ვითარების შეცვლა ან დარეგულირება უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის
ქეთო გოგოხია
27.06.2024

საკონტეინერო გადაზიდვის ტარიფები დიდი სისწრაფით მატულობს. პანდემიური პერიოდის შემდეგ ასეთი მაღალი ფასი პირველად ფიქსირდება, რასაც ბიზნესმენები გლობალურ პროცესებს უკავშირებენ, რამაც გადამზიდავებს პრობლემა შეუქმნა და ტარიფებზეც აისახა. საკონტეინერო გადაზიდვის ინდექსმა ახალ რეკორდებს მიაღწია და 6 000 დოლარს გადააჭარბა. განსაკუთრებით აზიის ქვეყნებიდან საზღვაო გადაზიდვა გაძვირდა. ტენდენცია, მცირე საფასო რყევებით, გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო და ამ დროისთვის უკვე ტარიფების დაახლოებით 350%-იანი  მატებაა. 

ცვლილება შესაძლოა  საქონლის ფასებზეც აისახოს. ბიზნესკომპანიებში აცხადებენ, რომ პროდუქცია ჯერჯერობით არ გაუძვირებით, თუმცა თუკი ტრანსპორტირების გაზრდილი ტარიფები შენარჩუნდება, გარკვეული ზომების მიღება მოუწევთ.

როგორც ცნობილია, გლობალური საკონტეინერო ინდექსი 40-ფუტიანი კონტეინერისთვის 5,117 დოლარამდე გაიზარდა და რეკორდული მაჩვენებელია. 20 ივნისიდან მოყოლებული გადაზიდვის ტარიფი 7%-ით, წლიურად კი 233%-ით იყო გაზრდილი.

ფასზე წნეხს ისევ წითელი ზღვის კრიზისი და ამ ფონზე მიწოდების დარღვეული ჯაჭვი ქმნის. გემების მოძრაობის დროის გახანგრძლივება გადამზიდი საშუალებების დეფიციტსა და პორტებში შეფერხებაში აისახა. აზიური ნავსადგურების გადატვირთულობის ფონზე ჩინეთიდან ტვირთების გადაზიდვის ტარიფები ზრდის ტენდენციას შეინარჩუნებს.

არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებიოთ გადამზიდავები აცხადებენ, რომ ნეგატიური ტენდენცია ისრაელში მიმდინარე დაძაბულობას უკავშირდება. როგორც "აიბექს ლოგისტიკის" დირექტორმა  ლევან თათარაშვილმა ,,რეზონანსს" განუცხადა,  გადაზიდვის გაძვირების ტენდენცია გაგრძელდება. სატარიფო ცვლილება, ძირითადად, აზიიდან წამოსულ ტვირთებზე აისახა, თუმცა ბოლო დროს უკვე ევროპისა და აშშ-ს მიმართულებებზეც ვრცელდება.

მისი ინფორმაციით, წლიურ ჭრილში, ამ დროისთვის ტარიფების დაახლოებით 350%-იანი  მატებაა შეინიშნება.

,,საზღვაო მომსახურების ტარიფმა რეალურად  ძალიან მოიმატა. საუბარია ჩინეთიდან და ინდოეთიდან ტვირთების ტრანსპორტირებაზე, რომლის ფასიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განუხრელად მატულობს. ამას აქვს საკმაოდ მყარი საფუძველი: საზღვაო ხომალდები წითელ ზღვაში არ შედიან, ამიტომ  გადამზიდავებს უწევთ ხმელთაშუა ზღვისკენ გადამისამართება, რამაც კატასტროფულად გაზარდა ტარიფები. ეს არის ერთადერთი გამოწვევა,  რის დალაგებასაც ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად კომფორტული პირობები შევთავაზოთ  მომხმარებლებს. 

საკმაოდ დიდი სხვაობაა, გადაზიდვა 300-350 პროცენტით არის გაძვირებული და ეს პროცესი გრძელდება. როგორც აღვნიშნე, ისრაელის ომის გამო წითელ ზღვაში რამდენიმე კომპანიას პრობლემა შეექმნა. მათ შორის მეკობრეების მხრიდანაც, ორი შემთხვევა გემის გატაცებას უკავშირდება. ამიტომ უწევთ მთლიანად აფრიკის კონტინენტისთვის წრის შემოვლა და მერე შესვლა ხმელთაშუა ზღვაში, რაც თავისთავად დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ტარიფები გასამმაგებულია. აზიისა და აშშ-ს მიმართულებით ფასები აქამდე მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო, თუმცა ბოლო დროს აქაც ძვირდება“, - აღნიშნა ლევან თათარაშვილმა.

ამ ეტაპზე აზიის მიმართულებით თითო კონტეინერის გადაზიდვის საფასური 6500 დოლარამდეა. 2023 წლის ნოემბრამდე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1800 დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება გადაზიდვის ტარიფების გავლენას სამომხმარებლო ფასებზე, კომპანია ,,მეგასპორტის" დამფუძნებელმა დავით ჩხეიძემ განაცხადა, რომ ევროპის მიმართულებაზე ცვლილება ნაკლებად აისახება, თუმცა თუკი ტენდენცია გაგრძელდება, იგი იმპორტირებული პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს.

ცნობილია, რომ „მეგასპორტი“ საქართველოში რამდენიმე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია. კომპანია ამ დროისთვის თბილისის მასშტაბით 11 მაღაზიას ფლობს.

,,ბოლო დრომდე ითვლებოდა, რომ გადაზიდვის კუთხით პრობლემა მოგვარებული იყო, განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით. მართალია, აზიის ქვეყნებიდან მომსახურების ფასი მატულობს, მაგრამ ეს ცვლილება ევროპიდან კონტეინერების ღირებულებაზე ნაკლებად ვრცელდება. ჯერჯერობით  კატასტროფული მდგომარეობა არ არის, თუმცა თუ ტარიფები მოიმატებს და ტენდენცია შენარჩუნდება, საქონლის ღირებულებაზეც აისახება. როგორც წესი,  ტრანსპორტირებისა და დღგ-ს მიხედვით კორექტირდება ფასი და ამის შესაბამისად იზრდება", - განაცხადა ჩხეიძემ ჩვენთან საუბრისას.

უცხოელი ანალიტიკოსების ინფორმაციით, ფასების ზრდაა კონკრეტულ მიმართულებებზე: შანხაი - როტერდამის ხაზზე გადაზიდვის ტარიფი 40-ფუტიანი კონტეინერისთვის 6177 დოლარია, წლიურად ზრდა 422%-ს შეადგენს.

როტერდამი - შანხაის მარშრუტზე ტარიფი 6720 დოლარს შეადგენს (ზრდა 18%); შანხაი - გენუის ხაზზე ტარიფი 7 029 დოლარს შეადგენს (ზრდა 292%); შანხაი - ნიუ იორკი - 7 552 დოლარი (ზრდა 197%).

აღსანიშნავია, რომ წითელი ზღვის კრიზისის ფონზე იანვარში საკონტეინერო გადაზიდვის ტარიფი 3964 დოლარამდე იყო გაზრდილი. 25 იანვრის პიკის შემდეგ გადაზიდვის ფასი 40-ფუტიან კონტეინერზე აპრილში 2706 დოლარამდე ჩამოვიდა, რის შემდეგაც ისევ ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ გადაზიდვებზე ტარიფების ზრდის პროცესი პანდემიის პერიოდში დაიწყო და ზოგ შემთხვევაში 800-900%-ითაც გაძვირდა.

გარკვეული ცვლილება მან რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პერიოდშიც განიცადა, მაგრამ შემდეგ სიტუაცია თანდათან დასტაბილურდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×