
ელისო ვირსალაძე სცენაზე და გენიალური შესრულება, რომელიც წლებთან ერთად, ქართველი მსმენელისთვის უფრო ძვირფასი ხდება.
84 წლის პიანისტს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე თელავში უწყვეტი აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
უბადლო საშემსრულებლო ტექნიკით, ღრმა ემოციით და გენიალური ინტერპრეტაციებით გამორჩეულ ხელოვანს მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო და საპატიო წოდება, თუმცა მისი მთავარი ჯილდო მსოფლიო აღიარებაა.
42 წლის წინ, სწორედ მისი ინიციატივით დაარსებული ფესტივალი, წლების შემდეგაც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, როგორც თავად პიანისტის შემოქმედებით ცხოვრებაში, ისე ქართველი მსმენელის მეხსიერებაში.
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში წელსაც მრავალფეროვანი პროგრამით დაბრუნდა. ინსტრუმენტული მუსიკის კონცერტზე მსმენელის წინაშე ქართველი პიანისტი და საქართველოს სიმფონიეტა, იტალიიდან მოწვეული სტუმრის, ჰობოისტ სერჯიო აზოლინის მონაწილეობით წარდგნენ. კონცერტს არიელ ცუკერმანი დირიჟორობდა.
ფესტივალის ფარგლებში ხუთი კონცერტია დაგეგმილი. თელავის დრამატული თეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე ქართველი და უცხოელი მუსიკოსები წარდგებიან. ერთკვირიანი მუსიკალური საღამოების პარალელურად, ჩატარდება მასტერკლასები, საუბრები მუსიკაზე, დაგეგმილია მოზარდ მაყურებელთა თეატრის გასტროლი.
ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და 26 სექტემბრამდე გაგრძელდება.