რეზონანსი
21.05.2024

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 77 პირი დააკავა, მათგან 23 ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძე ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარებას.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გამოვლენილი იქნა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული. კერძოდ ამოღებული იქნა ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში ფარულად მოთავსებული 52 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში ტრანზიტული გზით, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ. ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ნარკოტრანზიტში ჩართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გამოვლენისა და მათი დაკავების მიზნით.

ასევე ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილი და განეიტრალებული იქნა ერთ-ერთი მსხვილი ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, რომელიც ე.წ. შავი ბაზრის 50 პროცენტზე მეტს ამარაგებდა. აღნიშნულ მაღაზიას მართავდა, ასევე, დადების მეთოდით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდენდა ჩვენ მიერ დაკავებული, 1963 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე, რომლის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოღებული იქნა 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, 27 ათასი ცალი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზის“ აბები და 10 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო პერიოდში, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 77 პირია დაკავებული მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია.

დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე, ირანის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის და ნიგერიის მოქალაქეები" - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×