რეზონანსი
23.09.2026

მხოლოდ მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, რუსულმა არმიამ უკრაინაში ბრძოლის ველზე 248 964 ჯარისკაცი დაკარგა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოს 21 ქვეყნის მოსახლეობა იმაზე ნაკლებია, ვიდრე ბოლო რვა თვის განმავლობაში რუსეთის მიერ დაკარგული სამხედროების რაოდენობა.

„ამხელა დანაკარგის ფასად, რუსეთმა წელს ჩვენი მიწის ათას კვადრატულ კილომეტრზე ოდნავ მეტის მიტაცება მოახერხა, საიდანაც მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენ უკვე გავათავისუფლეთ. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც უკრაინული მიწების გარეშეც 17 მილიონი კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას ფლობს. მათთვის კიდევ ათასი კვადრატული კილომეტრის დასამატებლად, პუტინმა თითო კილომეტრზე 248 ადამიანი „გახარჯა". ვინმეს კვლავ სჯერა, რომ იგი საღად მოაზროვნე და ზომიერია?" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის განმარტებით, უკრაინას რუსული მხარის თითოეული დანაკარგის ვიდეოდასტური გააჩნია.

„ეს არ არის უბრალოდ სტატისტიკა - საუბარია ადამიანებზე. ჩვენ გვაქვს უპილოტო საფრენი აპარატების ვიდეოჩანაწერების არქივი, სადაც ასახულია, თუ როგორ იღუპება ათასობით რუსი განადგურების ზონებში. ეს სიგიჟეა. თუმცა ისინი მაინც მიდიან სიკვდილზე, რადგან სწორედ ეს სურს პუტინს", - დასძინა ზელენსკიმ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×