რეზონანსი
21.09.2026

მამა შალვა კეკელიამ ნოე სულაბერიძის გადაცემაში აღსარების საიდუმლოზე და იმ უმძიმეს ისტორიებზე ისაუბრა, რომელთა მოსმენაც მას, როგორც მოძღვარს, წლების განმავლობაში მოუწია. მისი თქმით, მღვდელს შეიძლება განსაკუთრებით მძიმე ცოდვის მოსმენა გაუჭირდეს, თუმცა არ აქვს უფლება, აღსარებაზე მისული ადამიანი განსაჯოს. მამა შალვამ მძიმე ცოდვებზე და მოძღვრის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

"ჩემთვის იყო რამდენიმე მძიმე ცოდვა, რომლითაც არ მინდოდა, ადამიანი ჩემთან მოსულიყო. ეს იყო ის, რაც თქვენ ახსენეთ - ეს უმძიმესი ცოდვა [პედოფილია]; კიდევ ერთი მძიმე ცოდვა იყო შვილთან ურთიერთობა და მესამე ერთ-ერთი იყო მამათმავლობის ცოდვა... ეს უმძიმესი ცოდვებია ჩემთვის. ნებისმიერი ცოდვა სიკვდილია, მაგრამ ცოდვებშიც არის რაღაც საფეხურები, განსხვავება საფეხურებში და ეს ცოდვები კიდევ უფრო მძიმეა და ძალიან დამანგრეველია ადამიანის სულისთვის.

მახსოვს, როდესაც მღვდლად მაკურთხეს და მოვედი ეკლესიაში, პირველი ადამიანი, რომელიც თავისივე ნებით მოვიდა ჩემთან აღსარებაზე, იყო მამათმავალი. პირველი ადამიანი. ანუ ღმერთმა დამანახა, რომ შენ ვერ გადაწყვეტ, ვინ მოვა შენთან. მე ვისაც შენთან მოვიყვან, შენ ვალდებულება გაქვს, როგორც მოძღვარმა, ყველა ადამიანს უპატრონო, ყველა ადამიანს მიხედო და მოუარო.

მოძღვარი ყველა ცოდვის მიმართ რადიკალურად უნდა იყოს განწყობილი, იმიტომ, რომ მოძღვარმა ზუსტად იცის, ცოდვა რა შედეგამდე მიდის, როგორ კლავს ადამიანს და როგორ ანადგურებს ადამიანის სულს ნებისმიერი ცოდვა; მაგრამ არც ერთი ცოდვილის მიმართ მოძღვარს არ უნდა ჰქონდეს ცუდი დამოკიდებულება, იმიტომ, რომ შენ ყველა უნდა მიიღო და ყველაზე უნდა იზრუნო“.

საუბარი შემდეგ აღსარების საიდუმლოს შეეხო. ნოე სულაბერიძემ მამა შალვას ჰკითხა, როგორ იქცევა მოძღვარი, თუ ადამიანი აღსარებისას მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულს უმხელს.

„მივიღებ აღსარებას და მე ვერ გავცემ. აღსარების გაცემაზე მძიმე ცოდვა მოძღვრისთვის არ არსებობს. იმიტომ, რომ წარმოიდგინეთ, ადამიანი მოდის შენთან და გიმხელს იმ რამეს, რასაც საკუთარ თავთანაც ვერ ამხელს“.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა მოძღვარს ასეთ ადამიანს ურჩიოს, თავად მივიდეს სამართალდამცავებთან და დანაშაული აღიაროს, მამა შალვა ამბობს:

„კი, მე მიმიცია ასეთი რჩევა. ერთი შემთხვევა მაქვს: ერთმა ადამიანმა მოკლა ადამიანი და სხვა დაიჭირეს ამ მკვლელობაზე. ეს ადამიანი არ დაიჭირეს და მოვიდა ჩემთან, აღსარება ჩააბარა. მას ვთხოვე, რომ წასულიყო და სიმართლე ეთქვა, იმიტომ, რომ სხვა ადამიანი ტყუილად იჯდა ციხეში. ეს ადამიანი წავიდა და აღიარა თავისი დანაშაული. ის ადამიანი გამოვიდა ციხიდან და ეს ადამიანი ჩაჯდა ციხეში. დღეს ეს ადამიანი არის ჩემი აღმსარებელი და ჩემი მრევლი“.

ნოე სულაბერიძე დაინტერესდა, რა იყო ყველაზე მძიმე, რაც მამა შალვას აღსარების დროს მოუსმენია.

„ყველაზე მძიმე ცოდვაა შვილთან ურთიერთობა... მამის და შვილის. ძალიან რთული იყო. მოსასმენადაც რთული იყო და ამ ადამიანთან ურთიერთობაც ძალიან დამიმძიმდა. მერე ძალიან ბევრს ვლოცულობდი, რომ ამ ადამიანთან ურთიერთობა შემძლებოდა. ეს იყო წარსული ცოდვა. ძალიან რთული იყო ჩემთვის ამ ადამიანის მოსმენა. მაშინ ახალნაკურთხი მღვდელი ვიყავი და ძალიან გამიჭირდა. მერე პატრიარქსაც ვესაუბრე და პატრიარქმა დამარიგა და ძალიან დამეხმარა, იმიტომ, რომ ძალიან მიჭირდა ამ ადამიანთან ურთიერთობა“.

მამა შალვას თქმით, ეს ადამიანი ცოცხალია და მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა, თუმცა ჩადენილისთვის არასოდეს გასამართლებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×