
რუმინეთის საჰაერო ძალების F-16 თვითმფრინავმა რუმინეთის ტერიტორიული წყლების თავზე, სულინა-ჩილიას მიდამოებში, დრონი ჩამოაგდო, - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი სოციალურ ქსელში წერს. „ვულოცავ რუმინელ პილოტებს და სახმელეთო ჯგუფებს პროფესიონალიზმს, გამბედაობასა და ეფექტურობას, რომლითაც ისინი ასრულებენ თავიანთ მისიებს. ისინი, თავიანთი ქმედებებით, ხელს უწყობენ ეროვნული ტერიტორიის დაცვას და რუმინეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას", - აცხადებს რუმინეთის პრეზიდენტი.
მისი თქმით, გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, პარასკევს დილით ჩამოგდებული დრონი შაჰედის ტიპისაა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომში იყენებს. გუშინ და დღეს ჩამოგდებული დრონების შესახებ კი გამოძიება გრძელდება.
„რუმინეთის დიპლომატიური პროტესტი რუსეთის ფედერაციის მიმართ ამ გამოძიებებს დაეფუძნება. დაუშვებელი და მიუღებელია ის, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევას, რომელიც ერთდროულად ნატო-ს და ევროკავშირის საჰაერო სივრცეა. მსგავსი ქმედებები მიუღებელია და ჩვენს მოკავშირეებთან ერთად უდიდესი სერიოზულობით ვეკიდებით", - წერს რუმინეთის პრეზიდენტი.
სამხედრო და გეოპოლიტიკური ანალიტიკოსების შეფასებით, რუმინეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების სისტემატური შეჭრა რამდენიმე კომპლექსური ფაქტორითა და სტრატეგიული მიზნით არის განპირობებული. ერთ-ერთია დუნაის პორტებზე დარტყმების ინტენსივობა.
რუსეთი აქტიურად უტევს უკრაინის საექსპორტო ინფრასტრუქტურას (იზმაილის, რენისა და კილიას პორტებს). ეს ობიექტები უშუალოდ რუმინეთის საზღვართან მდებარეობს. დრონები ხშირად უახლოვდებიან საზღვარს, რათა უკრაინულ საჰაერო თავდაცვას გვერდი აუარონ. მათი აზრით, უკრაინული საჰაერო თავდაცვის მიერ სიგნალების აქტიური ჩახშობის გამო „შაჰედის" ტიპის იაფფასიანი დრონები ხშირად კარგავენ კოორდინატებს და უნებლიედ რუმინეთის ტერიტორიაზე გადადიან.
ექსპერტები მიუთითებენ, რომ მოსკოვი მიზანმიმართულადაც იყენებს ამ ინციდენტებს, რათა შეამოწმოს, რამდენად სწრაფად და რა მეთოდებით რეაგირებს ნატო-ს აღმოსავლეთ ფრთა. ასევე, სად გადის ალიანსის „წითელი ხაზები" - გახდება თუ არა ერთი ან რამდენიმე დრონი ნატო-ს მხრიდან პირდაპირი საპასუხო ზომების მიღების მიზეზი.
ექსპერტთა შეფასებით, პროცესების ესკალაციას შესაძლოა რამდენიმე სერიოზული შედეგი მოჰყვეს. თუკი საჰაერო სივრცის დარღვევები რეგულარულ ხასიათს მიიღებს, რუმინეთს აქვს სრული უფლება მოითხოვოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლის ამოქმედება. ეს გულისხმობს ალიანსის წევრებს შორის გადაუდებელ კონსულტაციებს, როდესაც საფრთხე ემუქრება რომელიმე წევრის ტერიტორიულ მთლიანობას ან უსაფრთხოებას.
ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ რუმინეთმა ეს მოითხოვოს. ნატო იძულებული გახდება კიდევ უფრო გაძლიეროს საჰაერო პატრულირების მისია. ეს ნიშნავს რუმინეთში დამატებითი ავიაგამანადგურებლებისა და მზვერავი თვითმფრინავების განთავსებას.
გარდა ამისა, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ სახმელეთო საჰაერო თავდაცვის, მაგალითად „პეტრიოტები" მჭიდროდ განლაგონ უშუალოდ დუნაის საზღვართან. სულინა-ჩილიას მონაკვეთი შავ ზღვასა და დუნაის შორის უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო დერეფანია.
ანალიტიკოსების აზრით, ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებმა ან უმართავმა იერიშებმა შესაძლოა დააზიანოს სამოქალაქო გემები, პორტები ან საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა (როგორც ეს უკვე მოხდა გალაცში). ყველაზე ცუდი სცენარით, თუ რუსული დრონი დასახლებულ პუნქტს დაეცემა ან მსხვერპლს გამოიწვევს, ალიანსი იძულებული გახდება მიიღოს მკაცრი საპასუხო ზომები (მაგალითად, ნატო-ს საჰაერო თავდაცვის ზონის გაფართოება უშუალოდ უკრაინის სასაზღვრო ზოლის თავზეც), რაც რუსეთთან პირდაპირი სამხედრო ხახუნის რისკს მკვეთრად გაზრდის.