რეზონანსი
05.08.2026

გერმანიის ლაიფციგის აეროპორტში, მფრინავი ობიექტის გამო ფრენები შეფერხდა. ერთ-ერთ ასაფრენ ზოლთან კი საეჭვო საგანი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ევრონიუსი“ ადგილობრივ პოლიციაზე  დაყრდნობით იუწყება.

ინციდენტი 5 აგვისტოს ღამით მოხდა. მფრინავი ობიექტის გამო რამდენიმე რეისი, მათ შორის ერთი სამგზავრო თვითმფრინავი, სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს. პოლიციის წარმომადგენელმა „ევრონიუსს“ განუცხადა, რომ მფრინავი ობიექტის დაფიქსირების პარალელურად, სამხრეთ ასაფრენ ზოლთან აღმოჩენილი უცნობი საგანი აღმოაჩინეს, რომელიც ფედერალურმა პოლიციამ შეამოწმა, თუმცა მან არ დაადასტურა, რომ საუბარი დრონს ეხებოდა.

პოლიციის ინფორმაციით, საეჭვო საგნის შესამოწმებლად გამოიყენეს ასაფეთქებელი მოწყობილობების განეიტრალების სპეციალური რობოტი. დამატებითი დეტალები არ გასაჯაროებულა. ფრენები მეორე ასაფრენი ზოლიდან გვიან ღამით განახლდა, თუმცა სამხრეთის ზოლი დილით კვლავ დაკეტილი იყო.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ინციდენტი უკრაინული სატვირთო ავიაკომპანია ანტონოვ ეარლაინსის თვითმფრინავების სიახლოვეს მოხდა. ავიაკომპანიამ საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი ლაიფციგის აეროპორტში გადაიტანა.

ანტონივს ლაიფციგში ბაზირებული ჰყავს ან-124 ტიპის სატვირთო თვითმფრინავები და ამჟამად ტექნიკური მომსახურების ანგარს აშენებს, რომლის დასრულებაც 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.

ცნობისთვის, ავიაკომპანიის თავდაპირველი ბაზა უკრაინაში, ჰოსტომელის აეროპორტში იყო, რომელიც რუსეთის სამხედრო შეტევების შედეგად განადგურდა.

„ევრონიუსის“ ცნობით, ლაიფციგში მომხდარი ინციდენტს წინ უსწრებს გერმანიის აეროპორტებში ბოლო პერიოდში მომხდარი მსგავსი შემთხვევები.

გასული წლის ოქტომბერში ადგილობრივი მედია იუწყებოდა, რომ მიუნხენის აეროპორტის დასაცავად დრონების აღმოსაჩენად ლაზერული სისტემა განალაგეს. მანამდე აეროპორტი ორი დღის განმავლობაში დახურული იყო საეჭვო დრონების გამოჩენის გამო. ნოემბერში კი ბერლინის ბრანდენბურგის აეროპორტში ფრენები დაახლოებით ორი საათით შეჩერდა, საჰაერო სივრცეში დრონის დაფიქსირების გამო.

გერმანიის საჰაერო ნავიგაციის სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს საჰაერო სივრცეში დრონების 144 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 35 ფრანკფურტის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×