
ირანი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ვინც არასწორ ცნობებს კითხულობთ, იცოდეთ, რომ მათი საქმეები ძალიან ცუდად არის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ჩვენ დიდებული ჯარი გვყავს. ჩვენ ის პირველ ვადაში აღვადგინეთ, ახლა კი, მეორე ვადაში ვენესუელასთან, სხვა ადგილებთან და უკვე ირანთანაც ვიყენებთ. ირანი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. არასწორ ცნობებს ვინც კითხულობთ, იცოდეთ, რომ მათი საქმეები ძალიან, ძალიან ცუდადაა. მათ გაუჭირდათ. ისინი ძალიან არაკეთილსინდისიერები იყვნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-სა და ისრაელს შორის „ურთიერთგაგებაა“ ღაზაში სამშვიდობო შეთანხმების განხორციელების დაწყებაზე, რომელიც ისრაელის ჯარების მიერ ღაზის დატოვებას და „ჰამასის“ მხრიდან განიარაღებას ითვალისწინებს.
მისივე თქმით, ისრაელმა შეთანხმება „ძალიან კარგად“ მიიღო.
„ისრაელი ამით ძალიან კმაყოფილია. უმეტესობა ფიქრობდა, რომ ამ შეთანხმებას ვერასდროს მივაღწევდით. რა თქმა უნდა, ეს პროცესი კიდევ გაივლის ცვლილებებს. ვითარება იქ ძალიან რთულია, იქაური ხალხიც რთულია. ზოგ შემთხვევაში საოცარი ხალხია, ზოგ შემთხვევაში არც ისე“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა უარყო ვარაუდი, რომ მინესოტაში მომხდარი კიბერშეტევის უკან ირანი იდგა და შემთხვევის მიზეზად შტატის ხელისუფლების „არაკომპეტენტურობა“ დაასახელა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „მშვიდობის საბჭომ“ ღაზაში „ჰამასისა“ და სხვა შეიარაღებული ჯგუფების სრულ განიარაღებაზე ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია. შეთანხმების მიღწევა დაჯგუფებამაც დაადასტურა. როგორც „ჰამასში“ აღნიშნეს, განიარაღების შეთანხმების პირველი ეტაპი ისრაელმა ღაზიდან სამხედრო ძალების გაყვანით უნდა დაიწყოს.