ფინანსისტები ხელს ბანკებისკენ იშვერენ და ასახელებ დროს, როდესაც კურსი გამყარების გზას დაადგება
გვანცა წულაია
13.06.2024

საქართველოს ეროვნულ ბანკში პირდაპირ ითქვა, რომ ლარის გაუფასურება ხელოვნური პროცესია. მოკლე მონაკვეთში შექმნილ პანიკას ნათია თურნავამ შეგნებული დესტაბილიზაცია უწოდა, რასაც ეკონომისტებიც ეთანხმებიან. მათი ნაწილი ხელს კომერციული ბანკებისკენ იშვერს. 

ყველანაირი მაკროეკონომიკური ფაქტორი, რაც ლარის კურსზე მოქმედებს, სტაბილურის. ერთადერთი რა მიმართულებითაც კლებაა, ეს ინვესტიციებია, თუმცა ფინანსიტები ამ გარემოებას კურსის გაუფასურებასთან ვერანაირად ვერ აკავშირებენ და აცხადებენ, რომ დიდი დევალვაცია ხელოვნურად შექმნილმა პანიკამ გამოიწვია. 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლმა ნათია თურნავამ პირდაპირ და ღიად განაცხადა, რომ სავალუტო ბაზარზე შეგნებულად მოხდა დესტაბილიზაცია, რამაც ლარის კურსზე იმოქმედა.

"თითქოსდა არაბუნებრივი მერყეობაა სავალუტო ბაზარზე, რომელიც არც ერთი ფუნდამენტური ფაქტორით არ არის განპირობებული. რა თქმა უნდა, ეს, პირველ რიგში, დაკავშირებულია ნეგატიურ მოლოდინთან, რომელიც განვითარდა არასწორი ინფორმაციის, უპასუხისმგებლო განცხადებების, ანგაჟირებული ექსპერტების მიერ. შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ როგორ დაიწყო და განვითარდეა მოვლენები - მოხდა იმის ტირაჟირება, რომ ლონდონის საერთაშორისო ბირჟაზე ჩვენი წამყვანი ბანკების აქციები მერყეობს და ეს თურმე გამოიწვევს საბანკო სისტემის დაქცევას. მოწოდება, რომ გაიტანეთ დეპოზიტი, რადგან ბანკები კოტრდება, აბსოლუტურად არაფერთან კავშირში არ არის. 

ეს იყო შეგნებული მცდელობა იმისა, რომ დესტაბილიზაცია მომხდარიყო ბაზარზე. ძალიან სენსიტიური და მგრძნობიარეა ჩვენი ბაზარი სხვადასხვა ინფორმაციის მიმართ. ყველას არ აქვს იმდენი მონაცემი ან ცოდნა იმისა, რომ გაანალიზოს და ერთმანეთისგან გაარჩიოს, რა არის საფუძვლიანი და რა - უსაფუძვლო. 

ბოლო 12 თვეზე მეტია საკმაოდ მყარია ლარი, სტაბილურია ფინანსური ბაზარი და ამას ჩვენი ბიზნესი, მოსახლეობა შეეჩვია და ცხადია, გარკვეულ წუხილს იწვევს მერყეობა, რაც ბოლო დროს ხდება. არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის გრძელვადიანი ტენდენცია. 

რა თქმა უნდა, ჩვენი ბაზრის მონაწილეები, ბიზნესი, საფინანსო სექტორი სწრაფად ხვდება და ერთმანეთისგან არჩევს ცრუ და სერიოზულ ინფორმაციას, ხედავენ, რომ ეს არის არაფრიდან წარმოქმნილი აჟიოტაჟი, რომელიც აუარესებს მოლოდინს, მაგრამ ეს რისკი არ მატერიალიზდება. შესაბამისად, გარდაუვალია, რომ ახლო პერიოდში ბაზარი კვლავაც სტაბილური გახდეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ბაზარზე ხელოვნურ ჩარევას ეკონომისტები ეთანხმებიან, რადგან, მათი შეფასებითაც, არ არსებობს რეალური მიზეზი იმისა, რაც კურსს საგრძნობლად გააუფასურებდა. საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა ამ საქმეში კომერციული ბანკების ინტერესს ხედავს, ისინი ცდილობენ მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსზე თამაშით მსუყე მოგება მიიღონ. 

"კომერციულ ბანკებს ისე შეუძლიათ კურსი ათამაშონ, რომ სიტყვაზე აიყვანონ 100-მდე ანდა ჩამოადგონ 0.1-მდე. საერთოდ, კურსის დადგენა ხდება მათი ვაჭრობის შედეგად. თუ კომერციულმა ბანკებმა შეკრეს პირი და იმოქმედეს ლარის კურსზე, ესე იგი ეს კარტელური გარიგებაა და ამაზე სხვა კანონმდებლობა მოქმედებს. რადგან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ასეთ განცხადებას აკეთებს, მან იცის და ხელში უჭირავს შესაბამისი ფაქტები იმისა, რომ კომერციული ბანკები მანიპულირებენ ლარის კურსით. ცდილობენ მოკლე დროში მსუყე მოგება მიიღონ, ლარის კურსის მერყეობისგან.

ეს არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ძალიან სერიოზული განცხადება, რასაც იმედია, მოჰყვება დასკვნის გაკეთება და შესაბამისი რეაგირება, კომერციული ბანკების საქციელზე. ყველამ ვიცოდით, რომ ბანკები ისედაც თამაშობენ ხოლმე ლარის კურსზე, მაგრამ როდესაც ამას ეროვნული ბანკის პირველი პირი აცხადებს, უნდა მოჰყვეს შესაბამისი პრაქტიკული ქმედება.

აუცილებელია საქართველოს ჰქონდეს თავისი სავალუტო ბირჟა, ამაზე არაერთი ექსპერტი საუბრობს, მათ შორის მეც. საჭიროა საკუთარი ბირჟა, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ აბსოლუტურად კონტროლირებადი იქნება და არა სადღაც ვირტუალურ სამყაროში, "ბლუმბერგის” სავაჭრო პლატფორმაზე. ასეთი ბირჟა აუცილებელია, რადგან ეროვნულ ბანკს ჰქონდეს იმის საშუალება, რათა ვალუტის კურსის მკვეთრი ვარდნის შედეგად, შესაძლებელი იყოს ვაჭრობის აკრძალვა. იმედია, ბოლოს და ბოლოს ეროვნული ბანკი გაამართლებს თავის სახელწოდებას~, - განუცხადა "რეზონანსს” ლია ელიავამ და კითხვაზე - კომერციული ბანკების გარდა კიდევ სხვა სუბიექტების ინტერესი ხომ არ იკვეთება? -ექსპერტმა უპასუხა:

"არაფერს გამოვრიცხავ, რადგან არსებობენ სავალუტო სპეკულანტები, რომლებიც კურსის მანიპულირების შედეგად იღებენ საკმაო მსუყე შემოსავალს, მაგრამ ისინი იმ რაოდენობით არ ვაჭრობენ, როგორც კომერციული ბანკები. საქართველო პატარა ქვეყანაა და აქ განმსაზღვრელი მაინც არის კომერციული ბანკების ფინანსები. 

ეროვნული ბანკის მხრიდან ასეთი სერიოზული განცხადება მოასწავებს რაღაც სერიოზულ ცვლილებებს ჩვენს საბანკო სისტემაში. ან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მოხსნიან ანდა კომერციულ ბანკებს აიძულებენ ქვეყნის სასარგებლოდ იმუშაონ”, - დასძინა "რეზონანსთან” ელიავამ. 

ბოლო რამდენიმე კვირაში ლარის კურსი 20 პუნქტით დაეცა. ვარდნის შესაჩერებლად და კურსის დასაჭერად ეროვნულმა ბანკმა, საერთო ჯამში, სამი ინტერვენცია განახორციელა. 3-კვირიან პერიოდში სებ-მა 168.7 მლნ დოლარი გაყიდა, თუმცა სტაბილიზაციის მიღწევა ვერ მოხერხდა. 

როგორც ეკონომისტები მიიჩნევენ, ფუნდამენტური ფაქტორები არ შეცვლილა, ამიტომ კურსზე ზემოდმქედების რეალური მიზეზი არ არსებობს. ამიტომ ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ პირდაპირ განაცხადა, რომ ახლა სავალუტო ბაზარზე სპეკულაციაა, რისი მიზანიც კურსის ხელოვნური რყევაა. 

"როდესაც ფუნდამენტურ-ეკონომიკური ფაქტორები ნორმაშია და წარმოიქმება დადებითი სავალუტო ბალანსი, ანუ ქვეყანაში უფრო მეტი ვალუტა რჩება, ვიდრე გადის, მაშინ, ლარის კურსის გაუფასურება არ ხდება. თუ ამ მსჯელობას მივყვებით და ვნახავთ, რომ ფუნამენტურ-ეკონომიკური ფაქტორები არ გაუარესებულა. მაშინ, ისმის კითხვა - რას შეიძლება გამოეწვია სავალუტო რყევა? სხვა პერიოდშიც გვქონდა ასეთი მოცემულობა - ლარზე მოქმედი ფაქტორები არ გაუარესებულა, მაგრამ კურსი უფასურდებოდა. ამას ეძახიან ნეგატიური მოლოდინიდან წარმოქმნილ რყევას. 

საერთოდ, სავალუტო ბაზარზე სპეკულაციები ხდება ხოლმე. ნებისმიერ მსხვილ ტრანზაქციას შეუძლია ბაზარზე რყევა გამოიწვიოს. მაგალითად, მოხდეს ვალუტის შესყიდვა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამის საჭიროება. ასევე, კონვერტაცია - ანგარიშები გადავიდეს უცხოურ ვალუტაში და მესამე, მოსახლეობის შეშფოთება, რაც ყველაზე მეტად საყურადღებოა. როცა მოსახლეობას ეწყება პანიკა, ისინი მყარ ვალუტაში ახურდავებენ ფულს, მაგალითად, ევროში და დოლარში. 

საბანკო სისტემაში არსებული ბოლო მონაცემების მიხედვით, ამაზე მაღალი ლარიზაცია პრაქტიკულად არ ყოფილა, რაც დღესაა, ანუ არც მომხდარა მოსახლეობის შეშფოთებიდან გამომდინარე ბაზარზე სავალუტო ცვლილება. ასე რომ, თუ ამ ფაქტორსაც გამოვრიცხავთ, გვრჩება რომელიმე მსხვილი ტრანზაცია, თუნდაც იურიდიული პირების მხრიდან. ასეთ ქმედებას არაკეთილსინდისიერი იმიტომ ჰქვია, რომ ვიღაცები ამ პანიკით დიდ მოგებას იღებენ. კურსის ხელოვნურად გაფუჭებით საკმაოდ დიდ მოგებას იღებენ”, - განუცხადა "რეზონანსს” ცუცქირიძემ და იქვე აღნიშნა, რომ მალე სიტუაციის გამოსწორებას ელოდება.

"რადგან პანიკური სიტუაცია გვაქვს და კურსის გაუფასურება აჟიოტაჟს უკავშირდება, გამოდის, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს, შესაბამისად, კურსი დაიწყებს ბუნებრივი წერტილისკენ მოძრაობას. ამჯერად იგი გადამეტებულ მაჩვენებელზეა და ხელონურად არის აწეული, ამიტომ დაიწყებს იმ ნიშნულისკენ სვლას, რაც რეალურად არის წონასწორული. ამას ჩვენ, ალბათ, უახლოეს ერთ კვირაში ვნახავთ”, - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ "რეზონანსთან” საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×