თამთა ჩაჩანიძე
17.05.2024

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით თბილისში მასშტაბური მსვლელობა გაიმართა - ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრამდე. სამებაში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებთან ერთად სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა. მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და სხვა პოლიტიკოსებმა თუ ცნობილმა სახეებმა.

თბილისში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ცხენოსნები გამოჩდნენ. საზეიმო მსვლელობები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. რუსთავში ღონისძიება, რუსთავის ეპარქიისა და საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების რუსთავის სადროშოს ორგანიზებით გაიმართა, რის შემდეგაც მონაწილეებმა თბილისში გადმოინაცვლეს და სამებისკენ მსვლელობას შეუერთდნენ.

ვიცავთ ტრადიციულ, ოჯახურ ღირებულებებს, სათავე ამ ტრადიციისა არის თავად ღმერთი, - განაცხადა მეუფე შიომ ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ქადაგებაზე სამების საკათედრო ტაძარში.

„სიყვარული და ერთგულება ოჯახისადმი, რაც არის ღვთისგან მომდინარე სიწმინდე, გახდება საწინდარი ჩვენი ერის გამთლიანების და უთანხმოებათა დაძლევის. იმიტომ ვუწოდებთ ჩვენ ოჯახს სიწმინდეს, რომ ეს არის ღვთის მიერ დადგენილი ფორმა ყოფიერებისა და ცხოვრების. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ვიცავთ ტრადიციულ ღირებულებებს, ოჯახურ ღირებულებებს, აქ იგულისხმება არა ის, რომ ჩვენ წინაპრებისგან გადმოგვეცა მხოლოდ ეს ღირებულება, არამედ ის, რომ სათავე ამ ტრადიციისა არის თავად ღმერთი. ამიტომ ვიცავთ ჩვენ ასე და ვუფრთხილდებით ოჯახურ ღირებულებებს.

„ჩვენ დღეს ვხედავთ დღევანდელ მსოფლიოში ახალი სოციალური ტექნოლოგიების და გენდერული იდეოლოგიების გავლენით ოჯახი განიცდის დიდ ზეწოლას, მსოფლიოს ქვეყნებში, რომლებიც მოწინავედ იწოდება, პოლიტიკოსები იღებენ ისეთ კანონებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება მარადიულ, ღმერთისგან დადგენილ ზნეობრივ ნორმებს და საზოგადოების ცხოვრების ტრადიციულ წესსა და ყაიდას. მძიმე ცოდვა ცხადდება სიკეთედ და უფრო მეტიც, ღირსეულ ქმედებად და ადამიანის ქცევის ერთ-ერთ ნორმალურ გამოვლინებად. ეს შედეგად იწვევს ერების დემოგრაფიულ კლებას და ოჯახის განადგურებას.

„ჩვენ ვხედავთ ამ ტენდენციების საქართველოში გადმოტანის მაგალითებსაც და სურვილს. ამის ნათელი დასტური ის დიდი წინააღმდეგობა, რომელიც შეხვდა ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობის შემოთავაზებულ კანონპროექტს ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ, რომელიც გულისხმობს სოდომური ცოდვის პროპაგანდის აკრძალვას მოზარდებში და ბავშვებში", - განაცხადა მეუფემ.

მეუფე შიოს თქმით, დღევანდელ მსოფლიოში ახალი სოციალური ტექნოლოგიების და გენდერული იდეოლოგიების გავლენით ოჯახი განიცდის დიდ ზეწოლას და ვხედავთ ამ ტენდენციების საქართველოში გადმოტანის მაგალითებს და სურვილს.

„საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტი [„ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ"] და მცდელობა, რომ ჩვენი ბავშვები დავიცვათ მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორც შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე. არ უნდა დავუშვათ ჩვენს ქვეყანაში ასეთი გაუკუღმართებული აზროვნების დამკვიდრება, აუცილებლად უნდა მივიღოთ აღნიშნული კანონი", - მიმართა მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძართან შეკრებილ ადამიანებს.

რელიგიის საკითხთა სააგენტო მოქალაქეებს ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავს.

„დღეს, 13:00-ზე, საქართველოს ყველა ეპარქიაში. პარაკლისი აღევლინება - 17 მაისს ქვეყანაში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. სამშობლო, ოჯახი და ტრადიცია უმნიშვნელოვანესი ცნებებია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მიუხედავად რწმენისა თუ შეხედულებებისა. თბილისის ცენტრში, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მოქალაქეები და ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გადახდილი პარაკლისის შემდეგ, გაიმართება მსვლელობა სამების ტაძრის მიმართულებით, სადაც სამადლობელი პარაკლისი შესრულდება. ასე ეხმაურება ქვეყანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მოწოდებას, ერთად ვილოცოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობისათვის. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს, მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს ოჯახებსა და სამშობლოს!" -აღნიშნულია მილოცვაში.

„დღეს თბილისში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საქართველოს 100 ათასობით მოქალაქის გამოსვლით, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა - ახლა უკვე ოპოზიციას დაუდგება ჭეშმარიტების მომენტი, როდესაც მოუწევს თვალებში ჩახედოს რეფერენდუმში მონაწილე ხალხს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ახლა უკვე პარლამენტის ვალდებულებაა, რომ ხალხის რეფერენდუმი გადააქციოს კანონად.

„დღეს ბოლო დღე იყო საყოველთაო სახალხო განხილვის და თბილისში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 100 ათასობით საქართველოს მოქალაქის გამოსვლით, ფაქტობრივად, რეფერენდუმი შედგა. ქართველმა ხალხმა ამ კონსტიტუციურ კანონპროექტს თავისი გამოსვლით, ხმის გაგონებით მხარი დაუჭირა. ახლა უკვე პარლამენტის ვალდებულებაა, რომ ხალხის რეფერენდუმი გადააქციოს კანონად. დავიწყებთ კონსტიტუციური კანონის საპარლამენტო განხილვას. ახლა უკვე ოპოზიციას დაუდგება ჭეშმარიტების მომენტი, როდესაც მოუწევს თვალებში ჩახედოს რეფერენდუმში მონაწილე ხალხს, რომელიც საქართველოს ქალაქებში გამოვიდა და მიიღოს გადაწყვეტილება - დგას ქართველი ხალხის მხარეს თუ პატარა ჯგუფების მხარეს, რომლებიც ცდილობენ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ღირებულებები შეარყიონ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სამების ტაძართან შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა, მისი თქმით, ქვეყნის იდენტობის დაცვა არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა, თუმცა „არიან ძალები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ სიყვარულის სიძულვილით ჩანაცვლებას".

„გილოცავთ დღევანდელ დღეს. მოგესალმებით ჩვენი ძვირფასი ქვეყნის, საქართველოს თითოეულ შვილს, ჩვენს ძმებს და დებს. დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი. ეს არის ოჯახის სიწმინდის, ჩვენი ფასეულობების დაცვის დღე. ეს არის ჩვენი ქვეყნის იდენტობის, მამულის, ენისა და სარწმუნოების დაცვის დღე. ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის დღე და მინდა ყველას მოგილოცოთ ეს დღე, რომელიც არს ძალიან ამაღელვებელი თითოეული ჩვენგანისთვის, რომელმაც ჩვენი ქვეყანა გააერთიანა.

რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის იდენტობის დაცვა არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა. არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას. ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და ქრისტიანობის მთავარი ფასეულობა არის ადამიანებს შორის სიყვარული. არიან ძალები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ ჩვენს შორის სიყვარულის სიძულვილით ჩანაცვლებას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, თითოეული ჩვენი მოქალაქე გაერთიანდეს სიყვარულის გარშემო. ერთიანობა სიყვარულის გარშემო არის ის, რაზეც თითოეული ჩვენგანი უნდა ვზრუნავდეთ. ღმერთმა გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას სიყვარულით. სიყვარულით შეგვიძლია ასევე გავერთიანდეთ ჩვენს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. გაუმარჯოს ჩვენს ერთიან საქართველოს, რომელიც გაერთიანებულია სწორედ ადამიანებს შორის სიყვარულით. როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობებისა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის", - განაცხადა კობახიძემ.

ოჯახის სიწმინდის დღე რუსთავშიც საზეიმო მსვლელობით აღნიშნეს. ღონისძიება, რუსთავის ეპარქიისა და საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების რუსთავის სადროშოს ორგანიზებით გაიმართა. გამართულ მსვლელობაში, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ ოჯახთან ერთად, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წევრებმა, ჩოხოსნებმა, სასულიერო პირებმა, რუსთავში მოქმედი ტაძრების მრევლმა, მგალობლებმა, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა და ახალგაზრდებმა მიიღეს.

,,დღეს თითოეული ქართველისთვის და ჩვენთვის, მნიშვნელოვანი დღეა. ჩემთვის პირადად დედის და მამის სიყვარულის განცდა, ჩემი მეუღლის მშობლების სიყვარულის, პატივისცემისა და მადლიერების განცდა არის უდიდესი. მე და ჩემმა მეუღლემ კი ყველაზე ძვირფასი რაც შევქმენით, ჩვენი დიდი ოჯახია. ჩემთვის დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდ ღირებულებებს ეხება. მე საქართველოს ვუსურვებ ძლიერ ოჯახებს, რადგან ძლიერი ოჯახები ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მსვლელობაში მონაწილეობის მსურველები კოსტავას გამზირზე და გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ, სადაც სასულიერო პირებმა ღვთისმშობლის სადიდებელი პარაკლისი გადაიხადეს.

,,ოჯახი, ჩვენს ქართულ რეალობაში ის მთავარი ფუნდამენტი, ღერძი და ღირებულებაა, რამაც საქართველო დღემდე მოიყვანა და რაც ათასწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფს ქართული ტრადიციების დაცვას. დღეს ჩვენს ოჯახებთან და შვილებთან ერთად შევიკრიბეთ რუსთავში, პარაკლისის გადახდის შემდგომ კი თბილისში შევუერთდებით მთავარ მსვლელობას", - განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.

მსვლელობის მონაწილეები შემდეგ თბილისში, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისკენ გაემართნენ და წმინდა სამების ტაძრისკენ დაგეგმილ ლოცვით მსვლელობას შეუერთდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×