რეზონანსი
18.06.2024

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ირაკლი ბახტაძესა და მის შემოქმედებით ჯგუფს ბოდიშის მოსახდელად ვადას აძლევს. მმართველი პარტიის დეპუტატი აცხადებს, რომ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ N1 და N11 პრინციპების უხეშად არაერთგზის დამრღვევს პოლიტიკურ და ანალიტიკურ ჟურნალისტიკაში დარჩენის მორალური უფლება არ აქვს.

„საზოგადოებისათვის მოულოდნელი არ არის და უკვე მიჩვეულია კიდეც „ნაციონალური“ ტელევიზიების ბოღმითა და ბოროტებით სავსე ე. წ. ჟურნალისტების მიერ გამომცხვარ პასკვილებს „ქართული ოცნების“ ლიდერების, მომხრეების, თუ აქტივისტების მიმართ.

2024 წლის 6 აპრილს სწორედ ასეთი - სიცრუესა და ბოროტებაზე დაფუძნებული, სამარცხვინო ჟურნალისტის, ირაკლი ბახტაძის სიუჟეტი გავიდა „მთავარ არხზე“, სადაც ჩემი უძრავ-მოძრავი ქონება „მიმოიხილეს“, - აცხადებს ოდიშარია.

მან „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში“ „მთავარ არხს“ სარჩელი მოუგო.

„კიდევ ერთხელ დავანახე ქართულ საზოგადოებას ამ ტელევიზიად წოდებული პარტნომენკლატურის დაქვემდებარებაში მყოფი აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების „კეთილსინდისიერება“ და „პროფესიონალიზმი“. ასევე, ნათლად დაინახა საზოგადოებამ ჟურნალისტის უხეში, მახინჯი ფაბრიკაცია, რაც რა ხანია მათ პროფესიულ ხელწერად იქცა.

ბოდიშის მოუხდელების შემთხვევაში, მე ვიტოვებ უფლებას მივმართო სასამართლოს და საკუთარი სიმართლის დამტკიცების შემთხვევაში, ჟურნალისტად წოდებული ირაკლი ბახტაძე კანონის ძალით ვაიძულო მოიხადოს ბოდიში აღვირახსნილი ცილისწამებისთვის“, - განაცხადა ოდიშარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×