ტარიფების მატებით ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ მოიმატებს და ეს გავლენა მთელი წელი გაგრძელდება
ქეთო გოგოხია
26.10.2026

წლის ბოლოს გაზისა და წყლის გადასახადები დაკორექტირდება. მართალია, მოსალოდნელ ცვლილებაზე ოფიციალურად სემეკში ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა ცნობილია, რომ ტარიფების გადახედვა მარეგულირებელს გეგმიურად უწევს.  სპეციალისტები არ გამორიცხავენ, გადასახადი კომერციულ სექტორს გაუძვირდეს, მოსახლეობისთვის კი მეტ-ნაკლებად შენარჩუნდეს, თუმცა როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება ტარიფის ზრდის უარყოფით გავლენას მოსახლეობა ყველა შემთხვევაში იგრძნობს, რადგან  გაზრდილი გადასახადი სამომხმარებლო ფასებზე იმოქმედებს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ოფიციალური განცხადებით, 2026 წლის დეკემბრის ბოლოს ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების ტარიფების გეგმიური გადახედვაა დაგეგმილი. გაზისა და წყლის სექტორში ტარიფები ტრადიციულად 3-წლიანი პერიოდულობით განისაზღვრება და არსებული სატარიფო ვადები სწორედ ახლა იწურება. მარეგულირებელი კომისია ამჟამად ატარებს კომპანიების ხარჯების აუდიტს, რის საფუძველზეც დეკემბერში გაირკვევა, რა მასშტაბის ცვლილება იგეგმება 2027 წლიდან.

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ელექტროენერგიის საფასურის გადახედვა წლის ბოლოსთვის არ იგეგმება, რადგან ახალი ტარიფი მარეგულირებელმა კომისიამ რამდენიმე თვის წინ უკვე დაადგინა.

,,მარეგულირებელ კომისიას ამ წლის ბოლოს არ უწევს ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვა, ჩვენ იგი რამდენიმე თვის წინ დავადგინეთ, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში იმოქმედებს. მიმდინარე წლის ბოლოს ჩვენ ვაპირებთ ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ტარიფების გადახედვას, ვინაიდან მათი მოქმედების ვადა სწორედ დეკემბრის ბოლოს იწურება", - განაცხადა ნარმანიამ.

ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ გადასახადების შემცირების საფუძველი რეალურია და თუ კეთილ ნებას გამოავლენს მარეგულირებელი, ცვლილება ამ მიმართულებით სავსებით შესაძლებელია. ტარფისი გაზრდა კი მომსახურების ყველა სეგმენტში გაძვირებას  გამოიწვევს.

,,ყველაფერია მოსალოდნელი, რაც უნდათ კომპანიებს, ყოველთვის აღწევენ. გაზის სექტორში რამდენიმე საშუამავლო კომპანიაა, რომელთა საქმიანობა პირდაპირ კავშირშია ტარიფის ზრდასთან. ეს კი სერიოზული პრობლემაა, რასაც უნდა მიეხედოს.  ენერგეტიკაში მოისპო ეს სისტემა და ეს რგოლები აქაც უნდა ამოვარდნენ, მათი საქმიანობა ხელოვნურად ზრდის ტარიფს და რაღაც ზომები ამ მიმართულებითაც მისაღებია. თუმცა, ჯერ გაძვირების საკითხი დგას დღის წესრიგში, სრული ქაოსია. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, დადგა დრო, რომ გაიაფებისკენ შეიცვალოს ტენდენცია. ერთია მოცემულობა და მეორე, რა ნაბიჯი გადაიდგმება.

რაც შეეხება წყალს, იქ უფრო ველოდები, რომ ფასი მოიმატებს. რა მაჩვენებლით, ამაზე ვერ ვისაუბრებ, ვერ ვიქნები კომპეტენტური, რადგან ინფორმაცია არ მაქვს. მთავარი უბედურებაა, რომ არავინ ითვალისწინებს წყლის თვითღირებულებას, რა ჯდება, ამას რატომღაც არ იკვლევენ. პოლიტიკური ნება არ არის, თორემ ყველა პირობაა, რომ წყლისა და გაზის გადასახადები შემცირდეს.

ტარიფების მატებით ინფლაციას დიდი წნეხი ელის. რიგით მოქალაქეებს ხარჯები გაგვეზრდება. რა თქმა უნდა, თითქმის ყველაფერი გაძვირდება. ეს ნიშნავს, რომ ცხოვრება გართულდება ფიზიკური პირებისთვის, მაგრამ ბიზნესისთვისაც მძიმე ტვირთია. შესაბამისად, ეს აუცილებლად აისახება წარმოებაზე, მათ შორის, სურსათის ფასზე, კვების ობიექტების მომსახურებაზე და ფასი მოიმატებს. შეიძლება, ტარიფის ზრდა შეძლებული ფენისთვის პრობლემა არ იყოს, მაგრამ ღარიბი მოსახლეობისთვის ეს გარდაუვალად გაძვირებული ცხოვრებაა“, - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს“ თემურ ჭიჭინაძემ.

ენერგეტიკოსის შეფასებით, ბუნებრივ აირთან დაკავშირებით გარკვეულ იმედს იძლევა აზერბაიჯანთან განახლებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შეღავათიანი პირობები შენარჩუნდა. ამაში  დადებით როლს ასრულებს ისიც, რომ ლარი სტაბილურად  მყარდება, შესაბამისად, გაზის იმპორტის  საბოლო ღირებულება ქვეყანას შედარებით ნაკლები უჯდება.

სატარიფო ცვლილებასთან დაკავშირებით ანალოგიური მოსაზრებისაა გაზის მეურნეობის სპეციალისტი სოსო სიმონიშვილი, რომლის თქმითაც, ამ ეტაპზე ყველა რესურსია, რომ გადასახადების შესამცირებლად. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა კომპანიებს მოსახლეობის მიმართ დაუფარავი ვალდებულებები აქვთ და რეალურად ვერ ასრულევბენ იმ პირობებს, რის საფუძველზეც თავის დროზე ტარიფების ზრდა მოხდა.

სიმონიშვილის თქმით, თუნდაც იურიდიული პირებისთვის გაიზარდოს წყლისა და გაზის გადასახადები, ინფლაციაზე საგრძნობლად იმოქმედებს და  პროდუქტების და მომსახურების ფასზე გავლენას მოახდენს.

,,ყველა სცენარი შეიძლება დავუშვათ. როდესაც იზრდება  ტარიფი, განსაკუთრებით კომერციული სექტორისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა მომსახურებაზე ფასების ზრდას უნდა ველოდოთ. რა თქმა უნდა, ეს ინფლაციის მიმართულებითაც იმოქმედებს. ბოლოს მაინც ხალხი დარჩება წაგებული. იურიდიული პირებისთვის, გადასახადებზე ფასების ზრდა, როგორც ყოველთვის პროდუქტების და მომსახურების ფასზე ზეგავლენას ახდენს. ისეთი ტიპის ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო, რა თქმა უნდა ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილება ენერგომატარებლების ფასების ზრდასთან დაკავშირებით, მოწყვლადი ფენებისთვის არის საკმაოდ მძიმე.

ჩვენ თუ რეალურ საშუალო ხელფასს შევხედავთ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ენერგომატარებლებზე ტარიფების ზრდა ასეთი მოწყვლადი ფენებისთვის ძალიან მტკივნეული გადასატანია. წლის ბოლოს გაირკვევა, რას გადაწყვეტს სემეკი, ჯერ მიჭირს ამაზე საუბარი, არ გამოვრიცხავ, გადასახადი გაიზარდოს როგორც გაზის, ასევე წყლის სექტორშიც. როდესაც ინვესტიციებით ამართლებენ გადასახადის ზრდას, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მათ აქვთ აურაცხელი შეუსრულებელი ვალდებულებები, რასაც რატომღაც არავინ ითვალისწინებს“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" სოსო სიმონიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აბონენტებს ელექტროენერგიის ტარიფი მიმდინარე წლის აპრილიდან საშუალოდ ხუთი თეთრით გაუძვირდათ.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, დღეს მოქმედი ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფი თბილისში არის 53.971 თეთრი 1 კბ/მეტრზე. ეს ზღვრული ტარიფი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ თავდაპირველად დადგინდა 2021 წლის მაისშიდა მოგვიანებით მისი მოქმედების ვადა უცვლელად გახანგრძლივდა ჯერ 2023–2025 წლების, ხოლო შემდეგ 2026–2027 წლების მარეგულირებელი პერიოდისთვის.

წყლის ღირებულება მრიცხველიანი აბონენტებისთვის შეადგენს 0.50 ლარს ყოველ მოხმარებულ 1 კუბურ მეტრზე, ხოლო უმრიცხველო აბონენტებისთვის კი საცხოვრებელ სახლში რეგისტრირებულ თითოეულ სულზე შეადგენს 4.517 ლარს თვეში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×