ნატალია ჯვარიძე
21.09.2026

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ელა პამფილოვას თქმით, რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების წინასწარი შედეგებით, პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი ოთხმა პარტიამ გადალახა. პამფილოვას ინფორმაციით, ეს პარტიებია : „ერთიანი რუსეთი" (ხმების 57.83%-ით), "რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია" (13.81%), "რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია" (8.97%), „ახალი ხალხი" (7.96%).

პამფილოვას თქმით, 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი ჯერ კიდევ აქვს პარტია „სამართლიან რუსეთს". გარდა ამისა, წინასწარი მონაცემებით, "ერთიანი რუსეთი" 225 ერთმანდატიანი ოლქიდან 208-ში ლიდერობს. ხუთ ოლქში პირველ ადგილს "რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის" კანდიდატები იკავებენ, ოთხში - „სამართლიანი რუსეთის" კანდიდატები, ორში "ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია" ლიდერობს, ერთში კი - პარტია „როდინა".

ამასთან, ოთხ ერთმანდატიან ოლქში პირველ ადგილს დამოუკიდებელი კანდიდატები იკავებენ. პამფილოვამ განმარტა, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „ერთიანმა რუსეთმა" პარლამენტში 355 ადგილი მოიპოვა, "კომუნისტურმა პარტიამ"- 40, "ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ" - 25, პარტიამ - „ახალი ხალხი" - 20, ხოლო „სამართლიანმა რუსეთმა" - 4. რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული „არჩევნების" შედეგებით, „ედინაია როსია" სახელმწიფო დუმას ისტორიაში რეკორდულ - 355 ადგილს მიიღებს.

450-დან 355 ადგილი აბსოლუტური და კონსტიტუციური უმრავლესობაა, რაც პარტიას საშუალებას აძლევს, ერთპიროვნულად მიიღოს ნებისმიერი კანონი და ცვლილებები კონსტიტუციაში. „ედინაია როსიასგან" სახელმწიფო დუმის მანდატი უკრაინაში ომში მონაწილე 86-მა ე.წ ჯარისკაცმა მიიღო.

დამოუკიდებელი პოლიტოლოგები, საერთაშორისო დამკვირვებლები და ოპოზიციური ჯგუფები ამ არჩევნებს აფასებენ როგორც მკაცრად გაკონტროლებულ პროცესს, სადაც შედეგები წინასწარ იყო პროგნოზირებადი.

მათი აზრით, მთავარი პოლიტიკური ამოცანა კრემლისთვის იყო მმართველი პარტიის - „ერთიანი რუსეთის" მიერ 300-ზე მეტი მანდატის შენარჩუნება, რაც საშუალებას აძლევს მათ, მიიღონ ნებისმიერი კონსტიტუციური ცვლილება და კანონი ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე, რაც არსებული პოლიტიკური სისტემის სრულ სტაბილურობასა და კონტროლს უზრუნველყოფს.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პარლამენტში მოხვედრილი დანარჩენი პარტიები (კომუნისტები, ლიბერალ-დემოკრატები, „სამართლიანი რუსეთი" და ახლად შესული „ახალი ხალხი") არ წარმოადგენენ რეალურ, რადიკალურ ოპოზიციას. ისინი პერიოდულად აკრიტიკებენ მთავრობას სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, თუმცა საგარეო პოლიტიკასა და საკვანძო სახელმწიფო გადაწყვეტილებებში სრულად უჭერენ მხარს კრემლის კურსს.

ახალი პარტია „ახალი ხალხის" პარლამენტში შეყვანას ექსპერტები აღიქვამენ როგორც ხელისუფლების მცდელობას, ურბანული და შედარებით ლიბერალური ამომრჩევლის ხმები სისტემის შიგნით გადაამისამართონ.

საერთაშორისო დამკვირვებლები უთითებენ, რომ არჩევნებამდე არსებითად განადგურდა არასისტემური ოპოზიცია. ოპოზიციური ლიდერები, მაგალითად ალექსეი ნავალნის გუნდი ან დააკავეს, ან ქვეყნიდან იძულებით წავიდნენ. ნავალნის „ჭკვიანური ხმის მიცემის" აპლიკაციასა და რესურსებზე წვდომა ქვეყნის შიგნით მაქსიმალურად შეიზღუდა.

დამოუკიდებელი საარჩევნო მონიტორინგის ჯგუფები (მაგ. „გოლოსი") და სტატისტიკოსები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ 3-დღიან ხმის მიცემასა და ელექტრონულ არჩევნებზე.

ექსპერტების შეფასებით, ხმის მიცემის 3 დღეზე გაჭიმვა და ონლაინ ხმის მიცემა მკვეთრად ამცირებს პროცესის გამჭვირვალობას და ქმნის ფართომასშტაბიანი მანიპულაციების შესაძლებლობას. ბევრ ოლქში (მაგალითად, მოსკოვში) ოპოზიციური კანდიდატები უბნებზე დათვლილი ხმებით იგებდნენ, თუმცა, ელექტრონული ხმების დამატების შემდეგ შედეგები მკვეთრად შეიცვალა მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×