"წლის ბოლომდე სიტუაცია დარეგულირდება, რადგან დიდი გაურკვევლობისკენ მიდის მსოფლიო უაზრო გადაწყვეტილებებით"
თამარ ვეფხვაძე
22.09.2026

ევროპული სანქციების რიგით 22-ე პაკეტის მიღება ვერ ხერხდება. მართალია სიიდან ორი რუსი მილიარდერი - ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი ბოლოს და ბოლოს ამოიღოს, მაგრამ საბოლოო შედეგის მისაღწევად ეს საკმარისი მაინც არ არის. მეტიც, რაც დრო გადის კრემლის წინააღმდეგ ახალ-ახალი სანქციების დაწესება ძალიან ჭირს და რაც უკვე დაწესებულია, პრაქტიკაში არ მუშაობს.

მოკლედ, რუსეთს ევროპული სანქციების არ სჯერა, მეტიც, ირონიით უყურებენ. არაა გასაკვირი, რომ ევროპული მუქარა ჩვეულებრივ ფარსად იქცა. ეკონომისტების შეფასებაც ასეთია - სანქციები არ მუშაობს, შეზღუდვების მიუხედავად, სანქცირებული რუსული საწვავი და ნავთობი ჩვეულებრივად იყიდება სხვადასხვა ქვეყნის ტანკერების საშუალებით, ნეიტრალურ წყლებში, თანაც უკვე ძალიან გაზრდილ ფასად. გარდა ამისა, მთელი კონტინენტი საწვავის დიდი დეფიციტის წინაშია, ხოლო გაზის მარაგი კარს მომდგარი ზამთრის წინ ყველზე დაბალ ნიშნულზეა, ომის დაწყების შემდეგ.

გამუდმებით სანქციების წნეხის ქვეშ ყოფნის მიუხედავად, რეალურად რუსეთის ეკონომიკური განვითარების დონე, დიდად არ ჩამორჩება ევროპულ ქვეყნებისას. ქვეყანა არც ერთ წელს რეცესიაში არ გადასული. მშპ-ს ზრდის ტემპით კი ევროკავშირს სულაც არ ჩამოუვარდება. 

რუსული საწვავი და ნავთობი ის აუცილებელი ენერგოპროდუქტებია, რომლის ხელში ჩასაგდებად, სანქციების ინიციატორი ევროპელი ბიუროკრატები უსირცხვილოდ ვაჭრობენ მოახლოებული ზამთრის წინ. სწორედ ამიტომ, ეკონომისტებიც და პოლიტიკოსებიც უკვე ღიმილით და ირონიით ხვდებიან ევროპულ მუქარას რუსეთის წინააღმდეგ. 

ეკონომისტი ნოდარ კაპანაძემ „რეზონანსთან“ საუბარი სწორედ ამ თემით დაიწყო და აღნიშნა, რომ როდესაც საუბარი ეხება ქვეყნებს შორის ურთიერთობას, მათ შორის, ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ სამხედრო მოქმედებებს, იქ ემოციებით საუბარი, უბრალოდ, არასერიოზულია. 

„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რუსეთი ოკუპანტია თუ - არა. აქ არის ქვეყნების რეალური ინტერესები და ამ ქვეყნების პოლიტიკური კლასი, ანუ მმართველი ელიტა ამ გაცხადებული ინტერესების გამო, ერთმანეთს ებრძვიან. მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, ჩვენ ვიყავით „ნეტარი სულელები“ და დარწმუნებულები ვიყავით, რომ ჭადრაკის პარტიაში, თეთრი და შავი ფიგურები გაერთიანდებოდნენ. დავუშვათ, გაერთიანდნენ კიდეც, მერედა, ვის უნდა დაუპირისპირდნენ? ძალიან გვიყვარს ხოლმე ზნეობრივ კატეგორიებში პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და სოციალური პროცესების გადაყვანა. არადა, ზნეობრივ კატეგორიებში ამის განხილვა სრულიად არასერიოზულია. 

ევროკავშირი და კოლექტიური დასავლეთი დიდი ხანია მიჩვეულია, რომ მათი წარბის აწევის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში დაიწყებოდა პანიკა, რომ ბრიუსელში ვიღაცამ წარბი ცუდად ასწია... არადა, აღარ მოქმედებს ეს, რადგან გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ, სანქციები ფარსად იქცევა ხოლმე და ზუსტად ამ პროცესს ვუყურებთ ახლა. 

რა თქმა უნდა, შეზღუდვები და აკრძლავები არ იმოქმედებს, ვინაიდან დიდი ხანია, რუსეთი ჩამოშორებულია ევროპას - ევროპამ თავად ჩამოიშორა რუსეთი. შესაბამისად, რამდენად საინტერესოა რუსეთისთვის ევროპა, გნებავთ, ეკონომიკური, სამხედრო თუ რესურსული თვალსაზრისით, ამაში ეჭვი მეპარება“, - განუცხადა „რეზონანსს“კაპანაძემ.  

მისი აზრით, ევროპა, როგორც გასაღების ბაზარი, რუსეთისთვის უკვე აღარ არსებობს. აქედან გამომდინარე, ნოდარ კაპანაძე მიიჩნევს, რომ ევროპული სანქციების რუსეთის წინააღმდეგ, გამოგონილი ევროპული ქედმაღლობაა და სხვა არაფერი. 

„რუსეთის საექსპერტო წრეებში, სანქციების ამ მორიგ პაკეტს სიცილით ხვდებიან, ანუ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და დიდად არც არავის აინტერესებს. ევროპელები ფიქრობენ, რომ რუსეთში მათ ჰყავთ გავლენის სერიოზული ჯგუფი, რომლებიც რუსეთის პოლიტიკურ პროცესებზე აქტიურად ზემოქმედებენ. ეს არ არის ახალი ამბავი - 1917 წელს, ევროპას ეს ამბავი გამოუვიდა, მე-20 საუკუნის 80-იან წლებშიც გამოუვიდა ევროპას ეს ამბავი და რატომ არ უნდა სცადონ ახლა? 

სწორედ ახლა ჩატარდა რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები, სადაც მონაწილეობდა პარტია „ჩვენი ხალხი“. ესაა ელცინისტების პარტია და მათ მიიღეს 7%-ზე მეტი, ანუ რუსეთში არის ძალა, ვისი იმედიც შეიძლება ევროპელ ბიუროკრატებს ჰქონდეთ. ეს სანქციები, სწორედ ამ ძალებისთვის გასამხნევებლად არის, ვიდრე იმისთვის, რომ რეალური ეკონომიკური შედეგი მოჰყვეს“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ნოდარ კაპანაძემ. 

რეალურად, იგივე პოზიციას იზიარებს ეკონომისტი ნიკა შენგელია, რომელიც აცხადებს, რომ ევროპული სანქციების მიუხედავად, ძალიან ადვილად იყიდებოდა რუსული საწვავი და ნავთობი სხვადასხვა ქვეყნის გემების საშუალებით, ნეიტრალურ წყლებში. 

„ზოგადად, როდესაც დიდ თანხაზეა საუბარი, იქ სანქციები ნაკლებად მოქმედებს. მეტსაც გეტყვით, თვითონ ტრამპი აკეთებს განცხადებს, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვამ გამოიწვია დიზელის დეფიციტი და შეწყვიტეთო. დიზელის დეფიციტი გამო, პრობლემა შეიქმნა ყველგან - ევროპაშიც, თურქეთშიც, აშშ-შიც. შესაბამისად, ინფლაციის მაჩვენებელმაც მოიმატა და გადაზიდვებიც ძალიან გაძვირდა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ევროპელ მომხმარებლებზე, ანუ მოსახლეობაც ნეგატიურად აისახება და ცხადია, სანქციებს კარგი გამოხმაურება არ აქვს. 

რაც შეეხება კითხვას, როდემდე გაგრძელდება ეს, ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლომდე სიტუაცია აუცილებლად დარეგულირდება, რადგან დიდი გაურკვევლობისკენ მიდის მსოფლიო უაზრო სანქციებით. მეტიც, კომიკურ სიტუაციას ემსგავსება ეს ყველაფერი, თანაც ერთეულების ხელში გადავიდა ის, რომ შეუძლიათ, სანქციების გვერდის ავლით მოაგვარონ საქმე. თამაშს დაემსგავსა ეს ყველაფერი, რაც ნამდვილად არ არის კარგი და ხალხს სასაცილოდ არ ჰყოფნის“, - განუცხადა „რეზონანსს“ ნიკა შენგელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×