ნატალია ჯვარიძე
22.09.2026

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი გადადგომას არ გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ მისმა პარტიამ რეგიონულ არჩევნებში (მეკლენბურგი-წინა პომერანიაში) კატასტროფული შედეგი აჩვენა და პირველად 1949 წლის შემდეგ, საარჩევნო ბარიერიც ვერ გადალახა. ამავდროულად, ბერლინის არჩევნებში ყოფილი გდრ-ის კომპარტიის მემკვიდრე „მემარცხენე პარტიამ" გაიმარჯვა, რაც, ანალიტიკოსების შეფასებით, მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ სოციალურ პროტესტს უკავშირდება.

მერცმა ამ შედეგებს „კატასტროფული" უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ მუშაობას გააგრძელებს და მთავრობის მიერ დაგეგმილ ეკონომიკურ, საგადასახადო და სოციალურ რეფორმებს განახორციელებს.

მერცის „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა" მეკლენბურგი-წინა პომერანიაში ხმების მხოლოდ 4.9% მიიღო და 5%-იან ბარიერს მიღმა დარჩა. აქ პირველი ადგილი პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის" დაიკავა 38.3%-ით, მეორე ადგილზე კი „სოციალ-დემოკრატიული პარტია" გავიდა 35.4%-ით, რომელსაც მხარის პრემიერ-მინისტრი მანუელა შვეზიგი ხელმძღვანელობს.

მხარის პარლამენტში მოხვედრა კიდევ ორმა პარტიამ შეძლო: „მემარცხენე პარტიამ" (6.5%) და „მწვანეთა პარტიამ" (5.7%).

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მხარის ახალ პარლამენტში „ალტერნატივა გერმანიისთვის" 32 მანდატს მოიპოვებს, „სოციალ-დემოკრატიული პარტია" - 29-ს, „მემარცხენე პარტია" და „მწვანეები" კი - ხუთ-ხუთს.

მერცის პარტიამ მხარდაჭერა დაკარგა ბერლინშიც, სადაც არჩევნებში „მემარცხენეებმა" გაიმარჯვეს. იქ „მემარცხენე პარტიამ" ხმების 25.3% მიიღო, „ქრისტიან-დემკრატიულმა კავშირმა" - 19%, პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის" - 16% და „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ" - 12.1%.

არჩევნების შემდეგ მერცმა განაცხადა, რომ მიღებული შედეგი მისთვის მთავრობის კურსის შეცვლის მიზეზი არ არის.

„რეფორმები აუცილებლად უნდა განხორციელდეს. მე ვიღებ ამ პასუხისმგებლობას, რადგან მსურს ჩვენი ქვეყნის წინსვლა", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

არჩევნების წინ გერმანულ პოლიტიკაში აქტიურად განიხილავდნენ მერცის შესაძლო შეცვლის საკითხსაც, თუმცა კანცლერმა თანამდებობის დატოვება გამორიცხა და განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად დაწყებულ რეფორმებზე მუშაობას გააგრძელებს.

„ის, რაც ახლა უნდა გაკეთდეს, მოითხოვს სიმტკიცეს, მოთმინებასა და პასუხისმგებლობას. ამას ვაჩვენებ, როგორც ქრისტიან-დემოკრატიული კავშრის თავმჯდომარე და, უპირველეს ყოვლისა, როგორც ჩვენი ქვეყნის კანცლერი", - თქვა მერცმა.

რაც შეეხება გერმანიის სხვა მხარეებში წელს გამართულ არჩევნებს, მარტში ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში „მწვანეთა" პარტიამ გაიმარჯვა. ასევე მარტში, რაინლანდ-პფალცში გამართული არჩევნები მერცის „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა" მოიგო. 6 სექტემბერს საქსონია-ანჰალტშის მხარეში გამართულ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის".

ანალიტიკოსთა შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მერცის პარტიამ ადრე რაინლანდ-პფალცის მხარეში შეძლო გამარჯვების მოპოვება, ზოგადი ტენდენცია აჩვენებს, რომ აღმოსავლეთ გერმანიის რეგიონებში (როგორიცაა მეკლენბურგ-წინა პომერანია და ადრე ჩატარებული საქსონია-ანჰალტი) მკვეთრად იზრდება ულტრამემარჯვენეების გავლენა, დასავლეთით კი პოლიტიკური ბალანსი უფრო ნელა, მაგრამ მაინც ირევა.

ვინ არიან „მემარცხენეები"

„მემარცხენე პარტია", რომელმაც ბერლინში არჩევნები მოიგო, ყოფილი გდრ-ის მმართველი კომუნისტური პარტიის მემკვიდრე. გდრ-ის გაუქმებისა და გერმანიის გაერთიანების შემდეგ, ეს ძალა გარდაიქმნა პარტიად სახელწოდებით „დემოკრატიული სოციალიზმის პარტია", ხოლო მოგვიანებით, 2007 წელს, დასავლეთ გერმანიაში არსებულ მემარცხენე ძალებთან გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა დღევანდელი სახით, როგორც „მემარცხენე პარტია".

მიუხედავად იმისა, რომ პარტია ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა დემოკრატიულ პლატფორმაზე დამკვიდრებას, მისი ფესვები და ტრადიციული საარჩევნო ბაზა ძირითადად სწორედ ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიებსა და ბერლინის აღმოსავლეთ რაიონებს უკავშირდება, სადაც მას დღემდე მყარი მხარდაჭერა აქვს.

ამასთან, არის ცნობები ამ მემარცხენე პარტიის კავშირებზე ისლამისტებთან. გერმანელი ექსპერტები, მაგალითად, ისლამის ცნობილი მკვლევარი აჰმად მანსური და მედია ხშირად აკრიტიკებენ მემარცხენეებს „ანტიიმპერიალისტური" და ანტიდასავლური რიტორიკის, ასევე პალესტინის მხარდამჭერი აქციების მხარდაჭერის გამო.

კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ მემარცხენეები ხშირად თავს იკავებენ რადიკალური ისლამია და რელიგიური ფუნდამენტალიზმის მკაცრი კრიტიკისგან. შედეგად, რელიგიური ნიშნით ჩადენილ ზოგიერთ უკიდურესობას ან პრობლემას ისინი სათანადოდ არ აფასებენ.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ისაა, რომ ბერლინის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, გერმანიის დედაქალაქის მერი შეიძლება პირველად გახდეს ჩერქეზული წარმომავლობის პოლიტიკოსი ქალი. „მემარცხენე პარტიის" ლიდერი ელიფ ერალპი არის თურქი ემიგრანტების შთამომავალი და წარმოშობით ჩერქეზია. გერმანიის პოლიტიკურ სივრცეში ის აქტიურად არის ჩართული სოციალურ და მიგრაციულ საკითხებში, ხოლო მისი ეთნიკური წარმომავლობა ხშირად ხვდება მედიის ყურადღების არეალში, როგორც მულტიკულტურული წარმომადგენლობის ნაწილი გერმანულ მემარცხენე პოლიტიკაში.

რის ხარჯზე გაიმარჯვეს

პოლიტიკური ანალიტიკოსები ბერლინში „მემარცხენე პარტიის" წარმატებას ერთხმად აფასებენ, როგორც არა იმდენად თავად პარტიის სერიოზულ წარმატებას, რამდენადაც მოქმედი ხელისუფლების მიმართ არსებული მძიმე პროტესტითა და სოციალური ფონით განპირობებულ მოვლენას. ექსპერტების შეფასებით, ქალაქის მცხოვრებლებმა მკაცრად „დასაჯეს" წინა მმართველი კოალიცია, რადგან მათ ვერ მოაგვარეს მწვავე საბინაო კრიზისი და საცხოვრებლების მზარდი ხარჯების პრობლემა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ „მემარცხენეებმა" ზუსტად ისარგებლეს ამ სოციალური უკმაყოფილებით, მობილიზება გაუკეთეს ახალგაზრდებსა და პროგრესულ ამომრჩევლებს, გარდა ამისა, დიდი როლი ითამაშა პარტიის ადგილობრივი ლიდერის, ელიფ ერალპის მიმართ არსებულმა მცირედით უფრო პოზიტიურმა განწყობებმა, ვიდრე ეს კონკურენტების შემთხვევაში იყო. შედეგად, ბერლინში ამომრჩეველმა ალტერნატივის ძიებისას და პროტესტის ნიშნად არჩევანი სწორედ მემარცხენე ძალებზე შეაჩერა.

ნაწილი ანალიტიკოსებისა მიიჩნევს, რომ ბერლინში „მემარცხენე პარტიის" წარმატება ძირითადად მათი მიზნობრივი, სოციალური კამპანიის დამსახურებაა. მათი შეფასებით, პარტიამ ზუსტად შეარჩია ყველაზე მტკივნეული წერტილი - ქირით მცხოვრებთა პრობლემები და საბინაო კრიზისი და ძალიან მკაფიო, პოპულისტური დაპირებებით შეძლო ამომრჩევლის გულის მოგება.

ექსპერტების მეორე ნაწილი განსხვავებულ პოზიციაზეა და ამტკიცებს, რომ ეს იყო არა „მემარცხენეების" იდეოლოგიური ტრიუმფ, არამედ ამომრჩევლების პროტესტი მოქმედი ხელისუფლების მიმართ და მათი „დასჯა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×