თამთა ჩაჩანიძე
15.05.2024

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მესამე მოსმენით მიღების ფონზე სულ უფრო მოხშირდა დასავლელი ლიდერების ვიზიტები - თბილისს ესტუმრნენ აშშ-ს, გერმანიის, ჩეხეთის, პოლონეთის, ფინეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის მაღალი თანამდებობის პირები. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ვიზიტები გაგრძელდეს, თუმცა, დასავლელი პარტნიორების მთავარი სათქმელი უკვე ითქვა.

კერძოდ რა რეალურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ დასავლელი პარტნიორები პოლიტიკის მიმომხილველებს ამის თქმა უჭირთ. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილებას „აუცილებლად მიიღებენ - ახლა თუ არა შემოდგომაზე მაინც", რაც ვითარებას გარკვეულწილად შეამსუბუქებს, თუმცა, ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ვიზიტები პირიქით, კრიზისს აღრმავებს.

ვინ და როდის ესტუმრა თბილისს

13 მაისს დილით ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვივნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები - გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ჩეხეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეეები. ისინი კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე მივიდნენ და სიტყვითაც გამოვიდნენ, მანამდე კომენტარები გააკეთეს მედიისთვის.

ორშაბათს საღამოსვე საქართველოში ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო ბრაიენი, მან შეხვედრები გამართა, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, ისე ოპოზიციასთან, არასამთავრობო სექტორთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. მანამდე ირაკლი კობახიძემ განაცხადა,რომ „ოცნების საპატიო თავმჯდომარე აშშ-ს წარმომადგენელს არ შეხვდებოდა.

პირისპირ შეხვედრების შემდეგ, ობრაიენმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა და აშშ-ს რამდენიმე გზავნილი გააჟღერა. მისი თქმით, "თუ ეს კანონი დარჩება ისე, როგორც დღეს არის და გაგრძელდება ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, აშშ-ის მხრიდან იქნება შეზღუდვები ფინანსური და მგზავრობის კუთხით".

15 მაისს კი ლიეტუვის (გაბრიელიუს ლანდსბერგისი), ლატვიის (ბაიბა ბრაჟე), ესტონეთისა (მარგუს ცაჰკნა) და ისლანდიის (თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი) საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისს ეწვივნენ, ისინი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ, რის შემდეგაც ერთობლივი კომენტარები გააკეთეს მედიისთვის.

„ასე რომ, უკან დაბრუნდით, გაარკვიეთ როგორ უნდა მიაღწიოთ ევროკავშირში ინტეგრაციის მიზანს ამ პრაქტიკული ნაბიჯების მეშვეობით...ვითარება სერიოზულია და ძალიან ღია ვიყავით, მაგრამ ძალიან თავშეკავებულები. ასე რომ, რაც დახურულ კარს მიღმა განვიხილეთ - დახურულს კარს მიღმა რჩება.

„კიდევ ერთხელ, ახლანდელი ვითარება სერიოზულია და ეს არის მესიჯი, რომელიც ჩამოვიტანეთ, როგორც მეგობრებმა, როგორც პარტნიორებმა, როგორც საქართველოს უახლოესმა მეგობრებმა. გთხოვთ მოგვისმინეთ და ამის გამოსწორების გზები არსებობს," - განაცხადა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბაიბა ბრაჟემ.

რა გავლენა ექნება დასავლელი ლიდერების ვიზიტს

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროპის თუ აშშ-ს პირველი პირების ვიზიტები გამორიცხულია, თუმცა, მათი განცხადებები ამ დღეებშია მოსალოდნელი.

„პირველი პირების ვიზიტები გამორიცხულია, მაგრამ მათ შეიძლება განცხადებები გააკეთონ, ეს კი ჩვენთვის სულაც არ იქნება სასიამოვნო. ეს ხალხი დიდი ალბათობით დღეს თუ არა ხვალ მაინც გამოვა და ასეთ განცხადებებს გააკეთებს.

„რაც შეეხება იმას, არსებობს თუ არა რაიმე შანსი, რომ ვითარება შემობრუნდეს, დღეს ივანიშვილისთის ერთადერთი გამოსავალია, რომ გაუშვას დღევანდელი მთავრობა, მას დააბრალოს, რომ ამ კანონის აუცილებლობაში ხალხი ვერ დაარწმუნეს და კანონი გაიწვიოს, მაგრამ ეს მისთვის ძალიან სარისკოა და ვფიქრობ, რომ ამ ნაბიჯსაც არ გადადგამს და ყველაფერი ძველებულად დარჩება.

„ერთი ვარიანტი აქვთ კიდევ, რომ დაელოდონ ოპოზიციამ რაღაც ისეთი მძიმე შეცდომა დაუშვას, რაც პროვოცირების საბაბად გამოდგება და რეპრესიები დაიწყონ გარკვეული მიმართულებით, მაგრამ ეს რეპრესიები შედეგის მომტანი ნამდვილად არ იქნება. ალბათ არჩევნებამდე ამ გაღრმავებული პოლარიზაციით მივალთ.

„არჩევნების შემდეგ შეიძლება კიდევ რაღაც მოხდეს, იქ უკვე გარანტიებზე იქნება ლაპარაკი. როგორც შევარდნაძის და სააკაშვილის დროს იყო, შესაძლოა იგივე განმეორდეს და აი მაშინ იმის ნაცვლად, რომ ივანიშვილი არჩევნებს არ გააყალბებს, ან არჩევნების შედეგებს და დამარცხებას აღიარებს, მან ხელშეუხებლობის რაღაც გარანტიები მიიღოს, როგორც ეს ხდებოდა, მანამდე მგონია, რომ ივანიშვილს რადიკალური გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდება", - განაცხადა ანალიტიკოსმა.

კითხვაზე რა შთაბეჭდილება დატოვა უკვე განხორციელებულმა ვიზიტებმა, ძაბირაძემ გვითხრა: „მათ ფაქტიურად ღიად თქვეს, რომ თუ ასე გაგრძელდება და ხელისუფლება ამ კანონს არ შეცვლის, ჩვენთვის ევროპული გზა დახურულია, კერძოდ, რა რელურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ჩემთვის ცოტა რთული სათქმელია, მაგრამ აუცილებლად მიიღებენ - ახლა თუ არა შემოდგომაზე მაინც. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი ქვეყნისთვისაც და მოსახლეობისთვისაც საკმაოდ რთული გადაწყვეტილებები მიიღონ.

„ყველაზე რთული გადაწყვეტილება დროებით ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაა, ან სანქციები, რომელზედაც ობრაიანმა ილაპარაკა. ამ 84 კაცს (83 იყო და „ოცნებამ" ერთის გადაბირებაც მოახერხა) და ამ დეპუტატებს და მთავრობას ექნებათ პრობლემები დასავლეთთან ურთიერთობაში, ანუ სანქციების თემა არ გამორიცხა. ის, რომ ახლა ხელისუფლებამ რაიმე გამოსავალი ნახოს, ძალიან მეეჭვება",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „აგენტოკრატიამ საბოლოოდ ნიღაბი ჩამოიხსნა".

„აგენტოკრატიამ საბოლოოდ ნიღაბი ჩამოიხსნა, მანამდე საკუთარ რადიკალურ ზრახვებს ოსტატურად მალავდა. ძალიან დასანანია, რომ საქართველოში ღიად და აშკარად ლეგიტიმური ხელისუფლების ჩამოგდების პირველ ხაზზე დადგა. საღად მოაზროვნე დასავლელი პოლიტიკური წრეების წარმომადგენლების უნდა გვეიმედებოდეს, რადგან ეს სიშლეგე, რასაც ვხედავთ, უნდა დასრულდეს.

„მიეჩვიონ, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანაა, ამ სუვერენიტეტს არ დავთმობთ, ვინც არ უნდა ჩამოვიდეს, ეს პრეზიდენტები იქნება, პრემიერები თუ სხვა, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილი მასპინძლობს და რომელიც აცხადებს, რომ მოწინავე ფრონტის ხაზზეა და არჩევნებში ლიდერი იქნება. მაგრამ რეალურად სალომე ზურაბიშვილი ხომ ანტიგმირია საკუთარი კატასტროფული დაცემით ზნეობრივი-მორალური თვალსაზრისით.

„ეს ორომტრიალი გარკვეულ ეტაპზე გაგრძელდება, მაგრამ რევანშისტების ტოტალური დამარცხებით, მათ შორის სხვადასხვა ნაცპროპაგანდისტული საინფორმაციო წყაროები თავად დაიხურავენ ქუდს არაეფექტურობის გამო და მათი სპონსორები კარგად ხედავენ თუ ტოქსიკური ნაცპროპაგანდა როგორი ფუჭია ქართული საზოგადოებისთვის",- განაცხადა მან.

აბაშიძე ამბობს, რომ ვიზიტები, რაც ამ კვირაში განხორციელდა, კრიზისს უფრო აღრმავებს.

„ეს კრიზისს არა მხოლოდ კი არ აღრმავებს, არამედ საქართველოში რევოლუციური სცენარის წაქეზებაა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ამას რაღაც ეტაპზე წერტილი დაესმება საზოგადოების იმ მედეგი წინააღმდეგობით, რასაც ჩვენ ვხედავთ. საქართველოს საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ ემხრობა რევოლუციებს, არეულობას და დაპირისპირებას.

„ერთადერთი, რაც ვერაგი ნაცსექტისგან შეიძლება მოხდეს ისაა, რომ ვთქვათ, თავისიანიც კი გაწირონ, რათა გამოაჩინონ, რომ რომელიმე ახალგაზრდა მსხვერპლი გახდა „ქართული ოცნების" - ამ უბინძურეს ნაბიჯზეც წავლენ, მაგრამ ვინც ამ ნაბიჯზე წავა, კანონი ყველას პასუხს გასცემს", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანასთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×