
ენმ დაანონსებული პარტიული ყრილობისთვის კვლავ ემზადება, თუმცა პროცესი ფინანსური სირთულეების გამო ჭიანურდება. პარტიამ მხარდამჭერებს საჯარო შემოწირულობის კამპანიით მიმართავს და აცხადებს, რომ მიზანი არა მხოლოდ ყრილობის დაფინანსება, არამედ ფინანსურად დამოუკიდებელი და გამჭვირვალე პარტიული მოდელის შექმნაა.
ცნობილი ხდება, რომ ენმ პარტიის შიდა რეფორმირების ორ ძირითად მიმართულებაზე მუშაობს. ერთ-ერთი პრიორიტეტი ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა, რათა, პარტიის ლიდერების განცხადებით, ნებისმიერი შემოწირულობა სრულად გამჭვირვალე და „ნებისმიერი გავლენისგან თავისუფალი" იყოს. მეორე მიმართულება კი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მხარდამჭერთა უფრო აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს.
პარალელურად, იგეგმება პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რის შემდეგაც უნდა განისაზღვროს ყრილობის ჩატარების წესი და აირჩეს პარტიის ახალი მმართველი ორგანო. ყრილობის შემდეგ დაიწყება ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი, რომლის ფარგლებშიც ახალი მმართველი ორგანო ძირეულ რეფორმებს მოამზადებს და განახორციელებს. ამ პროცესს წინ უძღვის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაც, პარტიაში „რეფორმატორთა საბჭოს" შექმნის შესახებ.
აქვე აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ პარტიის წევრმა ანა წითლიძემ პრეზენტაცია გამართა პარტიის რეფორმირებაზე, რომელიც ენმ-ში საწვერო გადასახადის შემოღებას ითვალისწინებს. ახალი კონცეფციის თანახმად, პარტია გადადის მცირე, რეგულარული შენატანების მოდელზე, რაც ამცირებს მსხვილი ფინანსური გავლენების რისკს და ზრდის ანგარიშვალდებულებას.
ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ენმ-ის ძველმა სპონსორებმა უარი თქვეს პარტიის დაფინანსებაზე, რადგან მათთვის ეს უკვე არამომგებიანი იყო. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს დიდწილად საბიუჯეტო დაფინანსების არქონას უკავშირდება.
რას აცხადებენ ენმ-ში
პარტიამ განცხადება 27 ივლისს გაავრცელა, რომ ფინანსური პრობლემები აქვთ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ემზადება პარტიის ყრილობისთვის, რომელმაც უნდა აირჩიოს პარტიის მმართველობის ახალი ორგანო და მოამზადოს ენმ დაანონსებული საფუძვლიანი რეფორმებისთვის.
„იმისათვის, რომ ეს პროცესი სრულად დამოუკიდებელი და ყრილობის მზადებისა და ჩატარების ყველა ეტაპი სათანადოდ უზრუნველყოფილი იყოს, ვიწყებთ პარტიის ფინანსური მხარდაჭერის საჯარო კამპანიას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და მხარდამჭერებს მოგმართავთ თხოვნით, მონაწილეობა მიიღოთ პარტიის ყრილობის ჩატარებისა და რეფორმირების ფინანსურ უზრუნველყოფაში. ამ პროცესში თითოეული თქვენგანის უშუალო მონაწილეობა გადამწყვეტია.
„საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემოწირულობის განხორციელება შეუძლია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს. მიმღები: ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა. გადარიცხვის დანიშნულებაში აუცილებლად უნდა მიუთითოთ: „შემოწირულობა", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების შემდგომ პარტიაში ახსნეს, თუ რას ემსახურება ეს კამპანია. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე ამბობს, რომ ორი მიმართულებით მუშაობენ.
„რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ, როგორ წარმოგვიდგენია პარტიის განვითარება, რაც ეყრდნობოდა ორ ძირითად კომპონენტს. პარტიის წევრთა ფართო მონაწილეობას პარტიის საქმიანობაში - შემოგვაქვს დამატებითი მექანიზმი, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში პარტიის წევრების უშუალო მონაწილეობას გულისხმობს. ამასთან დაკავშირებით გვაქვს განხილვა, როგორ მოხდეს ტექნიკურად, ელექტრონულად, აპლიკაციის მეშვეობით თუ სხვა გზით;
„მეორე კომპონენტი უკავშირდება პარტიის ფინანსურ დამოუკიდებლობას. ეს უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი პარტიის დამოუკიდებლობისთვის, რათა ნებისმიერი გავლენისგან თავისუფალი იყოს. ამის მთავარი გარანტი არიან სწორედ პარტიის წევრები. გუშინ დავიწყეთ ეს პროცესი. „ნაციონალური მოძრაობის" ათასობით მხარდამჭერმა დონაცია გააკეთა „ნაციონალური მოძრაობისთვის" და იმ იდეისთვის, რასაც ემსახურება „ნაციონალური მოძრაობა". განსაკუთრებულად გამოვყოფ ჩვენს ემიგრაციას. ასევე განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობაში" რიცხავენ ხუთ, ათ, ოც ლარს და ასეთი რაოდენობის თანხას", - განაცხადა წითლიძემ.
მან პარტიის გეგმებზე და მომავალ ყროლობაზეც ისაუბრა:
„პირველ რიგში, გაიმართება პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელმაც უნდა დაადგინოს წესი, როგორ ჩატარდეს ყრილობა. შემდეგ იქნება ყრილობა, რომელმაც უნდა აირჩიოს მმართველობითი ორგანო და ექვსთვიან გარდამავალ პერიოდში მოამზადებს პარტიას ძირეული რეფორმებისთვის".
მანამდე ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" მიმართა, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო", რომლის თავმჯდომარეც თავად სააკაშვილი იქნება, ხოლო ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს საბჭოს აღმასრულებელი მდივნის პოზიციაზე განიხილავს. მისივე თქმით, ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა, სადაც პარტიის წევრების გარდა, კარს ფართოდ გაუხსნიან სხვებსაც.
რატომ ითხოვს შემოწირულობას ენმ
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძის აზრით, ენმ-ის ეს განცხადება ნიშნავს, რომ პარტიამ „კონტაქტები დაკარგა" იმ ადამიანებთან და ორგანიზაციებთან, ვინც მათ აფინანსებდა.
„შემოწირულობების მოთხოვნა პარტიისთვის კარგს არაფერს ნიშნავს. ასეთი განცხადებით როცა გამოდის პარტია, ესე იგი კონტაქტები დაკარგა იმ ადამიანებთან და სტრუქტურებთან, რომლებიც ადრე აფინანსებდნენ. რამდენი პარტიაა და განცხადებებს არ აკეთებენ - გვიშველეთო.
- რამაზ საყვარელიძე: „შემოწირულობების მოთხოვნა პარტიისთვის კარგს არაფერს ნიშნავს. ესე იგი კონტაქტები დაკარგა იმ ადამიანებთან და სტრუქტურებთან, რომლებიც ადრე აფინანსებდნენ."
„ბიზნესიუნდა ხედავდეს, რომ დღეს ფულის ჩადება მისთვის მომგებიანია ამა თუ იმ პოლიტიკურ სტრუქტურაში. აქამდე ბიზნესმენებს ჰქონდათ მათი იმედი, რომ მათ ამ პარტიას მომავალი ექნებოდა. როგორც ჩანს, ახლა უკვე ეს იმედი დაკარგეს. მარტო კეზერაშვილი და ნაყოფია არ იქნებოდნენ, ალბათ სხვებიც იყვნენ, რომლებიც არც ჩანან. თუმცა, ნებისმიერ პარტიას აფინანსებენ და ეგ მიღებული პრაქტიკაა", - განაცხადა საყვარელიძემ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ფინანსების პრობლემა ერთის მხრივ იმ ფაქტმაც გააჩინა, რომ არჩევნების ბოიკოტის შემდეგ პარტია ბიუჯეტიდან აღარ ფინანსდება. გარდა ამისა, ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ გარკვეულ დონორ ორგანიზაციებზე ზეწოლა იყოს ხელისუფლების მხრიდან.
„დაფინანსების მხრივ პრობლემაა. თავის დროზე, როცა ოპოზიციური პარტია იყო და საპარლამენტო ოპოზიციას წარმოადგენდა, ბიუჯეტიდან ყოველ წელს მილიონი ლარი ეკუთნოდათ. შესაბამისად, „ნაცმოძრაობას" გააჩნდა ის კონკრეტული ფინანსური შესაძლებლობა, რომ თუნდაც იგივე ჰქონოდა საკუთარი ოფისი, იქ კომუნალური ხარჯები დაეფარა, ხელფასები გადაეხადა და ა.შ. პლუს, იქ გარკვეული ორგანიზაციები იყო, კერძო პირები, რომლებიც აფინანსებდნენ.
- ნიკა ჩიტაძე: „კეზერაშვილისა და ნაყოფიას ნაცვლად ვერ ვისაუბრებ ამ შემთხვევაში, თუ რა და რატომ მოხდა. გარდა ამისა, ბევრი ორგანიზაციის ანგარიშია დაყადაღებული, გარკვეულ ორგანიზაციებზე კი ხელისუფლების მხრიდანაა ზეწოლა".
„ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ საბიუჯეტო დაფინანსებაც იყო და სხვა დამფინანსებლებიც. კეზერაშვილისა და ნაყოფიას ნაცვლად ვერ ვისაუბრებ ამ შემთხვევაში, თუ რა და რატომ მოხდა. გარდა ამისა, ბევრი ორგანიზაციის ანგარიშია დაყადაღებული, გარკვეულ ორგანიზაციებზე კი ხელისუფლების მხრიდანაა ზეწოლა", - განაცხადა ჩიტაძემ.
რას ნიშნავს „ნებისმიერი გავლენისგან თავისუფალი"
რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ ძველი დამფინანსებლები პარტიაზე გავლენას მოპოვებას ცდილობენდენ და „ეს გასაკვირი არაა".
„ეგ თავისთავად ყოველთვისაა და გასაკვირი არაა. ტრამპზეც არის ლაპარაკი, რომ ალბათ ტრამპი მოქმედებს არა მარტო თავისი, არამედ იმ ჯგუფების ინტერესებით, ვინც მას ფინანსური დახმარება გაუწია არჩევნების დროსო. გასაკვირი უფრო ის არის, რომ ამაზე ღიად მსჯელობს პარტია", - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".
მისივე აზრით, ენმ-ის მიერ ფინანსების დაკარგვა, დიდი ალბათობით, სააკაშვილის გააქტიურების შედეგია - ბიზნესმენებს ის წამგებიან ფიგურად მიაჩნიათ და აღარ უნდათ პარტიის დაფინანსება.
„ვხედავთ, რომ მიტინგების დროს თავად ოპოზიციონერებს სააკაშვილის სურათები არ მოსწონთ. თვითონ სააკაშვილის ფიგურა აჩენს პოლიტიკურ პესიმიზმს, მათ შორის ბიზნესმენებში, ანუ აფრთხობს მათ. ბიზნესისთვის 20%-ზე მუშაობა არაფერი არ არის. ბიზნესი პარტიას რომ აფინანსებს, მას სჭირდება, რომ ეს პარტია რეიტინგით ხელისუფლებას მიუახლოვდეს. მით უმეტეს, თუკი პარტიამ თავის დროზე უარი თქვა საერთოდ პარლამენტში შესვლაზეც, ესეც ერთი ის ნაბიჯია, რომლითაც ისინი ბიზნესის მხარდაჭერას კარგავენ.
„თუკი პარტია დღესვე ძალაუფლების მოპოვების შანსს კარგავს, ან სამომავლოდ კარგავს ასეთ პერსპექტივას, ბიზნესს რაში სჭირდება ფულის ჩაყრა?", - ამბობს საყვარელიძე.
კითხვაზე, რამდენად დასაშვებია ის ფაქტი, რომ თავად ენმ-მ უთხრა უარი ბიზნესმენებს დაფინანზებაზე, საყვარელიძემ გვითხრა:
„და მერე რითი უნდა იარსებოს პარტიამ? ამის გაკეთება პარტიის მხრიდან ლოგიკური არაა. მე მაინც უფრო იმ ანდაზის მაგვარი რამ მგონია - „კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო". მემგონი მათ ბიზნესმენებმა უთხრეს უარი და მერე პოლიტიკოსებმა განაცხადეს - არ გვინდა ჩვენ ბიზნესმენები, დამოუკიდებლები უნდა ვიყოთო".