგორც მოგეხსენებათ, თურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საქართველოს ნაკრებთან ერთად არის ჯგუფში. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან პირველი მატჩით 18 ივნისს დორტმუნდში, გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში და ორივეს წარმატებას ვუსურვებ", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

რა თქვა კობახიძემ

პრემიერმა ერდოღანს გამორცეული მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ როგორც პირისპირ, ისე გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრისას, განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტიური დღის წესრიგი, გაიცვალა მოსაზრებები მნიშვნელოვან რეგიონულ საკითხებზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დაისახა.

„პირადად ვთხოვე პრეზიდენტ ერდოღანს საქართველოში ჩამობრძანება. იმედი მაქვს, რომ ეს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში მალე შედგება. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და ფასეულია თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მინდა ხაზგასმით მადლობა გადავუხადო პირადად პრეზიდენტს მისი მხარდაჭერისათვის საქართველოს და მისი ეროვნული ინტერესების მიმართ", - აღნიშნა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველო მიესალმება, რომ „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, დაწყებულია სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ ორ სახელმწიფოს შორის საბოლოოდ გაფორმდეს სამშვიდობო შეთანხმება. თავის მხრივ, საქართველო მზად არის, გააგრძელოს წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაში.

„უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში, გვქონდა საუბარი უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, ომზე, რომელიც წარიმართება უკრაინაში, რაც საფრთხეს უქმნის ევროპისა და შავი ზღვის ფუნდამენტური უსაფრთხოების არქიტექტურას. აქვე, ჩვენ აღვნიშნეთ თურქეთის დაუღალავი ძალისხმევა, წვლილი შეიტანოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის შესაძლებლობის პოვნაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ხედავს დიდ პოტენციალს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით.

„თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა სატრანზიტო ფუნქციის, დაკავშირებადობის მნიშვნელობა. თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა. რა თქმა უნდა, ვხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით. ასევე, ჩვენ გვქონდა საუბარი საქართველოდან ექსპორტის და, ზოგადად, ორმხრივი ვაჭრობის მნიშვნელობაზე", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი განვითარება ყველა მიმართულებით.

„ვთვლით, რომ რეგიონული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და ის მიზნად უნდა ისახავდეს მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნების განვითარებას. ამ მხრივ, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ეფექტურად და წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ერთმანეთის ეროვნულ ინტერესებს და როგორ შეიძლება, ასეთი თანამშრომლობით განხორციელდეს რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები.

„ასევე ჩვენ გვქონდა საუბარი სხვადასხვა სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებიც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი განვითარება.

„ასევე გვქონდა საუბარი თანამშრომლობის სხვა განზომილებებზე, როგორიც არის თანამშრომლობა განათლების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. რა თქმა უნდა, თანამშრომლობის თითოეულ ასპექტს ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„ბატონო პრეზიდენტო, ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადყო საერთო ინტერესი, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ხალხების ინტერესების რეალიზებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ უღრმესი მადლობა გულთბილი მასპინძლობისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

ერდოღანმა და კობახიძემ დაგმეს სლოვაკეთილ ლიდერ ფიცოზე თავდასხმა და მას გამოჯანმრთელება უსურვეს.

კობახიძემ ვიზიტის ფარგლებში, პირველ პრეზიდენტ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო. ის ათათურქის მავზოლეუმში დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოს დელეგაციაში ასევე შედიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×