
დღეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მე-13 სამუშაო ყრილობა, სადაც ჩვენი რაიონული, რეგიონული და თბილისის ორგანიზაციის წარმომადგენლები პარტიის მმართველობით, დროებით საბჭოს აირჩევენ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ პარტიის ყრილობის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კანდიდატები უკვე წარდგენილი არიან, რომელიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„ყრილობის დაწყებამდე კანდიდატებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ კანდიდატები უკვე წარდგენილი არიან. კანდიდატების წარდგენის უფლება ჰქონდა პოლიტიკური საბჭოს 15 წევრს. 15 წევრს ჰქონდა სამი კანდიდატის წარდგენის უფლება. კანდიდატების სია პროცედურის მიხედვით როგორც ხდება, ეს საკითხი დადგება ყრილობაზე და ყრილობა მიიღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ყრილობა გადაწყვეტილებას მიიღებს, უკვე ცნობილი გახდება იმ კანდიდატების ვინაობა, ვისაც ყრილობამ ნდობა გამოუცხადა“, - განაცხადა წითლიძემ.
კითხვაზე, დაესწრება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თინა ბოკუჩავა დღევანდელ ყრილობას, წითლიძე პასუხობს, რომ სასურველია, თინა ბოკუჩავა ყრილობას დაესწროს.
„ვისურვებდით, რომ ყრილობაზე იყოს, რადგან თინა არის ამ პარტიის ნაწილი, მით უმეტეს ორი წლის განმავლობაში იმ მენეჯმენტს, რომელსაც უფლებამოსილება ამოეწურა და რომლის ნაწილი თინაც იყო, მიუხედავად ძალიან ბევრი გამოწვევისა, ძალიან რთულ დროს მოუწია პარტიის მართვა. შესაბამისად, ჩვენი სურვილია, რომ თინა ესწრებოდეს ამ ყრილობას, თუმცა მე არ მაქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, დაესწრება თუ არა“, - აღნიშნა წითლიძემ.